დახუჭობანა

ვიხილები და მოვდივარ!
სულ ცოტაც, თვალებს გავითავისუფლებ!

წელში მოხრილი შედედებულ წყვდიადს დავაქცევ –
მიწა შეინახავს.
ჩიტებსაც მიწა შეინახავს –
ჩაბრუნებულ კადრებს
შეკედლებული სიზმრებისას,
დაეცა და თვალები გავუღე, შემოვუშვი
რაც დიდი ხნის წინ დაივიწყეს,
რასაც თვალი არ მიადევნეს.
სულ ცოტაც და გავიხილები!
თვალებს მიწით გავისუფთავებ,
დამბალ ხავსს ქვიშით ჩამოვხეხავ
და ბალახებს ჩავაფენ შიგნით.

ჩადექი მანდ!
ფრთები მზის სხივებს გაუშალე,
ხმელი ბალახის სურნელია რაც მომენატრა,
რაზეც ვფიქრობდი.

ვიხილები და მოვდივარ – დავითვალე!
ჩემს ზურგს უკან არ ისმის სუნთქვა,
ხელებიც ბევრი ვაფათურე.
სულ ცოტაც, თვალებს გავითავისუფლებ –
უკანასკნელად გაგაფრთხილე
და ვიდრე სინათლეს შევეჩვევი,
შეგიძლია გვერდით ჩამიარო – ვერ გავიგებ!
რაც უთქმელია, შევინახავ. მიწა შეინახავს!
ჩიტებსაც მიწა შეინახავს!

ყველა ტყუილი ამიცხადდა, რაც ჩავიფიქრე
და ასე, მორჩა –
რაც ვერ ვთქვი, ვერ დავმარცვლე,

რაც მზეს ვერ მივუფიცხე.
მკითხეს – ამ მინდორში რა არის შენი,
მწვანე ბალახი, ყვავილები, ასკილის ბუჩქი?!
შენ შენი, ჩვენი ჩვენ დაგვიტოვე! –
მერე გაფრინდნენ, ზოგი მაშინვე ჩამოვარდა,
ზოგიც მას შემდეგ, რაც ერთმანეთი დაეკარგათ
და ვერ იპოვეს.
ყველა წყვდიადში ჩაიძირა, ყველა დაიხრჩო.

ერთი, ორი, სამი.
ვიხილები და მოვიდვარ!

სულ ცოტაც, თვალებს გავითავისუფლებ!
ნუ მკითხავ, რა გამიკეთებია,
ნუ მკითხავ, რა არის, რაც ჩემია. –
ლითონისფერი სინათლეა,
მეტალის ფრთებიდან არეკლილი
რაც წყვდიდში ვერ შევიკავე, რაც მომენატრა.
რაც როგორც იქნა გავიხსენე – სიყვარული.
სიყვარული შოშიების გადაფრენაა!
გზად შევჩერდებით, ყურს მივუგდებთ –
შრიალებს, შრიალებს.

 

 

 

1 2 3 4 5 6