სენსაცია

სენსაცია!
იმედი ცოცხალი ორგანიზმია! –
დაიწერა გაზეთებში.
იმედი მხოლოდ თეოლოგიური სათნოება არ არის! –
გადმოსცა რადიომ.
იმედის ფორმის არსებობას

ყველაზე ხშირად ვხვდებით კატებში! –
დაამტკიცეს ბრიტანელმა მეცნიერებმა.

ჩვენი ოთახის,
ჩვენი ეზოს,
ჩვენი ქუჩის კატები.
კატები, რომლებსაც უყვართ მოფერება
და უყვართ ჭამა;
კატები, რომლებსაც არ უყვართ მოფერება
და უყვართ ჭამა,

და უყვართ ძილი,
და ცოტა უჟმური კატებიც კი
არიან იმედების მატარებლები.

ამ უცნაური ცნობიდან, მალე,
მეორე დილას,
უამრავი დამხრჩვალი კატა აღმოაჩნეს
სადარბაზოებში,
მიწისქვეშა გადასასვლელებში,
ქუჩის კუთხეებში.
კატები იყვნენ შავები და თეთრები,
შავ-თეთრები, ყვითლები, უბეწვოები,
ზოგს ცალი თვალი ლურჯი ჰქონდა
და ცალი მწვანე.

მთელი კვირა,
მთელი თვე,
მთელი წელი ხოცავდნენ კატებს.
ქალაქმა თითქოს პირი შეკრა
და რაღაც, ძველი სატანური აქტის მიხედვით
მოიკლა თავი.

 

 

1 2 3 4 5 6