მუმია

 

თავდაპირველად ჰამაკი აღვსილი იყო
უთმო და სიმღერის ვერშემძლე ბალღებით
თავდაპირველად ყვირილი იყო მარადის
თავდაპირველად ტკივილი მქონდა
თეძოში და ნაწიბური შუბლზე
თავდაპირველად ცას ავხედე ის
ღრუბელთა ხომალდებით მოფენილიყო
ვეზერში რომ ირეკლებოდნენ
მდინარის გემის კვალით გახლეჩილები
თავდაპირველად ფარვანა ვიყავ მიმტანი ვიყავ სკვო
ხანდახან თითქოს მშობლებისგან მოტყუებული
ჩემს პატარა ბავშვურ ზურგს უკან
მონდომებით რომ იცინოდნენ
და თავს ყველაფერს უკეთ ართმევდნენ
ვიდრე შემეძლო მე გამერთმია
და ეს უკვე მაშინ ვიცოდი

და ღამეობით ჩემს სარდაფში
დერეფნის ბოლოს სადაც კუები ბინადრობენ
ოკეანის მუზეუმში აქვე ვაგზალთან
ღამღამეობით უფეხურა როცა დაფრინავს
ეს საზარელი აჩქამება
ისევ და ისევ მჩიჩქნის ხოლმე ტვინის ნაოჭებს

მეფისწული ვარ
და კულულები ჩემი წითელი მიწას ჩამოსწვდნენ ლამის
აგერ დადექი ესე გქონდეს ეგ მკლავი ცოტა
მარცხენა უნდა მოიხაროს
მარჯვენა დაბლა ჩამოუშვი წინააღმდეგ შემთხვევაში
სურათი ჩარჩოს ააფეთქებს
და ნუ ვიდავებთ განაცხადა დედოფლის დედამ
სულ რომ მხატავდა დასაწყისში
ეს ტიიაა დედათა დედა
ის ცხელ ეგვიპტურ საჭმელს ხარშავდა
თავდაპირველად ათასი ვიყავ და მარტოდმარტო
და ციებისგან სულ მოთენთილი
თავდაპირველად ვიყავ ახალშობილი
და ოდინდელი

 

1 2 3 4 5 6 7 8