***

მე დავწერ შენზე შენ არ იქნები
ყველა გაიგებს შენ გარდა შენზე
რომ ვწერდი ჩემი მშრალი წიგნები
როცა გაიგებ ვერაფერს შეცვლის

მე დავწერ შენზე და გაგაბევრებ
და გაგიხშირებ გულში თუ ხელში

და ეს სიმშვიდე ამონაბერი
ვერაფერს ვერ შლის

 

 

***

*
არცერთ სინანულს მივუყვანივარ ცრემლებთან. ცრემლებს
სიხარული თუ მომგვრის. ალბათ ჯერაც წინ არი
სირცხვილი, რომლის დაჟინებით, როგორც მდინარე
ზღვას შეერევა, მე – გრძნობების გამხელის მერე,
ვით დამნაშავეს, ჩემი თავი მაუჩინარებს.

*
შენ კარგად იცი, რამდენ კიბეს, შევძლებ, უხლებლად
გადავაბიჯო. ისიც იცი, როგორ არ მინდა,
რამე იცოდე ჩემზე. ვყვირი : ყველა წავიდა.
იცი, მრცხვენია და ამიტომ ვყვირი. მუხლები
მტკივდება ასეთ ამინდებში, თუმც არც თავიდან
არ მიფიქრია გაქცევაზე. ნუ შეწუხდები,
ჩემს დარწმუნებას ნუ დაიწყებ, თითქოს გაქცევა
სუსტის საქმეა. თითქოს ვინმე რამეს მიელის
ჩემგან და თუკი გავაკეთებ ასეთ არჩევანს,
მძიმედ გამყვება სიმსუბუქე სიცარიელის.

*
ისევ აქ ვდგავარ. არაფერი ჯერ არ შეცვლილა.
თითქოს საშველად, მინათებდნენ ახლა ჩირაღდნებს,
ფანჯრებიდან, ან მიაჩნიათ რამე მხეცი ვარ
და ცდილობენ, რომ ასე მაინც გავუჩინარდე.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7