***

მერე ჩვენ რა ვქნათ თუ ყველა ეჭვი მართალი აღმოჩნდა

ეჭვებს რომლებსაც არასოდეს ვთვლიდით სიმართლედ

სად წავიღოთ თავები
და რას ვახალოთ გულები

მერე რა ვქნათ თუ ვინც გვიყვარს ვეღარავისზე ვიეჭვიანებთ

თუ ვისი იმედიც გვაქვს უტყუარები გამოდგებიან

სად ვახალოთ გულები

ჩვენ ვინც ვკვდებით სიყვარულით
და ვისრუტავთ ადამიანებს

ხელის გულებით ვეზომებით
და მათი ხაზებით ვეკვეთებით ცხოვრებას

და მერე რა ვქნათ თუ ყველა ხაზი დაემთხვევა
თუ ყველა გული ტოლი იქნება

ჩვენ რა ვქნათ ზღვებმა

რა ვქნათ ქვიშებმა

მკვლელებმა და თვითმხილველებმა
მკვლელებმა და თვითმკვლელებმა

მერე ჩვენ რა ვქნათ თუ ყველა ეჭვი მართალი აღმოჩნდა
რომლებსაც ჩვენი მახინჯი გულებიდან ვიწოვდით

 

1 2 3 4 5 6 7