***

არც ისე რომანტიულ, არც ისე მარტოსულ
აჩრდილად დაგირჩი. აჩრდილად დამტოვე.
და რომ მომიყვანო თუნდ ათიათასი
მიზეზი რატომაც – მკიდია! მარტო ვარ.

და მთელი სეზონი მეყოფა საწერად,
სეზონი – წვიმების, წყლიანი მზეების.
ხან ვინმე თუ მოვა – ფარდის გადამწევი
ოთახში, რომელშიც კვლავ განისვენებენ

უშენო დღეები და შენი ნივთები,
ნივთები, რომლებსაც ვერაფერს ვუმალავ,
თუ როგორ ვქრები და თუ როგორ ვინთები,
რა უნდა გაიგოს კეთილმა სტუმარმა.

კეთილი სტუმარი თავის გზას მოძებნის,
რადგან მე არა მაქვს არცერთი ადგილი.
ასე მხიარულად როგორ ვიხოცები,
ვინ უნდა გაიგოს. ბნელი ბუნაგივით,
მისატოვებელი და კომფორტული ვარ.
ოთახი ცისფერი. ოთახი უშენო.
მისატოვებელი და კომფორტული ვარ.
თავს უნდა უშველო.

 

 

1 2 3 4 5 6 7