სიკვდილის ბუზი დამაჯდა, უცებ იტყვის ხოლმე ჩემი ქართველი ბებია. სადაა, სად, ერთი დავიჭირო და მივაკლა. პატარაობაში მჯეროდა სიკვდილის ბუზის არსებობისა: ის სხვა, ჩვეულებრივ ბუზებთან შედარებით უფრო მსხვილია, ბრჭყვიალა, მწარე იასამნისფერი, ბანჯგვლიანი ფეხებით, უფრო ტლანქი, საზიზღარი და განსაკუთრებით ბებიაჩემი უყვარს, რადგან ბებია ყველაზე ფუშფუშაა. მას მინდვრის ყვავილებისა და გოზინაყის სუნი ასდის, მან მთელ საქართველოში საუკეთესო საცივის მომზადება იცის,  მკლავები და მკერდი ფელამუშივით ლბილი აქვს,  ჯიბეებში ყოველთვის კანფეტები უწყვია, ისეთები, მაღაზიებში რომ არ იყიდება, ბებიაჩემი გემრიელია, ქვაბში ახლახან ამოვლებული ჩურჩხელის წვერიდან დაწვეთებული ფელამუშივით. ბებიაჩემს ყოველ წელს ჰგონია, რომ მაისში მოკვდება. პატარაობისას სიზმარში თავისი გარდაცვლილი ბებიისთვის უკითხავს: როდის მოვკვდებიო? იმასაც უფიქრია, უფიქრია და – მაისშიო – უთქვამს.  ყოველ წელს მაისში სიკვდილის ბუზი მოდის – შემოფრინდება ჩვენს სახლში და ბებიაჩემს მკერდზე აჯდება. ყოველ წელს მაისში იასამნის სუნი შემოდის ჩვენს სახლში და მე თავს დამნაშავედ ვგრძნობ,  რადგან  მაისი მიყვარს.

– როგორ მთავრდება კოკროჭინას ზღაპარი? –ვეკითხები ბებიაჩემს, შუქი რომ ქრება და ის მთავრობის წყევლას იწყებს, ისე, როგორც ოთხმოცდაათიანებში იცოდა.
კოკროჭინა ერთადერთი ზღაპარია, რომელიც შეცვლილი ვარიანტებით ათასჯერ აქვს მოყოლილი თავისი ყველა შვილიშვილისთვის: „კოკროჭინა, ხუჭუჭა გოგო, ცხოვრობს ვაშლის ხეზე. მაგრამ ერთ დღეს ერთი კაცი იტაცებს ხიდან და სახლში მიჰყავს. ცოლი ცეცხლზე ქვაბს დგამს გოგონას მოსახარშად. როცა ქმარი თავის საქმეებზე მიდის, კოკროჭინა ქალს აგდებს ქვაბში. მოხარშვის შემდეგ ხორცის ნაჭრებს მაგიდაზე აწყობს, თვითონ კი ჭერქვეშ იმალება. კაცი სახლში მოდის და ხორცის ჭამას იწყებს. უცებ კოკროჭინა ზემოდან აფსამს ხორცს – ფშტ, ფშტ, კოკროჭინას ხორცს ვჭამ, ფშტ, ფშტ, ყვირის კაცი,  – და მე მუცლის ტკივილამდე ვიცინი. უცებ კოკროჭინა კაცს თავზე  აკუკებს“ – აგრძელებს ბებიაჩემი და ჩემთან ერთად კისკისებს.

– ბოლოს რა მოსდის ხეზე მცხოვრებ გოგონას? – ისევ ვეკითხები ბებიაჩემს.

– ოო, ტვინი ნუ წამიღე. ამხელა ვირი ხარ უკვე და კიდე ზღაპარი გინდა?

– როგორ ჰგავხარ შენს ძმას.

  • მე?..უიმე, რას ლაპარაკობს, ქა, მიწა დავაყარე მაგას…

ბებიაჩემი და მისი ძმა ერთმანეთს ჰგვანან, ხასიათითაც და გარეგნობითაც, მაგრამ არც ერთი და არც მეორე ამას არ აღიარებს. ძმა დას ქათამს ეძახის, და კი– პირზე  რაც მოადგება.

– სანთელს ნუ ეთამაშები, –მეუბნება ბებიაჩემი და მე ტანსაცმელში ვიკუნტები. დიდ გუბესთან გამოვდივარ, რომელშიც ერთხელ ქვიდან ქვაზე გადახტომისას  ჩავვარდი, ხოლო თეკლამ, რომელიც ყველაზე მეტად არ მიყვარდა, დამცინა. ტალახში ამოსვრილი რას ვიფიქრებდი, რომ იმ წამიდან უნდა მეთრია გუბე და დამცინავი გოგონა, რომელიც წლების განმავლობაში ჩემ უკან დაპატარავდება, გალამაზდება, რომლის სიცილი მეც გადამედება და შემიყვარდება. ტალახიანი გუბეებიდან კრაზანაც ამომყავს. მას ყველა ასე ეძახის. არავინ იცოდა, თუ საიდან ჩნდებოდა ჩვენს უბანში. სენივით  მოდიოდა – მოულოდნელად და არსაიდან. ყოველთვის ერთი შავი ჯინსი ეცვა და შავი ან თეთრი პერანგი – ჯინსში ჩატანებული, ცოტა დიდი ზომის. მაყვლისფერი თვალები ჰქონდა, რომელიც მაშინ უბრწყინდებოდა, როცა ისეთ რაიმეს დაინახავდა, რაც მას არ ეკუთვნოდა და კარგი იყო. ზოგჯერ მისი მზერიდან ჭიანჭველების ჯარი ამოდიოდა ჩემს სხეულზე და ჭიპში მეხლართებოდა, იღლიების ქვეშ. ოთხმოცდაათიანების გახსენებისას არ შემიძლია კრაზანა არ გავიხსენო. ოთხმოცდაათიანებში კორპუსის მაცხოვრებლები თავიანთ სარდაფებს ვერ იყენებდნენ. ყველა სარდაფი, ადრე თუ გვიან, იძარცვებოდა. ამბობდნენ, ჩვენი უბნის სარდაფების პრინცი მაყვლისფერთვალება და ნიკაპზე მაყვლისებრი ხალის მქონე კრაზანააო. გამბედავები ამბობდნენ, რომ ის სარდაფების ყველაზე მსხვილი ვირთხაა. ყოველ საღამოს კრაზანა ჩემ თვალწინ იწვოდა ნავთის ლამპის პატრუქთან ერთად და ყოველ დილას  ჩემს ფანჯარაში იბადებოდა.

– გაიქეცი, ლუდი მომიტანე, – ერთხელ მითხრა კრაზანამ. თან ხურდებს აჩხარუნებდა  მუჭაში.

–არ წავალ.

  • როგორ თუ არ წახვალ?
  • აი, ეგრე.

კრაზანამ გაყინული მზერა მომაბჯინა, პერანგი აიწია და ბანჯგვლიანი მუცელი მოიფხანა.

– აუ, შენ რა მაგარი პიდარასტი იზრდები,– ხურდები ჯიბეში ჩაიყარა და წავიდა.

კრაზანა სარდაფში ჩასულიყო, ლეილა კი გარეთ ელოდებოდა. შემომხედა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მის ცისფერ თვალებში წვიმას ახლა გადაეღო. ჭორფლები – სახეზე დაუდევრად მოყრილ ქართულ ყვითელ სუნელებს უგავდა. ლეილას კარაქწასმული ორცხობილის სუნი ასდიოდა. გამიღიმა. ვიფიქრე, ასე დიდხანს რომ ვუყურო, მომშივდება-მეთქი. კრაზანამ დაუძახა.

შენობის უკან გავიქეცი. სარდაფის პატარა, ოთხკუთხედი ფანჯრიდან ლეილა და კრაზანა დავინახე. ლეილა მუცელზე იწვა. მისი თეთრი სხეული სარდაფის და ქვეშაგების სუნს სუნთქავდა. კრაზანა უკანალზე ურტყამდა და ავადმყოფივით კვნესოდა. ლეილა კრინტს არ ძრავდა. კრაზანა ერთ წერტილს მისჩერებოდა  ლეილას ზურგზე. ლეილამ თავი ფანჯრისაკენ მოატრიალა. დავიმალე. ალბათ დაინახა მოპირდაპირე ხე და მაროს ცისფერი ქოხი. ფრთხილად შევიხედე ფანჯრიდან. ლეილამ სწრაფად აწია თავი. კრაზანამ თითები თმებში ჩაასო და თავი ქვევით გადაუქნია. ლეილამ გამიღიმა და თვალები დახუჭა. უცებ კრაზანას უკანალზე დაარტყა და გაკაწრა. კრაზანამ მოძრაობები უფრო გააუხეშა და გაამკვეთრა. ლეილას ზურგზე დააფურთხა და რამდენჯერმე მოქაჩა თმები. ლეილა ქერა იყო. კრინტს არ ძრავდა. თვალებსაც არ ახელდა. კრაზანამ ამოიღო და  ლეილას ზურგზე გაათავა. მაროს ცისფერი ქოხიდან მაშინვე გამოფრინდა ყველა თეთრი მტრედი. კრაზანა ქალის გვერდით გაიშხლართა და  გაქვავდა. ლეილამ მის ბანჯგვლიან მკერდზე თავი დაადო და პენისით  თამაში დაიწყო. კრაზანამ უცებ ხელში ჩაიგდო მისი თავი და ქვევით ჩაწია. დავიჯერე, რომ ლეილას ნებისმიერი მკვდრის უკან მობრუნება შეუძლია. კრაზანა თავქვეშ ამოდებული ხელით ჭერს შეჰყურებდა. ქვევით ლეილა თავს ზევით-ქვევით წევდა. კრაზანას ხელი ლეილას თავს არ ეშვებოდა.

სარდაფიდან პირველი კრაზანა გამოვიდა. მე არ შემომხედა. მერე ლეილა გამოვიდა. ლეილამ შემომხედა და გაიღიმა. ლეილა კრაზანას უკან მიჰყვებოდა. კრაზანა სიარულისას პერანგის ღილებს იკრავდა. ლეილა მის ზურგს უყურებდა. კრაზანამ ნაბიჯებს უმატა, ლეილამაც. კრაზანა უკან აღარ გამოუხედავს, ლეილა მას მზერას არ აშორებდა. მე ერთ წერტილს შევჩერებოდი ლეილას ზურგზე.

თავიდან ქალის სიშიშვლე ჩემთვის შავ-თეთრი იყო და მას ქაღალდის სუნი ასდიოდა. არ ვიცი, სინამდვილეში საიდან შოულობდა იკა პორნოგრაფიულ გაზეთებს. ამბობდა, რომ ვიტალი ძიას ჯიხურიდან იპარავდა. გაპარტახებული ავტოფარეხების უკან ვიმალებოდით და სუნთქვაშეკრულები, თვალის დაუხამხამებლად, ნელა და ფრთხილად ვფურცლავდით. იკას შიშველი ქალი ცხვირთან მიჰქონდა და მის მკერდს სუნავდა. მერე მეც იმავეს ვაკეთებდი. ერთხელ ენით შევეხე ქალის ძუძუს თავს. იკა პირდაღებული მიყურებდა. უცებ, ჰოპ და ჩემი ენა გაზეთიდან ამოიჩარა. იკა გახვრეტილ გაზეთს მუხლებზე ირტყამდა.

 

 

 

1 2 3 4 5