– მოუსვი აქედან. ქალი როცა იპრანჭება, კაცმა არ უნდა უყუროს.
კარს უკან დავდექი და გავაგრძელე ჭუჭრუტანიდან ყურება. არ მესმოდა, პომადის წასმის მერე რატომ ილოკავდა ტუჩებს, მერე ისევ ისვამდა. უჯრიდან სუნამო ამოიღო, მარჯვნიდან დაისხა, მარცხნიდან, ერთიც მკერდზე. საყურეების ყუთი გახსნა და მწვანე ბურთულები ამოიღო. ერთ-ერთ ბურთულაზე ჩემი კბილების ნაკვალევი იყო.

–უი, შე მამაძაღლო, სად ხარ? ერთი ამას დამიხედეთ, ჰა, სად ჩაუყვია ცხვირი, ვახ, თამრო, მთელი ცხოვრება ამ სომხებმა შენ როგორ უნდა გაბითურონ, ჰა? ვაი, შე უტვინო, შენა, ქათამო, ქათამო, მართალს ამბობს ის შენი ძმა, ქათამი ხარ, ქათმისტვინა, ქალაქიდან კაცი დაინახე, შეახტი, რისთვის? ვისთვის? ამ ლაწირაკისთვის?

ბებიაჩემმა მწვანე ბურთულები კარისკენ ისროლა. ბურთულები პარკეტზე გაგორდა, ჩემს ფეხქვეშ. გამახსენდა, რომ ერთხელ ბებიაჩემმა ფანჯრიდან ყურებისას ლეილას მისამართით თქვა: ახ, ტი მალენკაია ჩათლაშკა,უყურე, ერთი, ამას,  როგორ ცანცარებს.

  • შენ სუფთა მარო ხარ, – ვიყვირე კარს მიღმა.

ბებიაჩემი გაირინდა. ჭუჭრუტანიდან ფრთხილად შევიხედე. გამოვედი. ვიფიქრებდი,  ბებიაჩემს არ გაუგია ჩემი სიტყვები-მეთქი, წასვლისას სახლის კარი ღია რომ არ დაეტოვებინა.

–როგორ არ გახსოვს კოკროჭინა, აბა მაგდენს ტყუილად გიყვებოდი? – სწყინს ბებიაჩემს.

– შეყვარებული გყავდა სოფელში?

– რაააა…რაებს როშავ, შე მამაძაღლო, ნუ აწვალებ მაგ სანთელს, გითხარი,  სახლს ცეცხლს წაუკიდებ, ვახ, როდის მოგვცემენ შუქს, ამას რას გვიშვრებიან.

ხეზე ასვლისას თავით ქოხის იატაკს რომ მივაბჯენდი, ვჩერდებოდი და ფრთხილად ვიყურებოდი შიგნით. თვალში მაშინვე ლეილას სანდლები მხვდებოდა, მუხლის ნაკაწრი, ფეხის თითები, რომლებზეც ფრჩხილების ლაქი ყოველთვის აქერცლილი ქონდა. ლეილა, მუხლზე  იდაყვით დაყრდნობილი,  პომადას ისვამდა. პირველად ვხედავდი ვარდისფერ პომადას. თავი დავხარე, დაველოდე, სანამ მორჩებოდა.

– არის ისეთი ვინმე, ვის ნახვასაც ერთხელ კიდევ ისურვებდი? – მკითხა მან, როგორც კი  თავი  კარში შევყავი.

– ირიშკასი. ჩვენს მოპირდაპირე კორპუსში ცხოვრობდა, ცისფერი თვალები ჰქონდა,- ფეხმორთხმული დავჯექი მის პირდაპირ, – ეზოში როგორც კი დამინახავდა, მეხუთე სართულიდან ფერად წიგნებს ყრიდა. ჩემი პირველი წიგნები ციდან ჩამოვარდა.

– სულელი გოგო იყო ეგ შენი ირიშკა, – თქვა ლეილამ ხის ფისის ღეჭვით.

  • რატომ?
  • კაცის გულს წიგნებით არ იპყრობენ.

ჯიბიდან მწვანე ბურთულები ამოვიღე და ლეილას მივეცი.

  • ეს მე მომიტანე?.. ვაა…

ლეილამ ერთ-ერთი ბურთულა ყურზე ჩამოიკიდა და სარკეში ჩაიხედა…

  • მომიხდა?.. ეს რა არის? ჰა, ჰა, ჰა…

ძლივს ვიღიმოდი.

– გინდოდა გაგეკბიჩა?

–მომეცი…შენ სხვას მოგიტან.

–არა, ასე უკეთესია, – ლეილამ მეორეც დაიკიდა და სარკეში თავის აქეთ-იქით ტრიალი დაიწყო, – შენი ნაკბილარი სულ  ჩემთან ერთად იქნება.

– დედაჩემმა გამოაცხო, – პარკიდან რამდენიმე ქადა ამოვიღე.

– ვახ, როგორ მიყვარს დედაშენი, – ლეილამ ფისი გადმოაფურთხა და ქადას ერთი დიდი ნაჭერი ჩამოკბიჩა. ქადის ნაფშვენებს თითებით იტენიდა პირში.

– არის ისეთი ვინმე, ვისი ნახვაც არ გინდა, მაგრამ ვერ ახერხებ?

– თეკლასი.

–პირზე მარტო ძუკნების სახელები გაკერია, ბიჭო.

– ერთხელ ტალახში ჩავვარდი და დამცინა.

–როგორ ჩავარდი?

  • ქვებზე დავხტოდი და…

ლეილამ მოულოდნელად გადაიხარხარა.

ჩემი სხეულის მწერი მოიკუნტა.

– ისე გაგიხარებია, რომ მთელი ცხოვრება ემახსოვრები, შე შტერო. ეგ რომელია? მე ვიცნობ?

–მოდი, ყურში გეტყვი.

ლეილა ახლოს წამოიწია. მის ყურთან დავიწიე  და ლოყაზე ვაკოცე. მწვანე ბურთულა ლოყაზე დამეჯახა და უკან გადაქანდა. ლეილამ ტუჩებზე თითები დამადო და გაიცინა. მას არასდროს არ გაუცინია ასე ლამაზად. მწერმა მიკბინა. უკან გავიწიე და ქოხის კედელს შევეხე.

– დედაშენს უთხარი, რომ მე კრემიანი ნამცხვარი მიყვარს.

– დედაჩემმა არ იცის შენ შესახებ.

  • ერთი, ამას დამიხედეთ… თანდათან ვაჟკაცდება.

მზერა სწრაფად მოვაცილე მას. მწერი მიღიტინებდა.

–გამახსენდა ზღაპარი, – ბებიაჩემს ვეუბნები.

– მოყევი, აბა.

– კოკროჭინა ეუბნება კაცს, რომ ცეცხლზე ხალიჩა დააფინა, დაახტა და ჭერზე აღმოჩნდა. კაცი იჯერებს და ცეცხლში ვარდება.

– უგემურად ყვები.

– ახლა შენ მოყევი.

– რა?

– შენი  შეყვარებულის შესახებ.

– შეყვარებული არა, იხვის ტოლმა. უბრალოდ მოვწონდი. ჩუმჩუმად ვუყურებდით ერთმანეთს, კოცონთან რომ  ვისხედით.

–მერე?

–დაჯექი და კერე.

–მერე ბაბუაჩემი ჩაერია?

–მართალია, ბაბუაშენი გატეხილი კოვზივით ყოველთვის უადგილო ადგილას ეჩრებოდა ხოლმე, მაგრამ ის ამასთან არაფერ შუაშია, ის ბიჭი ჯარში წაიყვანეს.

– დალოდებოდი, ჯარიდან დაბრუნებულიყო, თან ქართველი ქმარი გეყოლებოდა.

–შე, მამაძაღლო, შენ როგორღა დაიბადებოდი?

იმდენხანს ვეთამაშე სანთელს, რომ ჩაქრა. ძაფის წვერს ვეღარ ვპოულობდი.

–აი, რამდენჯერ გითხარი, ბოლოს მოუღებ-თქო.. ახლა ვისხდეთ ასე სიბნელეში.

სოფლიდან დარეკეს და თქვეს, რომ ბებიაჩემის ძმა გარდაიცვალა. ბებიაჩემი ერთი წუთით ჩუმდება და უცებ სიცილს იწყებს.

– ეგ მკვდარი კი ვერ წარმომიდგენია, – ამბობს და უფრო გამძაფრებით იცინის. მერე წყნარდება, დუმდება. -სოფლიდან ჩემთან რომ მოდიოდა, ტუალეტში არ შედიოდა, ამბობდა, ეს რანაირი ხალხი ხართ ქალაქში? თქვენი დედაც, თითქოს ის არ კმარა, რომ ერთმანეთის თავებზე ცხოვრობთ, თან ერთმანეთს აჯვამთ და აფსამთ კიდევაცო. ამბობდა და გარეთ გადიოდა, ტუალეტისთვის ერთ მიგდებულ ადგილს პოულობდა. ვიცი, იმ ქვეყნადაც იპოვის ეგეთ ადგილს.

შუქი მოგვცეს. ბებიაჩემს სველი თვალები ჰქონდა.

 

 

1 2 3 4 5