– რა ქენი, ბიჭო, ეს ყველაზე კაი იყო, ახლა მარტო ერთი ძუძუა აქ.

  • კარგი, ხო,ახლა შენც, მაინც ორი ერთნაირი ძუძუ ჰქონდა.

იკამ გაზეთი შარვალში ჩაითხარა, მხარზე დამარტყა და ხმადაბლა მკითხა:

– გინახავს შენი მშობლები ერთად როგორ … ჰა?

– არა, შენ?

– არც მე – თქვა იკამ და ცხვირში ქექვა დაიწყო. მერე სულ იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ გამოიჭირა თავისი მშობლები.

–წავიდეთ შოკოლადის შესაგროვებლად? – თქვა და ჟღვლინტი ავტოფარეხის კედელს წაუსვა.

ეზოდან ეზოში გადავდიოდით და შოკოლადის ფერად, ჭრაჭუნა ქაღალდებს ვაგროვებდით.

ყოველთვის მიკვირდა,  ყოველ კორპუსში ერთი ისეთი ვინმე რომ ცხოვრობდა, რომელიც ასეთ შოკოლადებს ჭამდა, მერე არ ენანებოდა და ქაღალდებს გარეთ ყრიდა. ქაღალდებს ყოველთვის ვყნოსავდით. ახალ ქაღალდს შოკოლადის სუნი ჯერ კიდევ ასდიოდა. სარდაფის ისტორიის მერე ამ ქაღალდებში შიშველი ლეილა ჩნდებოდა, რომელიც ყოველ ჯერზე სხვადასხვა ფერს იძენდა. ის ყველაზე მეტად ბაუნტის ფერებში მომწონდა. პირველად ასდიოდა ქალის სხეულს შოკოლადის სუნი.

– ზღაპარს თუ არ ყვები, ის მაინც მოყევი, როგორ მოვიდა ბაბუაჩემი შენს  წასაყვანად, –ვეუბნები ბებიაჩემს. მე ამ ისტორიის დასაწყისი მომწონს: ერთ უღმერთო დღეს ახალგაზრდა ბაბუაშენი მოვიდა, მაღალყელიანი, ცხვირებგაცვეთილი და მტვრიანი ფეხსაცმელები ეცვა.

– რა უნდა, ქა?ყველაფერი ჩემზე უკეთესად იცის, ჩამაცივდა, გინდა თუ არა,  მოყევიო, – ბებიაჩემს არ უყვარს წარსულის ისტორიები, ვის სჭირდება, მაგ ძველ ამბებში  ბევრი მკვდარი ადამიანია, რა  საჭიროა ძვლებიანი ტომრების ჩხარაჩხური.

– მაშინ იცოდი, ბაბუაჩემი სომეხი რომ იყო?

– მაშინ საიდან უნდა მცოდნოდა, სომეხი-ქართველი რა არის, ქა, ჩემთვის მშვიდად ვცხოვრობდი, მესმოდა რამე?

– ბაბაუაჩემამდე?

ერთი ისტორიაა, რომელიც ჯერ არ მოუყოლია ჩემთვის, ბაბუაჩემამდე ბებიაჩემის ეზოში ნამდვილად ჩამოვარდა ერთი მეტეორი, მის ისტორიებში ერთი ორმოა, ბებია ყოველთვის ამ ორმოს ამბამდე როგორც კი მიაღწევს ხოლმე, დუმდება.

– რა მოვყვე, ვა, დღეს რა ბუზმა გიკბინა? მაგ სანთელსაც უკვე დედა უტირე, დაანებე თავი.არა, შენ ამათ დამიხედე, ჰა, რას აკეთებენ, ამ ქვეყანას არც ახალგაზრდა უშველის და არც მოხუცი, თქვენ მოისპეთ მალე, აჰა.

კრაზანა მაღაზიიდან გამოვიდა ხელში ერთი ბოთლი ლუდით. უკან ლეილა მოჰყვებოდა. მე ნაძვის უკან ვიდექი. ლეილა კრაზანას წითელი მამალოს ყიდვას სთხოვდა. კრაზანა აგინებდა მას, გინების ნახევარს ლუდში ახრჩობდა.ლეილა მას მკლავებზე ჩამოჰკიდებოდა. კრაზანა ამბობდა, რომ ერთი კაპიკიც აღარ ჰქონდა. ნაძვის სუნი ცხვირში შემიძვრა. – ღორი ხარ, – იყვირა ლეილამ, – შენ უპატრონო ღორი ხარ, შენ უსარგებლო ღორი ხარ, შენ მარტო მძღნერს ჭამ, შენ არც კი დაგკლავენ. კრაზანა  მოტრიალდა. ლეილამ პერანგზე მოქაჩა. პერანგს ორი ღილი მოსწყდა. კრაზანამ ბოთლიდან ერთი ყლუპი მოსვა. ხელით მოიწმინდა პირი. ხელი შარვალზე წაისვ-წამოისვა და იმავე ხელით სილა გააწნა ლეილას. ლეილა გაწითლდა. კრაზანას მზერა შავი კურდღელივით დახტოდა ლეილაზე. მაპატიე. ლეილამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ. ნაძვის სუნმა თავბრუ დამახვია. გაეთრიე, ბლიად, შენი დედა მოვტყან, –კრაზანა მოტრიალდა. ლეილა კრაზანას ფეხზე დაეკიდა. კრაზანა ლუდს სვამდა და ფეხის გათავისუფლებას ცდილობდა. ჩემ გარეშე არსადაც არ წახვალ. კრაზანამ ლეილასგან ფეხი გაითავისუფლა და იმავე ფეხით წიხლი ჰკრა, – ფუ,  ბლიად. ცარიელი ბოთლი ფეხებთან გატეხა და ფურთხებ-ფურთხებით წავიდა. ლეილა ასფალტზე დარჩა, მერე იტირა. ნაძვის ერთი გირჩი დამეცა. ლეილამ შემომხედა.

–როცა იკარგება, პოვნა შეუძლებელია ხოლმე, მე უბედური ვარ, ახლა ვხვდები, როგორც კი დავიბადე იმ ცივ ღამეს, უბედურებით დაავვადდი, ან დედაჩემმა გადმომდო ან ექიმებმა, მე აქ დავრჩები, სულ ერთია, წასასვლელი არ მაქვს, დასარჩენი არ მაქვს, იქნებ მოვენატრო და მოვიდეს ჩემთან, მე ვარ დამნაშავე, მე ყველაფერს ვაფუჭებ, როცა პირველად  მოვჯვი, მაშინვე  გავაფუჭე სამყარო, ძაღლი ვარ, არა, ძაღლის ტკიპა ვარ, წადი, თორემ სისხლს გამოგწოვ. მე ყოველთვის ჯანდაბაში მაგზავნიდნენ, ქუჩაში, დედამ და მამამ ზუსტად ასე მითხრეს – ქუჩის სუნი აგდის, ქუჩაში წადი და აღარ დაბრუნდე. რა მოხდებოდა, ერთი მამალო რომ ეყიდა ჩემთვის, ჰა? – ლეილა ხსნიდა და კრავდა თავისი სანდლების წითელ თასმებს.

ჩვენი ბაღის ერთ-ერთ ხეზე ბაბუამ ხის სახლი ამიშენა, ყველა ოცნება ერთ ადგილას რომ მომეთავსებინა.მე  ჩემი წიგნები მიმქონდა იქ.

– ლეიბი სუფთაა, – ვუთხარი ლეილას, როცა ქოხში ავედით. მაშინვე ვინანე ჩემი ნათქვამი. მაგრამ ყურადღება არ მომაქცია, მაშინვე გაწვა ლეიბზე და თმებით დაიწყო თამაში.

– სიგარეტი ამოიღე – მოვუკიდოთ – თქვა ლეილამ.

– მე…არ ვეწევი.

– რამდენი წლის ხარ?

-ცამეტის.

–ახლა არ თქვა, რომ ვაჟიშვილი ხარ, – ლეილამ თავი აწია ბალიშიდან და თვალები მომაშტერა, – ბლიად…შენ…არასდროს? ვაა… ჰა, ჰა, ჰა…

ჩამოვედი ქოხიდან.

სხეულზე რაღაც მწერი მომეკრო და მიღიტინებდა. როგორც კი მის მოცილებას ვცდილობდი, მწერი ადგილს იცვლიდა.

მამაჩემის სიგარეტის კოლოფიდან რამდენიმე ღერი ამოვიღე, დედაჩემის ქვაბიდან კი – რამდენიმე ღვეზელი. გზაში ვფიქრობდი, ერთ დღეს მამაჩემი რომ გაიგებს, რაც გავაკეთე, თავის მეგობრებს მოუყვება და აუცილებლად იამაყებს ჩემით, დედაჩემი კი გაჩუმდება, ცივი და გულგრილი გამოჩნდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩუმად დამცინებს.

ამ გზის გავლისას ყოველთვის შიში მიპყრობდა, რომ ლეილას ვეღარ ვიპოვნიდი ქოხში. მაგრამ ყოველთვის ვპოულობდი ლეიბზე დაწოლილს, სანდლები ბალიშებთან დაეწყო, თმებს ეთამაშებოდა,  ცით სავსე თვალები ჭერზე ეკიდა. სადარბაზოდან სადარბაზოში, ეზოდან ეზოში სიარულით ბოთლები შევაგროვე. ჩასაბარებლად მიმქონდა. ბოთლები პარკში ჩხრიალებდა, ჩემ შიგნით კი ექოს გამოსცემდა. ცოტა ხანში  მამალოს დავითრევდი.

მაროს ცისფერი ქოხის გვერდით უნდა გამევლო. ხალხი შეკრებილიყო ქალის გარშემო. მას თეთრი, მოკლე ხუჭუჭი თმა ჰქონდა, უფერო სახე და ნისკარტისებრი ცხვირი. ის მსოფლიოს ყველაზე ბოროტი ქალი მეგონა. ყველას ეჩხუბებოდა – ქმარს, მეზობლებს, მაღაზიის გამყიდველს, ეზოში მოთამაშე ბავშვებს. მარო ათეულობით მტრედს უვლიდა თავის ქოხში. ყოველდღე გარეთ უშვებდა მათ. რაც არ უნდა შორს გაფრენილიყვნენ, ბოლოს მაინც მაროსთან ბრუნდებოდნენ. მეგონა, რომ მტრედები მისი შიშით ბრუნდებოდნენ. როგორც კი შემნიშნა მარომ, მაშინვე თითი გამოიშვირა ჩემკენ.

  • ეგ იყო, ეგ, კარგად მახსოვს ძაღლიშვილი, ეგ იყო, ეგ ქუჩის ლაწირაკი.

გავქვავდი.

 

 

 

1 2 3 4 5