მარო წინ წამოვიდა და მკლავზე მომქაჩა. ყურებში ხშუილი მესმოდა. თავს ზევით ვხედავდი გაღებულ და მოკუმულ პირს, ნისკარტისებრი ცხვირის ირგვლივ დამრგვალებულ თვალებს. პარკი ხელიდან დამივარდა. ბოთლების რახარუხის ხმამ დახშული სმენა გამიხსნა.

– რისთვის, შე ნაბიჭვარო, რისთვის?– მარო ჩემს მკლავს აქნევდა. სხეული მიცახცახებდა. ფრჩხილები კანში მესობოდა. ვიღაცას შურდულით მოურტყამს მტრედისთვის. თავგატეხილ მტრედს, რომელიც ფერადი ხალათის ჯიბეში ჩაესვა, სისხლი სდიოდა.

როგორღაც დავაღწიე თავი მაროს ხელებს და გავიქეცი. მარო უკნიდან მესროდა ჩემს ბოთლებს. მეგონა,  ბოთლის ნამსხვრევები ფეხის გულებში მესობოდა.

– შენ რაღაცას მიმალავ, – ვეუბნები ბებიაჩემს, – ერთხელ ყვებოდი, როგორ იკრიბებოდით სოფელში, კოცონის გარშემო, დაირაზე დასაკრავად და მერე უცებ გაჩუმდი.

– რა გინდა, ვა, გული გამიწყალე, ბაბუაშენივით მოდიხარ და სულს მაძრობ.
და ბებიაჩემი იწყებს: ზაფხულში აივანზე იძინებდნენ, გათენებამდე იცინოდნენ, მაშინ კოღოები არ იყვნენ, ნეტა, სად იყვნენ?  მერე გაჩნდნენ, ერთხელაც სახლიდან ფილმის საყურებლად გაიქცა – „ტარზანის“, ფეხშიშველი გაიქცა, ძმას გაექცა, ძმისთვის რომ დაეჯერებინა, დღე და ღამე ჩაკეტილში აცხოვრებდა, ბებიაჩემს თავისი საკუთარი სტალინი ჰყავდა სახლში, რომელსაც ყოველდღე გაურბოდა; ასე შეიყვარა გაქცევის გემო. ზოგჯერ ცეცხლის გარშემო იკრიბებოდნენ, გოგონები დაირაზე უკრავდნენ, გოგოებს ცეცხლისგან, დაირაზე ტყაპუნისა და ბიჭების მზერისგან ლოყები უწითლდებოდათ და ყოველთვის იყო ხოლმე ისეთი ბიჭი, რომელიც ცხვირის თავდავიწყებით ქექვისას მზერას გააპარებდა რომელიმე მოდაირე გოგონას ათრთოლებული, ნაზუქივით სურნელოვანი მკერდისკენ. ყოველთვის იყო ერთი, ვინც ამას შენიშნავდა ხოლმე, უჯიკებდა გვერდით მჯდომს, და სიცილი ცეცხლივით ჩაღდებოდა, მერე? მერე? ეე, მერე, მერე ის, რომ ერთი კოკროჭინა უნდა იყოს, რომ  ამ მთავრობას თავზე დააჯვას, პასუხობს ბებიაჩემი და ისევ ჩუმდება.

– ნახე, რა მოგიტანე, – ჯიბიდან წითელი მამალო ამოვიღე. ლეილამ ერთი წამით სერიოზულად შეხედა მამალოს და სიცილი წასკდა.

– შენ რა გეგონა, მე მართლა მამალო მინდოდა? ჰა, ჰა, ჰა, არა, მართლა გეგონა, რომ მე …ბლიად…ჰა ჰა ჰა…არა, შენ ძალიან პატრა ხარ ეგ რომ მოტვინო…ჰა, ჰა, ჰა…კარგი, კარგი, ცხვირს ნუ ჩამოუშვებ, ნუ გწყინს, ბიჭი ხარ თუ ჩვარი? ჰეი, ბოდიში, შენღა მაკლდი რა…ახლა რა, გარეთ გამიძახებ?

– მეც  ეგ მინდოდა, შენ რომ გაგეცინა, – ვთქვი და დაბნეულმა მამალო იატაკზე დავდე. მეშინოდა, მოულოდნელად არ შეემჩნია, რომ ჯიბეებში კიდევ მქონდა მამალოები.

–მომისმინე, გუშინ ხის ქვეშ ვბანაობდი და ერთი ბიჭი ჩუმად მიყურებდა, –ლეილამ ხელით მოიკუმა პირა. თვალები უბრწყინავდა. სადაცაა, რაღაც გასკდებოდა მის თვალებში. მწერი იღლიის ქვეშ შემიცოცდა.

– კი, მაგრამ, მე ხომ საბანაო ადგილი გაჩვენე.

– რატო ხარ ასეთი უნაირო?

– უნაირო?

– ხო,უნაირო… უნაირო და მშრალი.

– იქნებ არც ისე პატარა ვარ, ჰა?

– აი, თურმე რაში ყოფილა საქმე, ჰა, ჰა, ჰა, ახლა ყველაფერი გასაგებია.

– სხვა დროს ასე არ მოიქცე.

– რატომ მასწავლიან მამაკაცები ყოველთვის ჭკუას? ჰა? თითქოს ისინი ჰემინგუეიზე ჭკვიანები იყვნენ.

– ჰემინგუეი გაქვს წაკითხული?

– მსმენია მის შესახებ.

– როგორი ნიჭიერი ხარ.

– სკოლაში ხუთოსანი ვიყავი.

– მართლა?

– რა, დაუჯერებელი რამე ვთქვი?

– არა, უბრალოდ…

– ყველაზე კარგად ვსწავლობდი და ყველას კარგს…

– მერე იტყვი: ყველას ფეხებზე ვკიდივარო.

ლეილამ ხელები მუცელზე დაიკეცა, ქვედა ტუჩი კბილებში მოაქცია და მდუმარედ შემომხედა.

  • გვერდით მომიწექი.

ლეილას თმის ბოლოებმა სახეზე მომიღიტინა. მან ხელი მუცელზე დამადო და ნელა გაასრიალა ქვევით. არ დავანებე შარვლის ღილის ჩახსნა. ლეილამ თითი ტუჩზე მიიდო, მერე მკერდი გაიხსნა და ალმაცერად შემომხედა. ჩემი სხეულის მწერი სწრაფად გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე. ლეილამ მამალო აიღო, ენაზე დაიდო, რამდენჯერმე მოლოკა, მერე ძუძუს თავზე წაისვ-წამოისვა. დაუხამხამებლად ვუყურებდი მის ძუძუებს. ლეილამ ტუჩები ჩემს ყურამდე მოწია.

– მხოლოდ ერთი ღამე გაატარე ჩემთან და მე გასწავლი ცოტა სიყვარულს, ცოტა ცხოვრებას და ცოტა სიგიჟესაც, სამყარო ყოველთვის შარვალში რომ გქონდეს. ლეილამ ხელი შეყო ჩემს შარვალში. ჩემი სხეულის მწერს ჟრუანტელმა დაუარა. ხელი გამოვაღებინე და უკან ჩავიწიე.

–იმავეს გაკეთება გინდა? – ვკითხე და მგონი გავწითლდი. ლეილამ მკერდი დაიფარა და კედლისკენ შებრუნდა. ახლოს მივიწიე. ხელი გავწიე, ზურგზე რომ შევხებოდი, მაგრამ არ შევეხე.

ბებიაჩემი ფერად ბურთისებრ საყურეებს ატარებს, რომლის დანახვისას ყოველთვის  მოკბეჩა  მინდოდა, რადგან გემრიელი შიგთავსის მქონე კამფეტებს ჰგავდნენ.

ბებიაჩემი შემოსასვლელის სარკის წინ იპრანჭებოდა. წითელ პომადას ისვამდა. მე კი ფრჩხილების კვნეტით სარკეში თვალს ვადევნებდი  აღფრთოვანებულ ბებიაჩემს.

– წადი, რას დაეყუდე აქ?

– სად მიდიხარ?

  • მამაჩემის მამასთან.

არასდროს ამბობს, სად მიდის.

– რა ხდება  მამაშენის მამასთან?

 

 

1 2 3 4 5