ლეილა ქოხში მძინარე ვიპოვე. მზერა ნელა-ნელა, მაღლა და მაღლა ავაყოლე მის ფეხებს. მუხლს ზემოთ სამართებლის ნაკვალევი ეტყობოდა.  თვალები  დასვრილ მკლავზე შევაჩერე. ცხვირსახოცით ფრთხილად მოვწმინდე. ნაცრისფერი ბლუზის ქვემოდან ლიფის სილუეტი მოჩანდა. თითით ფრთხილად ჩამოვუშვი ბლუზი. ლიფი გაცვეთილი იყო. ლეილა შეიშმუშნა. თითი სწრაფად გავწიე და ზურგსუკან დავმალე. მწერი გამოიქცა და ყელსქვემოთ მომეწება.

– საშინელი სიზმარი ვნახე, – მთქნარებით თქვა ლეილამ და წამოჯდა. სახეზე წყალი შეისხა და ზურგით კედელს მიეყრდნო, – შენ გელოდებოდი, არ მოდიოდი, მერე თოვლი მოვიდა, იმხელა თოვლი, რომ კაცს გული გაუსკდებოდა. ეს ჩვენი ხე ისევ  ასეთი მწვანე  იყო, და თოვლი მოდიოდა, – ლეილამ ფეხები სანდლებში ჩაყო და თასმები შეიკრა.

– სად მიდიხარ?

– გამოსამშვიდობებლად გელოდებოდი  და ჩამეძინა.

– მაგრამ სად?

– იქ.

– სად იქ?

– ერთ დღესაც გაიგებ.

  • ლეილა…
  • მიპოვა. აქ, ჩვენს სახლში არ მომიყვანია, არ ინერვიულო, მაგრამ ხომ გეუბნებოდი, ერთ დღეს მოვენატრები და მიპოვის-მეთქი.

– ნუ წახვალ.

– ცხოვრებაში არ სთხოვო ქალს დარჩენა,  დაბრუნება რომც მოინდომოს, არ დაბრუნდება.

– წადი.

–თითქოს ისეთ კარგ დროში ვცხოვრობთ, შეგვიძლია, თავს ნება მივცეთ და ერთმანეთს – კარგად იყავიო – ვუთხრათ, მაგრამ რას ვიზამთ, ბლიად, ეგრე იყოს, კარგად იყავი.

ლეილა წავიდა.

მე ვიჯექი მის დაჭმუჭნულ საწოლზე და ჩემს წიგნებზე. იატაკს დავხედე და  დავინახე რვაფეხიანი მწერი, რომელიც სხეულიდან  ჩამომცოცებოდა და ნელა მშორდებოდა. ლეილა კრაზანას ზურგზე  შემოახტა. ისინი იქ წავიდნენ. ერთ დღეს იქიდან იქ უნდა წასულიყვნენ. იქიდანაც ისევ იქ. და ასე ყოველთვის.. იქ იქნებოდნენ.  გადმოვყარე  წიგნები, ფოთლები, ლეიბზე დავწექი და თვალები დავხუჭე.

ქოხის ჭერქვეშ ლეილა იყო. ჩავიხსენი შარვლის ღილები. ამოვიღე  და დავუწყე თამაში. გამახსენდა იკას სიტყვები – ზევით და ქვევით, ზევით და ქვევით.

ჭერქვეშ ლეილა შიშველი იყო. ლეილას ირგვლივ შოკოლადის პრიალა ქაღალდები ბზრიალებდა. მის სხეულს დამწვარი შაქრის სუნი ასდიოდა. ყურის ბიბილოებზე  მწვანე ბურთულები ირწეოდნენ. მისი სხეული ფინიკის ხის უზარმაზარ ფოთოლზე დაცურავდა ქოქოსის წყლებში.  გადავხტი. ქოქოსის წყლის წვეთები მოიბუშტა მისი გაბერილი ძუძუსთავების ირგვლივ. მე ის დავკარგე ქოქოსის წყალში და ვიპოვე ქვიშაზე.  უწვრილესი ქვიშის მარცვლები მიწეპებოდნენ ძუძუს თავებს. თვალდახუჭული ლეილა იღიმოდა.ენა გამოყო, ვარდისფერ ტუჩებზე წაისვ-წამოისვა და ჰაერში ჩემსას დაუწყო ძებნა. საიდანღაც ისმოდა ნირვანას სიმღერა. ის მუცელზე გადავაბრუნე და ზურგზე დავაფურთხე. თითები თმაში გავუყარე. ძუძუები ქვიშაში ჩაეფლო.  ტრაკზე მივარტყი. ის ჩაეხუტა ქვიშას. მე ჩავეხუტე მას. ქვიშა გაუჩინარდა. ჩვენ ვიწექით დანჯღრეული ავტოფარეხის სახურავზე. სადარბაზოსთან მდგარი თეკლა ირიბი მზერით გვიყურებდა. ფოსფორისფერი პერანგი ეცვა, წინ შავი დიდი ასოებით ეწერა: YES, ზურგზე კი: NO. ჩვენ ჯერ არ ვიცოდით, რომ ეგ პერანგი, ადრე თუ გვიან, უკვალოდ გაქრებოდა, მაგრამ ჩვენს შემდგომ ცხოვრებას ეგ ორი სიტყვა გაყოფდა.  მოშორებით იკა იდგა და ცხვირში იქექებოდა, მის ფეხქვეშ  შავ-თეთრი ქალები ეყარნენ, დაჭმუჭნულები. კორპუსის ყველა ფანჯარიდან კურტ კობეინი მღეროდა. მაგნიტოფონებმა კასეტების ფირების ღეჭვა დაიწყეს – წზსჭსწჭზსწ. ხალხმა  მაგნიტოფონების გადმოყრა დაიწყო. ფირები  ჰაერში ხშუოდნენ. ჩვენ ჯერ არ ვიცოდით, რომ მერე საკუთარ თავებს  ყოველთვის მაგ ფირებში დავუწყებთ ძებნას: წზსჭსწჭზსწ. ზურგზე დავწექი. ლეილა ქვევით ჩამოვიდა. ქვევით მისი თავი ადი-ჩადიოდა. ზევით და ქვევით. ზევით და ქვევით. ზევით. ქვევით. ერთი ხელი თავქვეშ ამოკეცილი მქონდა, მეორე ლეილაზე მედო, ცაში ვიყურებოდი. ლეილამ ჩემთვის მკერდი გაიშიშვლა. ლეილამ ჩემი მოტანილი მამალო ძუძუს თავზე წაისვა. ლეილას ჩემს შარვალში ხელის ჩაყოფა უნდოდა. ლეილას თითები ტუჩებზე მელამუნებოდა. ჩემი კბილები ლეილას ბიბილოს ზევით აცდა.  ქვევით. ზევით. ციდან ნელა-ნელა ეშვებოდნენ  წითელთასმებიანი სანდლები. თავსზემოთ ირწეოდა გაცვეთილი ლიფი. ცა ფოსფორისფერი იყო. ვარდისფერი. ქოქოსისფერი. ცისფერი. მაროს ცისფერი ქოხიდან ერთბაშად გამოფრინდა ყველა თეთრი მტრედი.

 

                                                                                    ბუდაპეშტი, 2017
სომხურიდან თარგმნა   ასია დარბინიანმა

 

 

 

 

1 2 3 4 5