WELT: 

„ენა არ არის ‘ნეიტრალური’ რაღაცა, რაც მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაციას ემსახურება“, წერდით თქვენ 1971 წელს, „არამედ იგი ფასდება კომუნიკაციაში. ენა აანალიზებს რეალობას, ენის მეშვეობით ხდება სამყაროს მოხელთება, თუმცა ისიც საინტერესოა, თუ მას ვინ იხელთებს და მის მომხელთებელს რა ინტერესი ამოძრავებს. ეს ინტერესი ხომ მერე  რეალობას უკან უბრუნდება.“ თქვენ რა, ე.წ. ახალი მემარჯვენეების მხრიდან ენის დასაკუთრების ამასწინდელ მცდელობას გულისხმობდით?

Timm: 

საშიშროება არსებობს და ის გამოიხატება ისეთი ცნებების გამოყენებაში, როგორებიცაა „Umvolkung“6, „Asyltourismus“7, „Illegaler-Shuttle-Service“8 oder „Volksverräter9“.

ისევე როგორც ჯიუ-ჯიტცუს ილეთით ცდილობენ ცნებების სხვანაირად ახსნან და საქმის ვითარება შეცვალონ, ზუსტად ამას წარმოაჩენს AfD9-პოლიტიკოსის ბეატრის ფონ შტორხის ტვიტერი, როცა იგი წერს, რომ რობერტ ჰაბეკი არის ‘მწვანე ნაცი“. ფაქტების დემაგოგიური შეტრიალებაა.

 

WELT: 

რობერტ ჰაბეკია ისიც, ვინც თქვენი რომანის „მორენგა“ ახალ გამოცემას 1904 წლის  ჰერეროს ამბოხის შესახებ ბოლოსიტყვა დაურთო: „ტიმი ქმნის პოლიტიკურ ლიტერატურას, ოღონდ არასდროს გადაკვეთს ძალიან მკვეთრ კლდოვან ქედს გასაჯაროებისა და ლოზუნგისაკენ“, წერს იგი. მაგრამ განა 68-იანელთა მოძრაობა ზუსტად იმას არ ცდილობდა, რომ ენა შეგვეცვალა პაროლებით?

Timm: 

68-იანების შედეგად ალბათ მართლაც დამკვიდრდა  ენის გამარტივება და სოციოლოგიური სიმახინჯე-სიტყვები, თუმცა ისეთი ტერმინებიც ხომ იყო, რომლებიც კრიტიკისკენ იყო მიმართული, მაგალითად, „დაზუსტების“ ტერმინი.  ეს კარგი გაგებით იმასაც გულისხმობდა, რომ საკუთარი პოზიციის დაზუსტებაც უნდა მომხდარიყო. ცხადია, ეს ყველამ არ გააკეთა.

WELT: 

თქვენ როგორი გრძნობით კითხულობთ ახლა თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურას, არსებობენ თუ არა ახალი ან/და ახალგაზრდა ავტორები, რომელთაც  თქვენი რომანები აინტერესებთ, თუ ისინი უფრო ისეთ ოდითგან ნაცნობ ავტორებს ეძალებიან, როგორებიცაა გრასი, ბიოლი, არნო შმიდტი?

Timm: 

სწორედ ახლა წავიკითხე ინგო შულცეს (Ingo Schulze) რომანი „წესიერი მკვლელები“ და ლუტც ზაილერის (Lutz Seiler) „ვარსკვლავი 111“. ორივე რომანი ძალიან მომეწონა. ასევე უკვე ვამთავრებ ლაიფ რანდტის (Leif Randt) რომანს „ალეგრო პასტელი“. სრულიად განსაცვიფრებელი რომანი, რომელსაც მე პირდაპირ ეთნოლოგიური ინტერესით ვკითხულობ.  ძალიან სახალისოა, დაწერილია გაბედულად, რისამე კონსტატანციის ენით. მედიაში მოღვაწე ახალგაზრდა თაობის უცნაური, გარეგნული ცხოვრების წესი, ძალიან ფხიზელი საუბარი და ელექტრონული მიმოწერა სექსზე, ეტიკეტებზე, მუსიკასა და ნარკოტიკებზე, მაგრამ არავითარი რისხვა, აღშფოთება, ან ამბოხი, სიძულვილიც კი… რაც გამოწვეულია თავისებური სევდით.

WELT: 

გენატრებათ ამბოხი თანამედროვე პირობების წინააღმდეგ?

Timm: 

მე უფრო ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც მონაწილეობენ ამ „Fridays for Future“-ში, ასევე აპროტესტებს საზოგადოებაში განვითარებულ ნაციონალისტურ და რასისტულ ტენდენციებს. ამის ნახვა შეგიძლიათ მათ მიერ გამოტანილ ტრანსპარანტებზე.

WELT: 

“კითხვა სხვასთან ერთად და სხვების მეშვეობით” წერია  თქვენი მოგონებების  წიგნში “მეგობარი და უცხო” და რომელიც ეძღვნება ბენნო ონეზორგს (Benno Ohnesorg). ამჟამად ვის უზიარებთ ამ გამოცდილებას?

Timm: 

ძირითადად ჩემს ცოლს, დაგმარ პლოეტცს (Dagmar Ploetz), რომელიც ესპანურენოვან ლიტერატურას თარგმნის.  დიახ, და კიდევ ჩემს მეგობარსა და რედაქტორს მარტინ ჰილშერს( Martin Hielscher).

WELT: 

თქვენ ბევრ ადგილას გიცხოვრიათ და გიმუშავიათ: რომში, არგენტინაში, პარიზში, ჰამბურგში, მიუნხენში, ბერლინში. არსებობს თქვენთვის ასეთი რამე – სამშობლო?

Timm: 

კარგად ვიცნობ ბერლინს და პარიზს, თუმცა თავს შინ ჩემს მშვიდ მიუნხენში ვგრძნობ.

WELT: 

ამას წინათ ბუკინისტთან ვიყიდე თქვენი წიგნი “იოანეს ღამე”, ბერლინისადმი მიძღვნილი რომანი. 2002 წლის წინასაახალწლო დღეებში ვიღაცისთვის გიჩუქნიათ და წარწერაც მიგიძღვნიათ. წარმოვიდგინე, როგორ შეიძლება მოხვედრილიყო ეს წიგნი მასთან. ალბათ ეს პიროვნება აღარ არის და მისი ბინა დაცალეს. თქვენ როგორ უმკლავდებით ფიქრებს გარდაუვალი დაბერების და სიკვდილის შესახებ?

Timm: 

მშვიდად.

 

 

 


6 Umvolkung (ან ე.წ. „ეთნომორფოზა“) ნაციონალ-სოციალისტური და რასისტული ტერმინი, რომელიც გულისხმობს ხალხის გადაკეთებას, „გერმანიზირებას“. დღეს რეაქციონერი პოლიტიკოსები ამ ტერმინს ხმარობენ მიგრანტებთად.

7 თავშესაფრის ტურიზმი

8 არალეგალური სატრანსპორტო მიმოქცევა

9 ხალხის მტერი

10 AfD – Die Alternative für Deutschland – ალტერნატივა გერმანიისათვის – ეს არის მემარჯვენე-პოპულისტური და ნაწილობრივ მემარჯვენე-ექსტრემისტული პოლიტიკური პარტია გერმანიაში, რომელიც თანდათან ძლიერდება და უკვე რაიხსტაგშიც ყავს წარმომადგენლები

 

 

1 2 3 4 5 6 7