ორივე შემთხვევა სხვადასხვანაირია, რადგან ალიენდეს ხალხისგან ბევრად ნაკლები მხარდაჭერა ქონდა, ვიდრე არბენცს. ალიენდე სოციალისტური რევოლუციისკენ მიისწრაფოდა და არა სოციალურ-დემოკრატიული რეფორმებისაკენ. თუმცა ამით არ იცვლება ის, რომ მე ყოველთვის ვგმობდი ავგუსტო პინოჩეტის სამხედრო დიქტატურას.

თქვენი შემოქმედება მრავალ ისტორიულ რომანს მოიცავს. ხომ არ იმალება ამის უკან უნდობლობა შეთხზული ამბების მიმართ?

არა, ამის უკან იმალება დიდი სიყვარული ისტორიისა და ისტორიული ფიგურებისადმი. სწავლის დროს არ ვიყავი დარწმუნებული, ისტორიკოსი უნდა გამოვსულიყავი  თუ მწერალი. მწერალს უპირატესობა აქვს ისტორიკოსთან შედარებით: მას თავისუფლად შეუძლია გადაუხვიოს უკვე დამკვიდრებულ ფაქტებს, თუკი თხრობისთვის სასარგებლოდ ჩათვლის.

არასდროს მდგახართ ცდუნების წინაშე მიახლოებოდით იმ მაგიურ-სიურეალისტურ თხრობას, რაც ბევრი ევროპელისათვის დღემდე ლათინურამერიკულ ლიტერატურასთან ასოცირდება?

არა. მე ძალიან მიყვარს ისეთი ავტორების კითხვა, როგორებიცაა გაბრიელ გარსია მარკესი ან ხორხე ლუის ბორხესი, მაგრამ თუკი აუცილებლად იარლიყი უნდა მივიწებო, მაშინ ეს იქნება რეალიზმი. წერისას ვცდილობ ხოლმე რეალობა ავსახო და არ გამოვიგონო. ჩემს სამწერლო სამუშაოს განეკუთვნება აგრეთვე ჟურნალისტური კვლევები. არბენცის შესახებ რომანს რომ ვწერდი, მთელი გვატემალა შემოვიარე, არქივებში კონსულტაცია გავიარე, ისტორიკოსებს ველაპარაკე.

თქვენ ლიტერატურას ანიჭებთ ცივილიზატორული და საგანმანათლებლო ზემოქმედების უნარს.

დიახ. ლიტერატურის უზარმაზარი სოციალური და პოლიტიკური ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ გაამკვეთროს მკითხველთა კრიტიკული სულისკვეთება რეალობის მიმართ. კარგი ლიტერატურა აღძრავს უკმაყოფილებას სამყაროს წინააღმდეგ, სულ ერთია, როგორიც არ უნდა იყოს. ის გვიჩვენებს, თუ რამდენად შორს არის რეალობა იმისაგან, რისი წარმოდგენაც შეგვიძლია, რამდენად საინტერესო და ამაღელვებელი შეიძლება იყოს რეალობა, თუ იგი იქნებოდა სხვაგვარი, ვიდრე არის.

როგორ ახსნით მაშინ იმას, რომ მე-20 საუკუნეში კაცობრიობისა და ცივილიზაციის წინაშე ჩადენილი  ყველაზე საშინელ დანაშაულებებში ლომის წილი ლიტერატურული ტრადიციებით მდიდარ ისეთ ორ ქვეყანაზე მოდის, როგორებიცაა გერმანია და რუსეთი?

(ფიქრობს) ეს, ჩემი აზრით, არ არის საკმარისი არგუმენტი იმ თეზისის საწინააღმდეგოდ, რომლის მიხედვითაც ლიტერატურას შეუძლია კრიტიკული მოქალაქეების შექმნა. რას აკეთებს დიქტატურა პირველ რიგში? იგი ცდილობს ლიტერატურის არტახებში მომწყვდევას და ამისთვის ცენზურას იყენებს. თავისუფალი აზროვნება და ფანტაზია შეუთავსებელია დიქტატურასთან.

საზოგადოების თვალთახედვით, ლიტერატურა კარგავს თავის მნიშვნელობას.

დიახ, რადგან იგი მოქცეულია ეკრანთან კონკურენციის რეჟიმში. ახალგაზრდები უყურებენ ფილმებს და თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს ნაცვლად იმისა, რომ ლიტერატურული ნაწარმოებები განიხილონ. ეკრანი ხომ მხოლოდ გართობას გთავაზობს, მას აკლია კრიტიკული და განმანათლებლური ელემენტი დაწერილი სიტყვისა.

ეს დიად კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებსაც ეხება?

დიახ. ფილმი შედგება სურათებისაგან, ლიტერატურა – იდეებისგან და იდეებისგან მიღებული ზემოქმედება, საშუალო და ხანგრძლივ პერსპექტივაში, უფრო ყოვლისმომცველი და სინამდვილისადმი უფრო მეტად კრიტიკულია, ვიდრე ეს  სურათების შემთხვევაშია. გარდა ამისა, კითხვისას ინტელექტუალური საქმიანობა ბევრად უფრო კომპლექსური და დაძაბულია, ვიდრე ფილმის პასიური მოხმარებისას.

ეს არის ელიტარული პოზიცია.

Hombre, /კაცო/ ამაზე სულ სხვადასხვა შეხედულება არსებობს. მასეც არაა, რომ მე არც ფილმებს ვუყურებდე და გასართობ ლიტერატურას არ ვკითხულობდე.

რას ფიქრობთ შვეიცარიულ ლიტერატურაზე?

რამდენიმე გამოკვეთილი ფიგურის გარდა შვეიცარიას არა აქვს დიდი ლიტერატურა.  ასეთ მაღალგანვითარებულ და მდიდარ  ქვეყანაში ქრება საჭიროება შეიცვალოს რეალობა და საზოგადოება. არადა სწორედ ეს საჭიროება ქმნის დიდ ლიტერატურას. ველტლიტერატურა იქმნება ქვეყნებში, სადაც არის დიდი პოლიტიკური და სოციალური კონფლიქტები. რატომ უნდა მოითხოვონ შვეიცარიელებმა სხვა სამყარო, როცა ასეთი  აქვთ?

თქვენ ათი წლის წინ მიიღეთ ნობელის პრემია. თქვენი ცხოვრების თანამგზავრი  ხულიო იგლესიასის ყოფილი ცოლია. ამან იგი ცნობილი გახადა და, როგორც ვიცით, პაპარაცები ისე დაგდევენ, თითქოს როკვარსკვლავი იყოთ. მართალია?

დიახ, სამწუხაროდ ასეა. სასეირნოდ ვეღარ გავსულვარ და კაფეში ვერ დავმჯდარვარ. საშინელებაა.

ასეთმა იზოლირებულმა ცხოვრებამ, რეალობასთან კონტაქტის გარეშე ყოფნამ, ხომ შეიძლება მომავალი რომანების ლიტერატურულ ხარისხზე იმოქმედოს?

იმედია, ასე არ მოხდება. თუმცა ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ხოლო ჭორის გავრცელება თანამედროვე კულტურის ცენტრალური ელემენტია.

თქვენ 84 წლის ხართ. ხშირად ფიქრობთ სიკვდილზე?

არა. სიკვდილის გარეშე სიცოცხლე ვერ იქნებოდა ასეთი ქმედითი. არ იქნებოდა ინტრიგა. დიდი იმედი მაქვს, რომ სიკვდილი წერის დროს მომცელავს.

 

 

1 2 3 4 5 6 7