სიბილე ბერგი Sibylle Berg 

 

(დაიბ.  2..06.1962 ვაიმარში) გერმანელ-შვეიცარელი მწერალი და დრამატურგი. წერს რომანებს (15), ესსეებს, მცირე პროზას, თეატრალურ პიესებს (25) და რადიოპიესებს. მიყავს აგრეთვე სხვადასხვა გამოცემის სვეტი. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია, მათ შორის უმნიშვნელოვანესია შვეიცარიის წიგნის პრემია რომანისათვის “GRM. Brainfuck” (2019).

https://www.derstandard.at 18. 04.2020

ესაუბრა მია აიდჰუბერი Mia Eidlhuber

STANDARD:

თქვენი ბოლო რომანი „ახირებულები იხსნიან სამყაროს“ ესაა ინტერვიუ სამყაროს მდგომარეობის შესახებ, რომლებიც თქვენ ვითომ 17 სხვადასხვა მეცნიერთან ჩაწერეთ. ამ წიგნის პუბლიკაცია დაემთხვა კორონას კრიზისის გაჩენას. თითოეული ამ საუბართაგანი იწყება შეკითხვით: აბა, დღეს იფიქრეთ უკვე მსოფლიოს მდგომარეობაზე? მეც ეს მინდა გკითხოთ თავიდან!

Sibylle Berg:

დაფიქრებულობა უკვე კარგი მდგომარეობაა, რაც ადამიანს მზრუნველს ხდის. უბრალოდ, ყურადღება უნდა მიაქციო, რომ ამ ყველაფერმა არ დაგადამბლავოს ან პანიკაში არ ჩაგაგდოს, რადგან სამყაროს შენი შფოთვა არ ესმის, მისთვის სულ ერთია. ჯერ კიდევ პანდემიამდე გაოცებით ვაკვირდებოდი, რას უშვება კაცობრიობას კაპიტალიზმი, რომელსაც სამყარო მკლავებში მოუქცევია და ნეოლიბერალიზმში სულ უფრო და უფრო  მეტად გადავარდნილა. დღესაც არაფერი შეცვლილა. ამ მომენტისათვის არც ერთი ქვვეყნის მდგომარეობა არ გამოირჩევა ორიგინალობით.  ყოველი მათგანი თავისთვის იკეტება და  გლობალური პრობლემის გადაწყვეტას ნაციონალურად ცდილობს. ხოლო ბანკები და მსხვილი კომპანიები, მილიარდერები და კორპორაციები – ყველანი მზად არიან, რომ საერთო მასიდან გამოეყვნენ და თავიანთი დივიდენდები პირველებმა გადაარჩინონ.   ასე რომ, ახალი არაფერია, უბრალოდ, ეს უამრავ მცირე მეწარმეს და თვითდასაქმებულს კრიზისის გამო ბაზრიდან გაქრობას უქადის, რაც, რა თქმა უნდა, ასევე გლობალიზაციის ნეგატიური შედეგია. ამავე დროს, ზოგიერთ დასავლურ ქვეყნებში ისმის დემოკრატიული საზოგადოების თვითკმაყოფილ-რომანტიკული  ღუღუნი.  ბევრს უხარია, რომ სახელმწიფო შესანიშნავად ფუნქციონირებს. თუმცა ამ სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც მაქსიმალურ დაზოგვასა და მინიმალურ წინდახედულობას ეფუძნებოდა, ხომ, სამწუხაროდ, ამ პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია,   რის გამოც ჩვენ ახლა  თავისუფლების უფლებათა სრული გაუქმება კმაყოფილებით უნდა ავიტანოთ.

STANDARD:

ამას წინათ ტვიტერში დაწერეთ: კიდევ რამდენ ხანს ავიტანთ ამას? თქვენ თვითონ გაქვთ პასუხი ამაზე?

Berg: 

ჰო, რა ვიცი, დიდი ხნით ალბათ ვეღარა. უკვე ერთ კვირაში ფრთები ჩამოყარა სოლიდარობამ, რომელიც გამოიხატებოდა აივნებზე კონცერტების გამართვასა და რისკის ჯგუფისათვის შესყიდვების სამსახურის მუშაობაში. ახლა უკვე საზოგადოება მთელი სერიოზულობით მსჯელობს ადამიანთა გადარჩევის შესახებ იმ შემთხვევებში, როცა ინტენსიურ მედიცინას ადგილები თვლით აქვს. ასე რომ, ეს პრობლემა მედიცინაში მათ მიერვე შეიქმნა რესურსების დაზოგვის ღონისძიებების, ნაწილობრივი პრივატიზაციის, უყაირათობის შედეგად, მერე ექთნებსა და ექიმებზე გადავიდა და 45 წლამდე ასაკის საზოგადოებისათვის  ისე ბუნებრივად ჩაითვალა, თითქოს სიცოცხლეთა შორის რაიმე თვისებრივი განსხვავება არსებობდეს.

STANDARD:

“Spiegel”-ის სვეტში თქვენ წერთ: კაპიტალიზმი და ანაზღაურების სისტემა დაპაუზდა.  თითქოს ჩვენი თავის ანაბარად მიგვაგდეს.“ საერთოდ არა ხართ მადლობელი იმისათვის, რომ შეგასვენეს?

Berg: 

მე მადლობელი ვარ, რომ პრივილიგირებულ მდგომარეობაში ვარ, მშვენიერ ბინაში ვცხოვრობ, ხეებს გავყურებ და ჭამა-სმის პრობლემა არა მაქვს. მაგრამ ვისი მადლობელი უნდა ვიყო? ჰო, სხვამხრივ ყველაფერი ცუდადა, თანაც ჩემს თავზე ლაპარაკი ისედაც არ მიყვარს. ჩემი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა, გარედან თუ შევხედავთ, ისედაც სულ მოსაწყენი იყო.

STANDARD:

ყველა ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს მოიცალეს წიგნების წასაკითხად. ამ დროს ყველა თავის მობილურს ან ნოუტბუკს ჩაკირკიტებს, აწყობენ ვიდეოკონფერენციებს, ონლაინწვეულებებს ან უყურებენ ნეტფლიქსის სერიალებს. ამ კორონა-პანდემიამ საბოლოოდ ხომ არ გვაქცია სატელევიზიო თუ ციფრულ საზოგადოებად?

Berg: 

მე ამას მთლად ასე არ ვხედავ, რადგან ის ადამიანები, რომლებსაც სოციალურ მედიაში ვუყურებ – უდავოდ, რომ ეს მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილია – , გიჟებივით კითხულობენ. ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს დიდი სიხარულით ეფლობიან ჩემს დიდტანიან წიგნში. მეორე კითხვაზე გპასუხობთ: დიახ, ჩვენ უკვე ციფრული საზოგადოება ვართ და ეს ნორმალურია.  არა მგონია, წიგნები გაქრეს და თუკი მათ  ნაკლებად კითხულობენ, მაშინ საჭიროა წიგნის ინდუსტრიის გააქტიურება. ამ  დროისათვის ყველა ხვდება, რა დაუჯერებელად სისულელე იყო გაყიდვის გზების მთლიანად ამაზონზე ჩამოკიდება, რომელიც ახლა წიგნებს აღარ ყიდის და მიტანაც გადაავადეს, რადგან სხვა პროდუქტებს ვეღარ აუდიან. ალბათ გერმანული ბაზარი აამუშავებს  ალტერნატიულ საზოგადოებრივ პლატფორმას

 

 

1 2 3 4 5 6 7