მარიო ვარგას ლიოსა

 

 

https://www.tagesanzeiger.ch

ესაუბრა სანდრო ბენინი

23.03.2020

მარიო ვარგას ლიოსა ცხოვრობს მადრიდის საელჩოთა უბანში. ცოტაზე შეაღმართებულ, ხეებით დაბურულ ქუჩას მივუყვები. მანქანა იშვიათად თუ გაივლის. აი, მის სამფლობელოსაც მივადექი. მისი სახლის გვერდით, ჭიშკარზე გაკრულია აბრა: «República Bolivariana de Venezuela»1. ბედის ირონიით, მისი კარის მეზობელი ზუსტად იმ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენელია, რომლის პრეზიდენტსა და მთავრობასაც იგი ასე ცხარედ აკრიტიკებდა. 

ზარის დარეკვაზე დისტანციურად იღება რკინის ჭიშკარი. ვიწრო, ორივე მხრიდან მცენარეებითა და ბუჩქებით შემოსაზღვრული ღია გასასვლელით შევდივარ სახლში, სადაც პერუელი მწერალი მას შემდეგ ცხოვრობს, რაც, – ლიტერატურული საზოგადოების გასაოცრად და ყვითელი პრესის გასახარად – , ცოლს გაშორდა, 50 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.

ამჟამად ცხოვრების ახალი თანამგზავრი ყავს – საესტრადო მომღერალ ხულია ეგლესიასის ყოფილი ცოლი. მდიდრული და ელეგანტური სახლია, მაღალი ფანჯრებით, მარმარილოს კიბეებით… კიბესთან მსახური დგას, პალტოს მართმევს და დერეფნისკენ მიმითითებს, საიდაც მარიო ვარგას ლიოსას სამუშაო კაბინეტშე შევდივარ: დიდი საწერი მაგიდა, წიგნების კარადები, მუქი ხე, გაფორმება, ხარისხიანობა. ნობელის პრემიის ლაურეატი დივანზე ზის

ვარგას ლიოსა წამოდგა. საკმაოდ მკვირცხლია 84 წლისათვის. შთაბეჭდილება მექმნება, რომ გაუხარდა სტუმარი და მას ხელს ართმევს და ხელს ისე ართმევს, თითქოს ეს იყოს სრულიად ჩვეულებრივი ქცევა ამ დროში. არადა 9 მარტია, მადრიდში ეს-ესაა იწყება კორონა-კრიზისი და უკვე მდგომარეობაც იძაბება. ახლა რომ არის, ჯერ ისეთი მძიმე სიტუაცია არაა, რითაც აიხსნება ალბათ ის გარკვეული უდარდელობა, რასაც ვარგას ლიოსა საუბრის დასაწყისში კრიზისზე საუბრისას ამჟღავნებს.

თავიდან ბოდიშს იხდის, რომ ინტერვიუს დრო დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ერთი საათით გადასწია. სტუმარს შენობით მიმართავს, სრულიად გადაჭრით და უბოდიშოდ.

ნეტა ნობელის ლაურეატსაც ასე იოლად მიმართავ შენობით? ამ დროს, ლათინურ ამერიკაში ასეა მიღებული. ალბათ მწერალს უნდა ეს გლამურული ინტერიერი და ბატონკაცური იერსახე გარკვეული ბუნებრიობით გააბათილოს. ჩვენ, როგორც ყოველთვის, თქვენობით ფორმას ვირჩევთ და საუბარში ვარგას ლიოსაც თანდათანობით თქვენობითს უბრუნდება.

ისე, ვფიქრობდი, რომ ამ ინტერვიუს გააუქმებდით.

რატომ კი მარა?

იმიტომ რომ კორონა-ვირუსი მადრიდში განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და თქვენ, თქვენს ასაკში, საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ ხართ. არადა მისალმებისას ხელიც კი ჩამომართვით.

არა, საერთოდ არა. დღეს მთელს მსოფლიოში კორონავირუსის პარანოიაა, რაც კიდევ უფრო ძლიერდება მედიების მხრიდან ინფორმაციის გაზვიადებით.

სიკვდილიანობა კორონავირუსის დროს დაახლოებით ათჯერ მაღალია, ვიდრე რომელიმე სხვა გრიპის შემთხვევაში… თანაც, ვინაიდან თითქმის ყოველი მეხუთე ინფიცირებული საავადმყოფოში ხვდება, ლომბარდინიაში ჯანდაცვის სისტემა თითქმის განადგურდა.

თუმცა სხვაგან ასე ცუდად არაა საქმე, მაინც ვიმედოვნებ, რომ  მეცნიერები მალე იპოვიან ვაქცინას. კორონავირუსის პანდემია ისევე ჩაივლის, როგორც ეს შიდსის, ებოლას და სხვა ვირუსებზე მოხდა. მალე ყველაფერი, რაც დღეს ასე დრამატულად მოჩანს, მკრთალ მოგონებად დარჩება.

თქვენი თავდაჯერებულობა მაკვირვებს. ჩვენ დღეს მომსწრენი ვართ ჯანმრთელობის ყველაზე დიდი გლობალური კრიზისისა ესპანური გრიპის შემდეგ. არსებობს საყოვეთაო რეცესიის საფრთხე. თქვენი დემონსტრაციული სიმშვიდე ალბათ იმას უკავშირდება, რომ გლობალიზაციაა ამ ჭირის მიზეზი, რომელსაც თქვენ ყოველთვის თავდადებით იცავდით?

არა, რა თქმა უნდა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გლობალიზაცია  არის ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც კი კაცობრიობას ოდესმე დამმართნია. და ეს მტკიცედ მჯერა. ბოლო-ბოლო გლობალიზაციას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ქვეყანას შეუძლია თავად გადაწყვიტოს ღარიბი უნდა რომ იყოს თუ მდიდარი. წარსულში ეს შეუძლებელი იყო. როცა მთავრობა სწორად იქცევა, მას შეუძლია თავისი ქვეყნიდან მეორე სინგაპური შექმნას. როცა მთავრობა უპირატესობას კოლექტივიზმს და პოპულისტურ უმეცრებას მიანიჭებს, ეს გამოიწვევს ისეთივე სიღატაკეს და ბარბაროსობას, როგორც ეს ვენესუელაში მოხდა. ამ ფაქტს ვერ შეცვლის  ეს ხანმოკლე ჯანმრთელობის კრიზისი.

როგორ ახსნით, რომ ევროპის მდიდარ, დემოკრატიულ და ლიბერალურ ქვეყნებში ე.წ. მემარჯვენე პოპულიზმი განსაკუთრებით ძლიერია?

პოპულიზმი დემოკრატიის ავადმყოფობაა, რომლის ყველაზე სახიფათო სიმპტომიც ნაციონალიზმია. ნაციონალისტები ამკვიდრებენ ტომობრივ აზროვნებას, ხოტბას ასხამენ  რეაქციულ კულტურულ იდენტობას, რომელიც არასდროს არსებულა. მაგრამ იმის გამო, რომ მათ ამ მომენტისათვის რამდენიმე ქვეყანაში უპირატესობა აქვთ, ამიტომ ლიბერალური საბაზრო  ეკონომიკის მიღწევები არ უნდა დავთმოთ. ჩვენ არ უნდა შეგვაცდინოს ვინმემ და კითხვის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ სისტემა, როგორც მთლიანობა.

როგორც ეკონომიკური ლიბერალიზმისა და გლობალიზაციის დამცველს, ცოტა თვითკრიტიკა ხომ არ გმართებთ? არ ასრულდა მოლოდინი, რომ გლობალიზაციის მეშვეობით შექმნილი სიმდიდრე ყველას სასიკეთოდ წაადგებოდა.

ჭეშმარიტად ლიბერალურ სისტემაში ყველანი კარგად არიან. ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი ლათინურ ამერიკაში არის ჩილე, სადაც აბსოლუტური სიღატაკე გამქრალია.

სწორედ ჩილეა ის ლათინურამერიკული ქვეყანა, რომელსაც აზანზარებს სოციალური პროტესტები. ერთი შეხედვით, ეს მართლაც დიდი მოულოდნელობაა. და მეორე შეხედვით?

მეორე შეხედვით კი ისეა, რომ საშუალო კლასი ჩილეშიც და სხვა ქვეყნებშიც საზოგადოებრივი და ეკონომიკური ზრდის საფრთხეს ხედავს და ამიტომ ქუჩაში გადის. ეს იგივე ფენომენია, რაც ყვითელჟილეტიანთა ამბოხია საფრანგეთში. ამას არაფერი აქვს საერთო რეალური ღარიბი ქვეყნების სოციალურ პროტესტებთან.

 


1ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა

 

1 2 3 4 5 6 7