„კორონა-პანდემია მოქმედებს, როგორც ევგენიკის4 ცინიკური გამოგონება“

ინტერვიუ უვე ტიმთან

https://www.welt.de

31.03.2020 |

ესაუბრება ფილიპ ჰაიბახი.

უვე ტიმი (Uwe Timm) – (დაიბ. 1940 წ. ჰამბურგში) გერმანელი მწერალი, თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემოქმედი, მრავალი პრემიის ლაურეატი.

WELT: 

ახლა ისედაც აქტუალურია, თუმცა სხვა დროსაც აუცილებლად შეგეკითხებოდით   ალბერტ კამიუს შესახებ. თქვენი დისერტაცია  ხომ მას ეძღვნება, ხოლო პირველი წინადადება მისი რომანიდან „შავი ჭირი“ განიხილეთ კიდევაც თქვენს ლექციაზე ფრანკფურტში. განა აბსურდი არაა, რომ „შავი ჭირი“ ამასობაში  ამ საათების, კვირების, თვეების მთავარი წიგნი გახდა?

Timm: 

ერთი დიდი განსხვავებაა. შავი ჭირი რომანში ათანაბრებს ყველა ადამიანს. სნეულება, ისევე როგორც სიკვდილი,  ეხება ყველას თანაბრად. კორონა-პანდემია კი პირიქით, ისე  მოქმედებს, თითქოს ევგენიკის ბოროტი გამოგონება ყოფილიყოს: მისი სამიზნე მხოლოდ მძიმედ დაავადებულები და მოხუცებია.  ახალგაზრდებს, როგორც ჩანს, ასეთი საფრთხე არ ემუქრებათ და მათ არც უნდა იგრძნონ, რომ რამე ემუქრებათ. ამიტომაცაა მუდმივი მოწოდება სოლიდარობისაკენ, რაც, რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღრდეს, განცალკევებას გულისხმობს.

WELT: 

ჩვენი ყოველდღიური ჩვევები რადიკალურად შეიცვალა. თქვენს რომანში „კერბელის გაქცევა“ („Kerbels Flucht“1980) წერია: „რაც ადრე ძალიან სასიამოვნო იყო, – სავარძელში ჯდომა და მუსიკის თანხლებით კითხვა -, ეს დღეს ძალდატანებად მოჩანს. სწორი კუთხეების ეს აუტანელი სიბრიყვე…  ოთახში ნივთები „ტყვიის სიმძიმემდე ნაცნობია“. უცნაურია საყურებლად, თუ როგორ ინფიცირდება ჩვენი ინტერპრეტაცია ვირუსით. შეიძლება კი წარსული ოდესმე აწმყოს გარეშე წაიკითხოს კაცმა?

Timm: 

არა, წარსული, წაკითხვის მომენტში, ყოველთვის თავიდან განისაზღვრება. თანამედროვეობა თავის მზერას მიაპყრობს წარსულს. და განცდების – მათ შორის, კითხვის შედეგად გაჩენილების – მნიშვნელობაც, შესაბამისად, სხვადასხვანაირად  დაიჩრდილება.

WELT: 

ამბობენ, არ არსებობს სიცოცხლე კავშირებით კილოში. თუმცა თქვენი ახალი ესეთა კრებული მაინც უტოპიას უტრიალებს. ნუთუ გასულ ათწლეულებში უტოპიების ჩამოყალიბებას გადავეჩვიეთ, რადგან უკვე საჭიროდ აღარ მივიჩნიეთ? და რა საერთო აქვს ყოველივე ამასთან ლიტერატურას?

Timm: 

ისე ჩანდა, თითქოს სოციალისტური ქვეყნების დაშლასთან ერთად ისტორია გაჩერდა. სხვამ თუ არა,  დასავლეთმა ხომ მაინც მიაღწია კეთილდღეობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მაღალ დონეს. თუმცა ეს თითქოს თავისთავად არსებული სიჭარბე იქაც დამთავრდა აფრიკიდან და არაბული ქვეყნებიდან დაძრული ხალხების შემოდინებით. ერთ დღეს, სრულიად მოულოდნელად, კარზე ღარიბები მოგვადგნენ. ამას დაემატა წინასწარმეტყველობები მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ. თან ეს ფართოდ დაღებული უფსკრული სიღარიბესა და სიმდიდრეს შორის აქ, ჩვენს ქვეყანაში –  ასევე საერთაშორისო მასშტაბითაც. შემთხვევითი არაა, რომ დაიწერა ბევრი რომანი და მოთხრობა, სადაც აღწერილია დისტოპიური ურთიერთობები. უილბეკი არის ამის მაგალითი. თუმცა დისტოპიის აღწერაში ყოველთვის ჩანს ხოლმე უტოპიაც. უეცრად დაისვა სასწრაფო შეკითხვები მომავლისადმი.

WELT: 

რა შეკითხვები?

Timm: 

მკითხველებთან შეხვედრებზე გამართულ დისკუსიებში სწორედ ასეთი შეკითხვები დაისმის – როგორ მივაღწიოთ მეტ სამართლიანობას საზოგადოებაში. შეკითხვები, როგორ უნდა იცხოვრო. ასევე საცხოვრებელი სივრცის ხელმისაწვდომობის, აფრიკის ქვეყნებთან საქონლის სამართლიანი მიმოცვლის საკითხები. უპირველეს ყოვლისა, კი „პარასკევი მომავლისათვის“5 დემონსტრაციები ამ შეკითხვებს პოლიტიკურ აქტუალობას ანიჭებს და დაჟინებულს ხდის.

 


4 ევგენიკა წარმოიშვა ბერძნული სიტყვისგან eugenes და ნიშნავს, (eu-საწყისი. genes-დაბადება.) რწმენას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გაუმჯობესებული გენეტიკური მასალის მქონე მოსახლეობის მიღება. ეს არის სოციალური თეორია, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავიცვათ სუფთა ხაზის მქონე რასა, გავაუმჯობესოთ მათი გენეტიკური ინფორმაცია, იმის მიხედვით, სასურველია თუ არა ის და ასევე შეიძლება არასასურველი გენეტიკური მასალის მოშორება.

5 Fridays for Future – სკოლების გაფიცვა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ, რომლის ორგანიზატორია შვედი მოსწავლე გრეტა ტუნბერგი.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7