ის აღმოსავლეთევროპული ქვეყანა, რომელმაც თქვენი ლიბერალურ-ეკონომიკური რეცეპტები განსაკუთრებული გულმოდგინებით დანერგა, პოლონეთია.  და ვინ მართავს დღეს პოლონეთს? მემარჯვენე პოპულისტი ანტიდემოკრატები. რაღაც ვერ უნდა იყოს მთლად რიგზე თქვენს მსოფლმხედველობაში.

თავისუფალ სისტემაში ადამიანებისთვის ნებადართულია არასწორი არჩევანი. მანდ ეგ ამბავია. ვინ იფიქრებდა ოდესმე, რომ ამერიკის პრეზიდენტი გახდებოდა ისეთი კატასტროფული ფიგურა, როგორიც დონალდ ტრამპია? არადა სრულიად ლეგიტიმური, დემოკრატიული გზით აიჩიეს. ვინც დემოკრატიის მხარეზეა, იმან მისი რისკებიც უნდა ცნოს. გარდაუვალია, რომ ისეთი ღრმა  რევოლუციური გადატრიალება, როგორიც გლობალიზაციაა, საპასუხო რეაქციებს აუცილებლად გამოიწვევს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, საქმე ეხება დაქვემდებარებულ საპასუხო მოძრაობებს. სიტუაცია, რომელშიც ახლა ვართ, მაგონებს იმას, რაც კარლ პოპერმა2 1994 წელს განმარტა.

კერძოდ?

მან თქვა ასეთი რამ, არა სიტყვასიტყვით: დიახ, ბევრი რამ არაა ისე, როგორც უნდა იყოს, თუმცა კაცობრიობა არასდროს ყოფილა ისე კარგად, როგორც სწორედ ახლაა. ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა დეპრესია შემოგვეძალება. არაფერია მარტივი, არაფრის წინასწარმეტყველება არ შეიძლება და რეალობა უფრო კომპლექსურია, ვიდრე ყველა იდეოლოგია.

თქვენი ოპტიმიზმი ურყევია?

თუკი დიდ ისტორიულ ხაზებს დააკვირდები, მაშინ გამართლებულია. ლათინურ ამერიკაში, – კუბის, ნიკარაგუასა და ვენესუელას გარდა, – დიქტატურა აღარ დარჩა. საბჭოთა კავშირი გაქრა, კომუნიზმი, რომელმაც იდეალისტური ახალგაზრდობის ამდენი წარმომადგენელი ეტაპობრივად აცდუნა, დამარცხებულია. ეს ფანტასტიკურია და ამან მისცა ლიბერალურ დემოკრატიას საშუალება ისე გავრცელებულიყო, როგორც ამას რამდენიმე ათწლეულის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.

თქვენს წიგნში „ურდოს ძახილი“თქვენ წერთ, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა  ავტორიტატულ სისტემაში წარმოუდგენელია. ჩინეთი ამტკიცებს საპირისპიროს.

ეს ასე არ არის. სწორედ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ამტკიცებს, რომ პროგრესი და დიქტატურა ერთმანეთთან შეუთავსებელია. ჩინელი ექიმები, რომლებიც მოსალოდნელი ეპიდემიის შესახებ გვაფრთხილებდნენ, დააპატიმრეს  და გააჩუმეს. ამის გამო ინფექცია ჩინეთში კვირეთა მანძილზე დაუბრკოლებლად ვრცელდებოდა. თავისუფლება ერთიანია, და ჭეშმარიტი პროგრესი მხოლოდ მაშინაა, როცა ერთი სისტემის შიგნით ყველა სფერო – მეცნიერება, კულტურა, პოლიტიკა და არა მხოლოდ ეკონომიკა – თავისუფალია. თუკი კორონავირუსს რამე კარგი აქვს, ეს არის მისი უნარი, რომ ეს ფაქტი ჩვენი მეხსიერებიდან გამოიხმოს და ე.წ.ჩინურ მოდელს ჯადო ჩამოხსნას.  

არ მესმის, რას შეცვლის კორონავირუსი იმ ეკონომიკურ თუ ტექნოლოგიურ პროგრესში, რასაც ჩინეთმა მიაღწია, მიუხედავად მისი ავტორიტარული რეჟიმისა. მაგრამ მე გთავაზობთ, რომ შევცვალოთ თემა. ვილაპარაკოთ ლიტერატურაზე.

კი, ბატონო.

თქვენი ახალი რომანი ეხება გვატემალელ პრეზიდენტს იაკობო არბენცს, რომელიც 1954 წელს დაამხეს ჯარის ნაწილებმა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დახმარებით. რა არის ამ მოვლენის ისტორიული მნიშვნელობა?

არბენცის ძალადობრივ ჩამოგდებას მთელი ლათინური ამერიკისათვის ჰქონდა კატასტროფული მნიშვნელობა. მე ვიყავი მაშინ სტუდენტი პერუში და მახსოვს, თუ რა დაძაბულად ვადევნებდით თვალყურს გვატემალას დრამას. არბენცმა, დემოკრატიულად არჩეულმა სამხრეთამერიკელმა პრეზიდენტმა სცადა რადიკალური რეფორმების განხორციელება. გამოუყენებელი მიწები უნდა დარიგებოდა ღარიბ გლეხებს, საწარმოებს უნდა გადაეხადათ გადასახადები. სრულიად კანონიერი ღონისძიებები იყო, რასაც დემოკრატიულად არჩეული კონგრესი და საზოგადოება ფართოდ და თანმიმდევრულად განიხილავდა. არბენცის მოწინააღმდეგეებმა და აშშ-ს მთავრობამ ძალადობრივად დაამუხრუჭეს ეს პროცესი, იმ საბაბით, თითქოს პრეზიდენტი  საბჭოთა კავშირის მარიონეტი ყოფილიყო.

ტყუილს აბრალებდნენ?

ეს იყო სრული აბსურდი. დღეს ამას Fake News ქვია. მაშინდელ გვატემალაში ერთი რუსიც კი არ იყო, ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ ქონდა რუსეთთან. არბენცი იყო ანტიკომუნისტი სოციალ-დემოკრატი.

რა რეაქცია ქონდათ ლათინური ამერიკის მცხოვრებლებს არბენცის ძალადობრივ ჩამოშორებაზე?

მათ დაინახეს, როგორ დაიმსხვრა მათი ილუზიები, რომ ლათინური ამერიკის რეალობა ზომიერი დემოკრატიული რეფორმების მეშვეობით შეიძლება შეიცვალოს. შედეგები არა მარტო გვატემალისათვის იყო კატასტროფული, არამედ მთელი ლათინური ამერიკისათვის.

ეგ როგორ?

მემარცხენეთა დიდ რაოდენობაში დამკვიდრდა რწმენა, რომ სამართლიანობას რეფორმები კი არ ქმნიან, არამედ რევოლუციები.  დაიწყო ორმოცდაათწლიანი ეპოქა, როცა ვრცელდებოდა აგრესიული ანტიამერიკანიზმი და ყველგან იქმნებოდა კომუნისტური პარტიზანული ორგანიზაციები. მაგალითად, გმირად არბენცი კი არ ითვლებოდა, არამედ ფიდელ კასტრო. კასტროს გამარჯვებაზე და კუბის დიქტატურაზე პასუხისმგებლები არიან ამერიკელები.

მასე კასტროსაც შეეძლო დიქტატურის შექმნა.

ალბათ… მაგრამ როცა კასტრო 1953 წელს, მონკადას ყაზარმაზე თავდასხმის შემდეგ, სასამართლოს წინაშე თავს იცავდა, ზუსტად ისეთივე სოციალ-დემოკრატიული და რეფორმისტული პროგრამა წამოაყენა, როგორც არბენცმა. ეგ მერე გარადიკალურდა, სხვათა შორის, ჩე გევარას გავლენაც იყო, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრის დროს არბენცის წინააღმდეგი იყო.

მემარცხენეთა  საერთაშორისოდ ცნობილი კერპი, რომელიც ლათინურ ამერიკაში ამერიკელთა ჩარევის წინააღმდეგ იბრძოდა, არის არა არბენცი, არამედ ჩილელი სალვადორ ალიენდე.

 

 


2(გერმ. Karl Raimund Popper; 28.07.1902 — 17.09.1994) — XX საუკუნის ავსტრიელი და ბრიტანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი..

Mario Vargas Llosa  (Autor), Thomas Brovot (Übersetzer), „Der Ruf der Horde: Eine intellektuelle Autobiographie“, Suhrkamp Verlag, 2019, .

 

1 2 3 4 5 6 7