შეხვედრამ მაინც თავისი ქნა, საუბარს  შევყევით და ძველ ამბებს გუშინდელ დღესავით ვიხსენებდით. ცოტა ხანში ურთიერთობა აღდგა და თავდაპირველი სიუცხოვე თვალსა და ხელს შუა გაქრა. მაშინ გავიფიქრე, ის ადამიანებიც რომ ყოფილიყვნენ იქ, რომლებიც უკვე აღარ იყვნენ ამქვეყანაზე, ასევე გაიხსენებდნენ სულ უმნიშვნელო დეტალებსაც კი, მაგრამ ისინი აღარ იყვნენ და აღარ იყო მათი მახსოვრობაც. და უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემი წარსული გაცოცხლდა, ვიგრძენი ისიც, რომ წარსულში ჩამარხული დროის ყოველი მონაკვეთი უამრავ წვრილმანს იტევდა. ეს წვრილმანები უკვე დავიწყებული მქონდა და მხოლოდ იმ წამს გაცოცხლდებოდა, რა წამსაც რეალურ ცხოვრებაში კიდევ ერთხელ შევეხებოდი მათ და მივხვდი – ჩემი მახსოვრობის ფსკერი მოფენილი იყო თითქმის უთვალავი შეუმჩნეველი ცხოვრებისეული წვრილმანით და იმასაც მივხვდი, უკვე იმაზე მეტად ხანგრძლივი გზა მქონდა გავლილი, ვიდრე წარმომედგინა. ვუყურებდი ამ ადამიანებს, რომელთა დახსომებაც არასოდეს მიცდია და ვხედავდი, რომ ჩემს მახსოვრობაში თანდათან იღვიძებდა მათი სახის ყოველი ნაკვთი, ხმის ტემბრი, ირონია, ლაპარაკის თუ სიარულის მანერა.

***
დიდხანს აღარ გვილაპარაკია. შენობაში შევედით და დერეფანს გავუყევით. მთელი შენობა სანოტარო კანტორად იყო გადაქცეული. არამცთუ დრო, ეპოქაც კი შეიცვალა. აქ სხვადასხვა ოთახებში ისხდნენ ადვოკატები, სარეკლამო სააგენტოს მუშაკები, მთარგმნელები, გამომცემლები, ხელოსნები და სხვა ათასი ჯურის ახალი დროის მოხელეები. ბედის ირონიად მეჩვენა ჩვენი ნირვანის სამოხელეო ოფისად ანუ სანოტარო კანტორად გადაკეთება. საოცარი დამთხვევა იყო – ზაზას მოთხრობაში წარმოსახულმა რეალობამ ემპირიულ რეალობაში შეისხა ხორცი. ოდესღაც შუქ-ჩრდილებით სავსე ნირვანა, რომლის წყნარი სინათლით მოლივლივე წიაღში ზაზას „დამიწებული ლექსის“ ჩანაფიქრი დაიბადა (თუ შეიძლება ლექსის ჩანაფიქრი დაიბადოს), ბიუროკრატიულ აპარატად გადაქცეულიყო. შევკრთი.  გამახსენდა ამ ლექსის ფინალი, სადაც ჩემი მეგობარი ჩემ მიმართ გულთბილ დამოკიდებულებას და საკუთარი ხვედრისადმი გულისტკივილს გამოხატავდა:

ეჰ,  ჩემო  ძმაო,
შენ ფაქიზი ხარ, მგრძნობიარე, შენ ხარ პოეტი
და კარგად იცი, თუ რას ნიშნავს
სიტყვები „ქარი“, „მეგობარი“, „დამიწებული“,
მე კი ხორკლიან ნაყოფივით ჩემს თავს მოვები
და ვიცი მხოლოდ – ეს სიტყვებიც, ეს ჩემი თავიც
დაკარგულია წინასწარ და
დავიწყებული.

ამ შენობის ღრმა ოთახებში უცხო ადამიანების დახშული ხმები ისმოდა. ისინი ჩუმად მოძრაობდნენ დერეფნების ხვეულებში. მათ სახეებზე უაზრობა და უსიხარულობა იყო გამოხატული. პირველი შეხვედრისთანავე ჩანდა, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ იმწამიერი საქმე აკავშირებდათ ერთმანეთთან და სხვა არაფერი. ხვალ ახალი კლიენტები შემოაბიჯებდნენ შენობაში და საქმეც სხვა მიმართულებას შეიძენდა. დერეფანში სკამების მწკრივი გაჩენილიყო, სადაც ათიოდე კლიენტი ახლაც იჯდა და ელოდა თავის რიგს.

ძველი თანამშრომლები ჯვებეს გავყევით უკან, მას, როგორც თვითონ გვითხრა, ერთი პატარა ოთახი ჰქონდა დათრეული. ავედით და საწერ მაგიდას შემოვუსხედით. იულონმა მტვრიანი ზედაპირი ტილოთი გადაწმინდა და მაგიდაზე ძველი გაზეთები დააფინა. ჯვებემ დანჯღრეული და დაჟანგებული მაცივრიდან შავი პური, შებოლილი თევზი და არყის ლიტრიანი ბოთლი გამოიღო. მყუდრო ეზოს ძველმა მკვიდრებმა და შენობის ძველისძველმა მუშაკებმა თევზის გაფცქვნა დაიწყეს. ისინი დამშეულები იყვნენ და ხარბად შესცქეროდნენ მოზრდილ ნაფცქვენებს. ერთმა ვეღარ მოითმინა, ნაგლეჯს წასწვდა და ლოღნა დაუწყო. ყველანი გაკვირვებულები შევცქეროდით ერთმანეთს, მე მგონი, ყველას ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს ოცი წლის წინათ სცილასა და ქარიბდას შორის გამოვლილ ხომალდზე ვიმყოფებოდით და ერთმანეთი ახლაღა შევამჩნიეთ…

ჯვებეს კედლებზე ფოტოები გაეკრა. შავ-თეთრ ფოტოებზე 90 – იანი წლების ბნელი ქვეფენილი, ადამიანის სილუეტი, კედელი და ფანჯარაში გამომდგარი სანთელი იყო აღბეჭდილი. ეტყობა, ოჯახის დაგვიანებულ წევრს ელოდნენ და აი, ისიც უახლოვდებოდა სახლს. სხვა სურათზე ვაგზლის მოედნის გადასასვლელში გამწკრივებული მათხოვრები და მათგან გაუცხოებული მოსიარულე ნატანჯი მგზავრები ჩანდნენ. აქვე იყო შეცბუნებული თუ შეფიქრიანებული სახეები ქაშვეთში ღვთისმშობლის ხატთან მლოცველი კაცებისა და ქალების. მათ სახეებს სანთლების შუქი ნახევრად ანათებდა. ამ სურათებს შორის იყო ნირვანაში ანუ ჩვენს ოთახში გადაღებული ფოტო, სადაც მე  და ზაზა ოთახის კუთხეში მომლოდინე სახეებით ვისხედით, რას ან ვის ველოდით, არ მახსოვს. ჩვენს სახეებზე შიში, ელდა და სინანული იყო აღბეჭდილი.

ჯვებე ლაპარაკს მოჰყვა, თან არაყს ასხამდა და მოკლე სიტყვებს წარმოთქვამდა. ჩვენ ვიხსენებდით ამ შენობას, რომელშიც ვისხედით და რომელშიც ადრე  სხვადასხვა ჟურნალის თუ გაზეთის რედაქცია იყო. მერე ვიხსენებდით ზაზას, გოგიას, გიგას, პანოვს და სხვებს, ვინც ამ ეზოში ან ამ შენობაში ტრიალებდა და სამუდამოდ დატოვა აქაურობა. ერთმა მორუსო ტიპმა, პანოვი კარგად მახსოვსო, თქვა და თან მისი ლექსიც მოაყოლა. ამ ლექსში ლაპარაკი იყო გაუთავებელ წვიმებზე, წვიმები ქალაქის შენობებს ესხურებოდა.

მერე ოთახში თანდათან მწუხრი შემოიპარა. მეინახენი უკვე უწესრიგოდ და გაბმულად ალაპარკდნენ. ერთმა თქვა, რომ ხვალ ოპერაციის გაკეთებას აპირებდა და მეტს ვეღარ დალევდა. მეორე ამბობდა, რომ ეზოში ოთახის კარი დატოვა ღია და სეიფში შენახული დოკუმენტები არ უნდა დაკარგულიყო, თორემ შავი დღე დაადგებოდა. მესამემ რაღაც გაურკვევლად წაიბურტყუნა, წამოდგა და უაპელაციოდ დატოვა ოთახი. სხვებიც გაიკრიფნენ თანდათან, ოღონდ ეგ იყო, წასვლის წინ ვრცელ ტირადებს წარმოთქვამდნენ, რატომღაც მე მომმართავდნენ და მარწმუნებდნენ, ძალიან კარგად გვახსოვხარ და გვეხსომებიო, მე კი ისინი აღარ მახსოვდა და ისიც კარგად ვიცოდი, რომ აღარ მეხსომებოდნენ.

 

1 2 3 4 5 6