ჰო, ზაზას ლექსი… ეს ლექსი მე მეძღვნებოდა და იქ კიდევ ბევრი გულზე მოსახვედრი რამ ეწერა. მთავარი, რა თქმა უნდა, ადამიანი იყო და არა „არს პოეტიკა“. სხვა რამეებზეც იმიტომ ლაპარაკობდა, რომ მერე ადამიანის ბედ-იღბალს შეხებოდა. 90 – იან წლებში ყველას ცხოვრება გამჭვირვალედ გამოჩნდა: ცეცხლთან ისხდნენ და თბებოდნენ. ეზოში ხეს ჭრიდნენ, რათა ცეცხლი დაენთოთ და გამთბარიყვნენ. ეგ იყო და ეგ. ყველანი პირველყოფილ მდგომარეობას დავუბრუნდით. თუმცა სხვა რამეც გამოჩნდა:

დამიწებაში მიდის ყველა ადამიანი,
დამიწებაში მიდის ყველა გამკრთალი ელვა,
შენ კარგად იცი, რომ ელვაა ადამიანი,
ციდან მიწამდე რომ გაკვესავს
და  გაილევა.

დროის არცთუ ხანმოკლე ინტერვალში არაერთი ადამიანის ცხოვრება გაკრთა და გაილია. და ეს დაიწყო სწორედ მაშინ, დროთა და ვითარებათა იმ გასაყარზე. და აი, იმ ქარტეხილს თითქოს გამოვაღწიეთ, მაგრამ მერეც, მერეც გაგრძელდა გაკრთომა და გალევა. და იქნებ მაშინ მივხვდით, რომ გაელვებაა თითოეულის ცხოვრება, გაელვება იყო ზაზას ცხოვრებაც. ახლა ვხვდები, რომ ჯერ კიდევ მაშინ ჩვენ სწორედ ამაზე სასაუბროდ შევიყარეთ იმ პატარა ოთახში, ყველაფერზე, მაგრამ ამაზეც, გაელვებაზეც უნდა გველაპარაკა. და ეს მოხდა თავისთავად, იქნებ სიტყვამ მოიტანა, იქნებ თვითონ ეს ოთახი, ეს ნირვანა გვკარნახობდა სალაპარაკოს. ჩვენ ვგრძნობდით იმას, რაც მერე აირეკლა ამ ლექსში. ჩვენი ცხოვრება გაელვება იყო, იმ ოთახში კი კიდევ ერთხელ გადაიკვეთა გაელვებათა მკვეთრი გამონაშუქი და ეს საგრძნობი, ხელშესახები გახდა დროისა და ადგილის გამო. მართალია, სტუდენტობის დროს ერთად ვიყავით, მაგრამ მერეც ერთად გვიწევდა ყოფნა და ეს სულაც არ იყო გასაკვირი. გაელვება კი მკაფიოდ მაშინ შევნიშნეთ.

***

ეს ადრე მოხდა, სტუდენტობის დროს. მახსოვს, ბაბუაჩემი ავადმყოფობდა. უეცრად იგრძნო თავი ცუდად,  ხმა არ ამოუღია, იწვა და ფიქრობდა. დრო ნელა გადიოდა და არ ვჩქარობდით, ვიცოდით, რომ ამაღელვებელი და საგანგაშო არაფერი იყო. და მაინც ვღელავდით… იწვა და ფიქრობდა. რაზე ფიქრობდა? ვერ გაიგებდი, ძალიან ღრმა ფიქრში იყო წასული. სასწრაფოს არ დაუგვიანია, მდუმარე, აუღელვებელი სახით შემოვიდნენ ექიმები ოთახში. ავადმყოფი გასინჯეს. მერე კარგახანს ისხდნენ გაჩუმებულები და სახეზე გაურკვევლობა ეწერათ. სამი ქალი იყო – ორი ახალგაზრდა და ერთი უფრო ასაკოვანი. „საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ“, – წარმოთქვა ასაკოვანმა, დანარჩენებმა დაუდასტურეს. ისევ ჩუმად იყვნენ. ანკეტა შეავსეს, ბაბუა გაჭირვებით წამოდგა, ჩაიცვა და ყველანი ერთად დავუყევით კიბეს…

მოგვიანებით საავადმყოფოდან გამოვბრუნდი და პირდაპირ ზაზასთან წავედი. მაშინ ზაზა პავლოვის ქუჩაზე ცხოვრობდა. შინ დამხვდა. მწვანე სავარძელში იჯდა (ეს სავარძელი „სიტყვებში“ მოიხსენია) და მუსიკას უსმენდა. საწოლზე ფირფიტები ჰქონდა გაშლილი. საფერფლეში სიგარეტი ბოლავდა. თავისი განუყრელი ყვითელი პერანგი ეცვა. ბახის პრელუდიებს უსმენდა. ჩემს სახეზე აღბეჭდილი წუხილი შენიშნა და მკითხა: რა იყო, მოხდა რამე?“ „ბაბუა საავადმყოფოში დავაწვინეთ“. ამის მერე აღარაფერი უკითხავს, მეც არაფერი მითქვამს. ვისხედით და ვუსმენდით…

***

ჰო, ზაზას ლექსი… ეს ლექსი სულ მახსოვდა და მაფიქრებდა. ამ ლექსში ზაზა თითქოს ერთი თემით არის გარემოცული, მაგრამ არა, ის ამ თემის გარეთ გადის, თითქოს ამ თემის  მოტივებზე ისეთ იმპროვიზაციებს აკეთებს, რომ შორდება მას, მერე ისევ უახლოვდება, კვლავ შორდება და მერე საერთოდ სხვა რამეზე გადადის, ოღონდ ისეთზე, რაც ამ თემიდან გამომდინარეობს,  ისევ უბრუნდება თემას და გარედან აკავშირებს ადამიანის ცხოვრებასთან, გაელვებასთან და დამიწებასთან. შენც მიჰყვები ამ გადასვლებს, ამ ზიგზაგურ დინებას, შენ თვითონვე აკავშირებ ერთმანეთთან ყველაფერს და ბოლოს ფინალიც ახლოვდება:

„თითქოს დაღამდა.
ჩვენ ავდექით ადგილებიდან
და რედაქციის ფიცრის კარი მაგრად ჩავრაზეთ.
რედაქციაში დარჩა ნესტი და ობობები,
დარჩა თუთუნის მძიმე კვამლი, დარჩა ნამწვები,
ნამწვები – უკვე ჩამწვარი და დამიწებული,
ჩვენ კი წავედით ჩვენ-ჩვენი გზებით
ჩვენ-ჩვენს სახლებში…

ჰო, ასე იყო, ვკეტავდით რედაქციის ფიცრის კარს, სადაც რჩებოდა თუთუნის კვამლი, ნამწვები, ნალაპარაკევი, ჰაერში გაბნეული აზრები, ჩვენი არსებობა და მივდიოდით სხვადასხვა მხარეს. თითოეულ ჩვენგანს თავისი კუთვნილი ცხოვრება ჰქონდა და ამიტომაც იყრებოდა ჩვენი გზები,  მერე სხვა წერტილში იკვეთებოდა და ისევ ვლაპარაკობდით, ჰაერში დაუნანებლად ვაბნევდით აზრებს. აზრები შემოწერდნენ ოთახის ვიწრო სივრცეს და კვლავაც ჩვენთან ბრუნდებოდნენ, მწარე და ტკბილი თუთუნის ნამწვები ბოლომდე ბოლავდა, ბოლომდე იწვებოდა უფილტრო სიგარეტი „80“, ბოლომდე იცლებოდა სირჩა, რომელშიც ესხა არაყი „ტრიუმფი“, ბოლომდე ივსებოდა ჩვენი მოთმინების ფიალა, ბოლომდე ბნელდებოდა დერეფნის ბნელ ხვეულებში და მერე ოთახში თუ ვინმე იყო ყრუ კედლების შიგნით, სიტყვას მოგვიგდებდა და მიდიოდა, შაშვი, მართალია, დაღამებამდე გალობდა, მაგრამ ისიც წყვეტდა გალობას და გვშორდებოდა. ყველაფერი გვეუცნაურებოდა და ისიც უცნაურად გვეჩვენებოდა, რომ ამდენი ვილაპარაკეთ:

და ამავე დროს ისიც ძლიერ უცნაურია,
რომ ორი კაცი –
ბავშვობის ორი მეგობარი
ერთად ვსხედვართ ამ ქარიან დღეს
და ვუზიარებთ ერთმანეთს ფიქრებს
ლექსზე, მიწაზე, მეგობრებზე, დამიწებაზე.

ზაზამ ამ ლექსით თითქოს ჩვენი ყველა საუბარი შეანივთა და ერთ ფანტასმაგორიულ გრეხილად აქცია. ასეც იყო იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო პოეზია, ეს კი რეალობის მიჯნებს სცილდებოდა; ჩვენ პოეზიას ვუყურებდით, როგორც ალქიმიურ ნაზავს. პოეზია იყო სუბსტრატი, რომლის შედგენილობა აუხსნელად მიგვაჩნდა, თუმცა მაინც ვცდილობდით მის ახსნას. „დამიწება“ ერთ-ერთი ნიშანი თუ თვისება იყო ლექსისა და, საერთოდ, პოეზიისა. პოეზია ჩვენთვის ზერეალურის და რეალურის კვეთის წერტილში იბადებოდა. ამ ზერეალობას ზოგჯერ პოეტები ხელოვნურად, მოჩვენებითად ქმნიდნენ. ისინი ზეაწეული ტონალობითა და მაღალფარდოვანი სიტყვებით აკოწიწებდნენ პოეზიის ნაყალბევ ნიმუშებს. ამიტომაც შევიმუშავეთ „დამიწება“, როგორც პოეტური კატეგორია. პოეტი უნდა საუბრობდეს უბრალო სიტყვებით, ოღონდ ამ უბრალო სიტყვებს უნდა ახლდეს ერთგვარი მადლი და თილისმა. „დამიწება“ ანუ პროზაული რეალია კონკრეტულობასა და შინაგან სიზუსტეს ანიჭებს ლექსს. აი, რას ვამბობდით მე და ზაზა. მერე ზაზამ ყოველივე ეს ფანტასმაგორიულ ლირიკულ განსჯად აქცია. ეს ლექსი მართლაც ფანტასმაგორიად იქცა, ნაპირები გადმოლახა, პოეზიის ავან-ჩავანს გასცდა და ყოფნა-არყოფნის ქარაგმას შეეხო.

 

1 2 3 4 5 6