ციკლიდან „ტრანსფორმაციები“

 

რა სხვაობაა, რა ცხოვრება გარგუნა ბედმა,

მაინც თვალს გჭრის უმანკოება:

პერგამენტის ქაღალდივით სიფრიფანა ყვრიმალები,

ლიმოჟის ფაიფურის მკლავები და ფეხები,

ფრანგული ღვინისფრად* დაფერილი ტუჩები.

ლაჟვარდოვან თოჯინისებრ თვალებს აფახულებს,

ახელს და ხუჭავს,

ახელს და ტიტინებს:

გამარჯობა, დედიკო

და თითქოს ზურგში მარტორქამ ურქინაო, ხუჭავს მაშინვე.

ის  უბიწოა და

სხივფარფლოვანი თევზის დარად ქათქათებს.

ოდესღაც ცხოვრობდა მშვენიერი ქალწული

სახელად ფიფქია,

ვთქვათ, რომ იყო ცამეტი წლის.

მისი დედინაცვალი,

თავისებურად ისიც წარმტაცი,

თუმცა, ბუნებრივია, წლებისგან

საგრძნობლად გამოჭმული, არ დაუშვებდა,

რომ ვინმეს მისთვის სილამაზით ეჯობნა.

სილამაზე  ერთი შეხედვით უწყინარი სურვილია,

მაგრამ ეჰ, მეგობრებო, ბოლოს

შეიძლება რკინის ქალამნებით ცეცხლოვანი ცეკვა გაცეკვონ.

დედინაცვალს ერთი სარკე ჰქონდა, რომელსაც ენდობოდა,

სარკე ქვეყნის პირველ მზეთუნახავს

ამინდის პროგნოზივით აცხადებდა.

დედოფალი დროდადრო ჰკითხავდა:

კედლის სარკევ, აბა მითხარ,

ვინ არის მთელ სამეფოში ყველაზე ტურფა?

სარკე პასუხობდა,

შენ ხარო მთელ სამეფოში ყველაზე ტურფა

და დედინაცვალს  ძარღვებში სიამაყე საწამლავივით დაუვლიდა.

 

უეცრად ერთ დღეს სარკემ უპასუხა:

დედოფალო, მართალია, სიტურფეში არ გყავს ბადალი,

მაგრამ ფიფქია არის შენზე ლამაზი.

იმ წუთამდე ფიფქიაზე მეტად

ფასობდა საწოლის ქვეშ აბულულებული მტვრის ქულა,

მაგრამ დედოფალმა ხელზე ყავისფერი ლაქა

და ტუჩთან ოთხი ბეწვი შეამჩნია

და ფიფქია დაწყევლა და

სასიკვდილოდ შეაჩვენა.

ტყისკაცს უბრძანა – გული ამოგლიჯე და მომიტანე

მარილს მოვაყრი და ისე შევჭამ.

მაგრამ ტყისკაცმა დატყვევებული ფიფქია ტყეში გაუშვა

და სასახლეში ტახის გული მიიტანა.

დედოფალმა ის მაშინვე ბიფშტექსივით გადაყლაპა.

ახლა მე ვარ უტურფესი – თქვა და

ფითქინა თხელი თითები გაიტლიკა.

 

 

 

1 2 3 4