ენ სექსტონი
ენ სექსტონი
მეოცე საუკუნის პოპულარული ამერიკელი პოეტი, აღსარებითი პოეზიის ერთ-ერთი პიონერი, პულიცერის პრემიის 1967 წლის ლაურეატი, ენ სექტონი (მისი ნამდვილი სახელია ენ გრეი ჰარვი) 1928 წლის 9 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსის შტატში, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ენი რთული ბავშვი იყო და ხშირად უარს ამბობდა სწავლაზე და არც ქცევის წესებს იცავდა, რის გამოც მკაცრად ისჯებოდა.  უნდა ითქვას, რომ მასწავლებლებს არაერთხელ ეჭქვეშ დაუყენებიათ საკითხი მისი სრულფასოვნების შესახებ. ენი მის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას მტკივნეულად განიცდიდა. ბავშვობის მძიმე, წინააღმდეგობებით აღსავსე მოგონებები ოჯახზე, მ...

მეოცე საუკუნის პოპულარული ამერიკელი პოეტი, აღსარებითი პოეზიის ერთ-ერთი პიონერი, პულიცერის პრემიის 1967 წლის ლაურეატი, ენ სექტონი (მისი ნამდვილი სახელია ენ გრეი ჰარვი) 1928 წლის 9 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსის შტატში, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ენი რთული ბავშვი იყო და ხშირად უარს ამბობდა სწავლაზე და არც ქცევის წესებს იცავდა, რის გამოც მკაცრად ისჯებოდა.  უნდა ითქვას, რომ მასწავლებლებს არაერთხელ ეჭქვეშ დაუყენებიათ საკითხი მისი სრულფასოვნების შესახებ. ენი მის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას მტკივნეულად განიცდიდა. ბავშვობის მძიმე, წინააღმდეგობებით აღსავსე მოგონებები ოჯახზე, მშობლებზე, მათთან ურთიერთობაზე შემდგომში მის პოეზიაშიც აისახა.

20 წლის ასაკში ის დაქორწინდა ალფრედ მიულერ სექსტონზე და ორი შვილი შეეძინა. 1955 წელს, მეორე მშობიარობის შემდეგ მას ბიპოლარული აფექტური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.როგორც აღმოჩნდა, ენ სექსტონმა მანიაკალური დეპრესია მემკვიდრეობით მიიღო. ექიმმა მას თერაპიის მიზნით, ლექსების წერა ურჩია. სწორედ ასე დაიწყო ენ სექსტონის შემოქმედებითი გზა. მან პოეზიის ვორქშოფებზე დაიწყო სიარული და მალე საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია. ენს წერის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა და მოგვიანებით, ამერიკულ თანამედროვე პოეზიაში  გამორჩეული სიტყვა თქვა.  მან გაიცნო იმ დროისთვის პოპულარული და დამწყები პოეტები, რომელთაც დიდი გავლენა მოახდინეს ენზე. თანამედროვეები მას აღწერენ, როგორც ძალიან ლამაზ, მოდურ, ექსცენტრიულ და ნიჭიერ ქალს.

ენ სექტონმა იმ დროისთვის ახალი მიმდინარეობა – აღსარებითი პოეზია აირჩია, რაც მკითხველთან იმ დროისთვის ტაბუდადებულ თემებზე, საკუთარ პრობლემებსა და განცდებზე დაუფარავად საუბარს გულისხმობს. შეიძლება ითქვას, რომ ის საზოგადოებას თავისი გულახდილობით შოკში აგდებდა.ენ სექსტონს აღიზიანებდა გამეფებული კულტურული ნორმები და თავისი შემოქმედებით  მათ დამსხვრებას ცდილობდა. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია 1971 წელს გამოქვეყნებული პოეტური ციკლი „ტრანსფორმაციები“, რომელშიც ის ძმები გმირების 17 ზღაპრის საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. რადგან ზღაპარი საზოგადოებრივი ნორმების ალეგორიული გამოხატულებაა, ენ სექტონმა თავის ვერსიებში იმ დროისთვის ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპებისა თუ არქეტიპების, საკუთარი, ირონიული, შეიძლება ითქვას, ცინიკური ხედვა წარმოაჩინა.  „ტრანსფორმაციების“ ბოლო ლექსში, „ველური ვარდი (მძინარე მზეთუნახავი)“  მკურნალობის დროს გამოყენებულ ჰიპნოზურ სეანსებს, წარსულის მოგონებებსა და მკურნალობის შედეგებს  აღწერს.

ლექსი შემდეგნაირად სრულდება:

„რა გზა გაიარე, პატარა გოგო?

რა გზა გაიარე ციხიდან თავის დასაღწევად?

ღმერთო გადმომხედე  –

ესაა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?“  რაც  პოეტის ნიჰილისტურ განწყობაზე მიანიშნებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ენმა ლექსების წერა თერაპიის მიზნით დაიწყო და მკურნალობის კურსსაც გადიოდა, მან თავი ვერ დააღწია ავადმყოფობას, პერიოდულად ჰქონდა  მანიაკალური დეპრესიის შეტევა და თვითმკვლელობის მცდელობა.

სამწუხაროდ, ექიმების ძალისხმევამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო,  ენ სექტონმა ვერ დაძლია დეპრესია და „ტრანსფორმაციების“ გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ, 1974 წელს  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მეტი მაჩვენე ნაკლები