წარმოიდგინეთ
გოგონა
ძილს თავს ვერ ართმევს
კიდურები დამჭკნარი სტაფილოსავით ჰკიდია,
ჰიპნოზურ ტრანსში
სულების სამყაროში
ლუღლუღებს.
გაჭედილია დროის მანქანაში,
ორი წელი ლოკოკინასავით ნიჟარაში
შეყუჟული
ცერა თითს წოვს,
უცებ ფხიზლდება და
ლაპარაკს თავიდან სწავლობს.
შორ გზას დაადგა.
უკან მოცურავს, მდინარეს მაღლა მიუყვება
ორაგულივით
დედის უბეში ლამობს ჩაძრომას.
ჩემო თოჯინა,
შენი მამიკო აქ გელოდება
მოდი, მუხლებზე დამისკუპდი
გაკოცებ კისერში.
აბა, რას იტყვი, ჩემო პრინცესა,
შენი აზრი ჩემთვის
ზურმუხტის თვალზე ძვირფასია.
მოდი მამასთან,
მე დაგიცავ.
სურნელოვანი ყვავილივით
ტკბილია ასეთი დაბრუნება.

 

 

ერთხელ
ერთი ხელმწიფე ზეიმობდა
ერთადერთი ასულის, ველური ვარდის ნათლობას
და რადგან
მხოლოდ თორმეტი ოქროს თეფში ჰქონდა,
მხოლოდ თორმეტი ფერია მიიწვია
დიდებული მოვლენის აღსანიშნავად.
მეცამეტე ფერია, რომელსაც
გრძელი თხელი თითები ჩხირებს მიუგავდა,
ჰქონდა სიგარეტით ამომწვარი თვალები
და ჩაის ფინჯნის მსგავსი ფუტურო საშვილოსნო,
დაუპატიჟებლად მივიდა და თან
დამღუპველი საჩუქარი მიიტანაბავშვს ავი მომავალი უწინასწარმეტყველა:
„თხუთმეტი წლის რომ შესრულდება,
ხელი ძაფის სართავ ჯარაზე გაეჭრება
და უსულოდ დაეცემა.“
Kaputt!
მეფის კარზე ყველას ხმა ჩაუვარდა.
ხელმწიფეს სახე დაებრიცა და
მუნკის „კივილს“ დაემსგავსა.
ფერიების წინასწარმეტყველებას
იმ დროს ჰქონდა მაგიური ძალა.
თუმცა, მეთორმეტე ფერიას
რაღაც საშლელის მაგვარი აღმოაჩნდა,
მეფის ასულს წყევლა შეუმსუბუქა
და სიკვდილი ასწლიან ძილად შეუცვალა.

 

 

 

1 2 3