ხელმწიფის ბრძანებით,
ძაფის სართავი ჯარა სამეფოდან ავსულივით
განიდევნა და სამუდამოდ აიკრძალა.
წლები გავიდა, ველური ვარდი გაიზარდა და
მშვენიერებით ქალღმერთს დაემსგავსა.
მეფე თავის ასულს კალთაზე იბამდა
და ასე ცდილობდა მის დაცვას.
ამას გარდა, მან მთვარე
ქინძისთავით ცაში ერთ ადგილს
მიარჭო და მიამაგრა.
ამგვარად, მეფის ასულის ოთახს
ღამით სინათლე არ აკლდა.
სამეფო კარზე ყველა მამრი
ვალდებული იყო ენა ბაბ-ოუთი*
საგულდაგულოდ გაეხეხა,
რათა არ მოეწამლათ ჰაერი,
რომელშიც ველური ვარდი
იზრდებოდა.
თუმცა, ველური ვარდი
იზრდებოდა მეფის სუნში.
სიყვარულის ტკბილი ხვიარა.
მეთხუთმეტე დაბადების დღეს
ველურ ვარდს ხელი დამწვარ
ჯარაზე მოუხვდა და დაესერა.
საათები გაჩერდა.
ჰო, წყევლა ახდა. მეფის ასულმა მიიძინა.
ძილმა წაიღო დედოფალი და მეფე.
ძილს მიეცნენ სეფექალები, ლაქიები
და ბუზები კედლებზე,
ბუხრებში
ცეცხლი მიინავლა
და მოხრაკულ ხორცს
კრაწუნა ქერქი მოურბილდა,
ხეები იქცნენ რკინად,
ძაღლი კი ფაიფურად
მთელი სამეფო გადავიდა
კატატონიურ ტრანსში და
დროის მანქანაში გაიყინა.
ბაყაყებიც დაზომბირდნენ.
მხოლოდ ველური ვარდის ბუჩქმა
განაგრძო ზრდა და სასახლეს
დიდ კედლად შემოევლო.
უამრავ უფლისწულს
ეწადა მეფის ასულის ძილისგან დახსნა
და ლამობდა კედელში გავლას,
მაგრამ რადგან არცერთს არ აღმოაჩნდა
ენა სათანადოდ გახეხილი,
ეკალ-ბარდები
აკავებდნენ და ჯვარს აკრავდნენ.
კედელი გადალახა ერთმა უფლისწულმა
თავის დროზე, ასი წლის შემდეგ,
მის წინ ბუჩქები გაიპო,
თითქოს გზა გაეხსნა მოსეს
და უფლისწულმა მძინარე სასახლის
დრამატული სცენა იხილა.
მან მძინარე ასულს აკოცა და წყევლა ახსნა.
ველურმა ვარდმა ყვირილით გაიღვიძა:
მამა! მამა!
Presto!
პრინცესამ ციხეს თავი დააღწია.
ის ცოლად გაჰყვა უფლისწულს და
ყველაფერი კარგად განვითარდა,
გარდა ერთისა –
მას ძილის შიში აღმოაჩნდა.

 

 

1 2 3