კედლის სარკევ…

სარკემ ფიფქია გათქვა სულ მალე.

და დედოფალმა ძონძები გადაიცვა,

და  გაეშურა ფიფქიას მახეში გასაბმელად.

შვიდი მთა გადაიარა,

ქონდრისკაცების სახლს მიადგა

და კარი გაუღო ფიფქიამ

და  მისგან მაქმანი იყიდა.

დედოფალმა მაქმანი მკერდზე

მჭიდროდ შემოახვია,

ისე მჭიდროდ, როგორც ახვევენ არტახს,

ისე მჭიდროდ, რომ ფიფქიამ გრძნობა დაკარგა

და ეგდო, ვით ფესვიანად ამოგლეჯილი გვირილა.

როდესაც ქონდრისკაცები შინ დაბრუნდნენ, მაქმანი მოხსნეს

და გადაარჩინეს სასწაულებრივად.

ამის შემდეგ, ფიფქია

სიცოცხლით აივსო შუშხუნა ლიმონათის ბოთლივით.

დედინაცვალს უფრთხილდი,

ისევ დაუბარეს ქონდრისკაცებმა.

გახსოვდეს, ისევ გიპოვნის.

კედლის სარკევ…

სარკემ ფიფქია გათქვა სულ მალე

და  დედოფალი ისევ ძონძებით შეიმოსა

და ფიფქიამ ისევ გაუღო კარი.

ამჯერად დედინაცვალმა მისცა მოწამლული სავარცხელი –

რვაინჩიანი დაგრეხილი მორიელი,

და ფიფქიამ სავარცხელი თმაში გაირჭო და უგრძნობლად დაეცა.

ქონდრისკაცები დაბრუნდნენ სამტეხლოდან,

სავარცხელი მოაშორეს და გადაარჩინეს სასწაულებრივად.

ფიფქიამ თვალები ობოლი ენივით** ფართოდ დააჭყიტა.

უფრთხილდი, უფრთხილდი, ქონდრისკაცებმა დაუბარეს,

მაგრამ სარკემ გათქვა

დედოფალმა შვიდი მთა გადაიარა

და ფიფქიამ, იმ უჭკუო ყურცქვიტამ,

კარი არც ახლა გადარაზა,

და მოწამლული ვაშლი ჩაკბიჩა

და უგრძნობლად დაეცა, საბოლოოდ ამჯერად.

ქონდრისკაცები შინ დაბრუნდნენ,

მოხსნეს მაქმანის კორსეტი,

და ამაოდ დაუწყეს ძებნა სავარცხელს.

თუმცა ღვინოში განბანეს,

და კარაქითაც დაზილეს,

ფიფქია მაინც ვერ გადაარჩინეს,

იწვა უძრავად ოქროს ზოდივით.

 

შვიდმა ქონდრისკაცმა თავი ვერ აიძულა,

გოგონა შავ მიწაში დაემარხა,

და შუშის კუბო დაამზადეს

და მეშვიდე მთის წვერზე დადგეს

ისე, რომ ვინც იმ მხარეში ჩაივლიდა,

მისი მშვენიერება ეხილა.

ივნისის ერთ დღეს პრინცმა გადაიარა მეშვიდე მთა

და ფიფქიას დანახვაზე გაშეშდა.

ის ისე დიდხანს იდგა უძრავად, რომ თმა გაუმწვანდა

და ფეხი ვერ გადადგა.

ქონდრისკაცებს ის შეებრალათ,

და  შუშის ფიფქია საჩუქრად უძღვნეს  –

მას თოჯინის თვალები დაეხუჭა სამუდამოდ

და პრინცს შეუძლია ის შორეულ სასახლეში შეინახოს.

პრინცის მსახურებმა კუბო ციმციმ წაიღეს,

მაგრამ ერთგან წაიფორხილეს და მიწაზე  დაუვარდათ

და ფიფქიას მოწამლული ვაშლი  ყელიდან ამოუფრიალდა

და გაიღვიძა სასწაულებრივად.

 

 

 

1 2 3 4