არაფერი გამოუვათ

12.10 2012. ანა ახმატოვას ერთხელ სანდო, ახლობელთა წრეში უთქვამს _ პოეტს ვერც ვერაფერს წაართმევ, ვერც ვერაფერს მისცემო. ზოგადად ეს აზრი სწორია _ ღვთისგან ბოძებულ ნიჭს ვერავინ გამოგძალავს, მაგრამ ჟამთა სიავეს, ბოროტ ხელისუფლებას, როგორც არაერთხელ მომხდარა, შეუძლია შემოქმედი ჯვარს აცვას, დახუთოს, გაუსაძლისი პირობები შეუქმნას, შემოქმედების საშუალება მოუსპოს, საძრაობა არ მისცეს, მშობლიურ ნიადაგს მოსწყვიტოს, უდაბურ მხარეში გადაასახლოს, თვით სიცოცხლეც მოუსწრაფოს.
საბოლოოდ სამართლიანობა აღდგება, სიავის ჩამდენთ თავიანთი მიეზღვებათ, ყველაფერი თავის ადგილს დაიჭერს, მაგრამ ეს მადლი უკიდურესად იგვიანებს და მხოლოდ შთამომავლობა ხედავს. ამან მაინც ვერ ასწავლა ჭკუა თავგასულ უზურპატორებს და კვლავ ძველებურად ირჯებიან მხატვართა, ხელოვანთა შესავიწროვებლად, თავისუფლად მოაზროვნენი მათთვის საშიშნი არიან.
ენა ვერ გამოსთქვამს, `ვერცხლის საუკუნის~ სხვა ღირსეულ მოღვაწეებთან ერთად, რამდენი უბედურება გადაიტანა ანა ახმატოვამ (ქართულმა მწერლობამ რა სატანჯველიც გამოიარა, ამაზე ბევრჯერ დაწერილა), მაგრამ ყველაფერს უდრტვინველად გაუძლო, სამშობლო არ მიუტოვებია და პირად კეთილდღეობაზე არასოდეს უფიქრია. ხშირად თავისი ლექსების ქაღალდზე გადატანასაც ვერ ბედავდა, მეთვალყურეებით გარშემორტყმული, და ბევრი რამე დაკარგა. უთუოდ თვალწინ ედგა დანტეს სახე, როდესაც მის ირგვლივ გამეფებულ ჯოჯოხეთს ხატავდა. ბედის დაცინვას გავს, როცა ასეთი პოეტის დამცირებას, დამახინჯებულად წარმოსახვას ლამობენ ინტრიგანი, უნიჭო მჯღაბნელები. ვინმე თამარა კატაევამ დაწერა საძაგელი, ყოველმხრივ უარყოფითი წიგნი `ანტი-ახმატოვა.~ გადავათვალიერე, გული ამერია, არ მიყიდია. ასეთებს დიდი სურვილი აქვთ ლიტერატურის ისტორიაში დატოვონ თავი. ფუჭი მცდელობაა, არაფერი გამოუვათ.

 

სამუდამო ტკივილად დამრჩა

30.11.2012. უძვირფასესი, ყველა გამგებისა და შემცნობისათვის უსაზღვროდ საყვარელი ვატა როდონაია (მე მის დახასიათებას არ შევუდგები) ახალი გარდაცვლილი იყო და მისახვედრია, როგორ მოშხამულ გუნებაზე ვიქნებოდით მისი ახლობლები. ვერ წარმომიდგენია, ვინმეს თუნდაც მცირე ხნით ჰქონოდა მასთან ურთიერთობა და არ შეყვარებოდა. მეგობრების მიმართ მუდამ ყურადღებას ვიჩენ და ვატას ბოლო წლის ძნელბედობაც აღნუსხული მაქვს, თუმცა აქ აღარ მოვიხმობ ადრინდელ, შემაშფოთებელ ჩანაწერებს. წიგნის თავგადაკლულ სიყვარულში მას ძნელად თუ გაუტოლდებოდა ვინმე (ბევრი რამ უყიდია და უჩუქნია ჩემთვის) და ეს მცირე დღიურიც წიგნთან იქნება დაკავშირებული.
გუშინ ვიყავი ნუცუბიძის # 16-ში, სადაც ბატონ გრიშას, ჩვენს განმანათლებელს, თბილისის საუკეთესო ბუკინისტს, პირველ სართულზე, დაქირავებული აქვს საწიგნე ოთახი. დამხვდა მისი დამხმარე გამყიდველი ქალბატონი ჯესიკა და ძველი ვალი, ორმოცდაათი ლარი გადავიხადე. ჯესიკა ტიროდა, ცრემლებს იწმენდდა, ვატას სიკვდილმა ჩემზე საშინლად იმოქმედა, წნევამ ამიწიაო.
მერე გაიხსენა _ ორი თვის წინ ვატა მოსულა მაღაზიაში და ეს ქალი გახარებული შეგებებია _ რა კარგია, რომ მოგვაკითხე, ჩვენთან შემოხვედიო.
ვატას, გაღიმებულს, ჩაულაპარაკნია: ეს მე არა ვარ, აქ ჩემი ლანდი შემოვიდაო და კუთხეში მიმჯდარა, წიგნების თვალიერება დაუწყია.
ამის გამგონეს ტანში დამზრინა. ასეთი რამის თქმა მხოლოდ მას შეეძლო. ყველაფრიდან ჩანდა, თავი უკვე სამზეოს მიღმა, ლანდების საუფლოში ეგულებოდა და უმძიმეს ხვედრს შერიგებული იყო. იცოდა, მისი ბრგე, საწუხარად გათხელებული ბეჭები გაუთენარი ღამის ფსკერს გაეკვრებოდა.
ერთ-ერთი ბოლო დარეკვისას, უკიდურესად შეჭირვებულს, საეჭვოდ გამხდარს, როცა დაველაპარაკე და მოვიკითხე, სუნთქვადამძიმებულმა მითხრა: `ასე თუ ვიქენი, ამნაირი სიცოცხლე ნამდვილად არ ღირს!~
გული დამეწვა, მაინც ვანუგეშე, მდგომარეობა გამოსწორდება-მეთქი, მაგრამ სახეზე უკვე მიწისფერი ედო და მეც აღარ მჯეროდა, რომ მისი ჯანმრთელობა სასიკეთოდ შეიცვლებოდა.
ორი თვის წინ, სექტემბერში, კიდევ შეეძლო სიარული და ჩვენი საერთო ძმის, უღვთოდ დაღუპული დიდი მეცნიერისა და ერისკაცის რეზო სირაძის გასვენების დღეს, სიონის ტაძრის ეზოში, სხვებთან ერთად, დამწუხრებული იდგა. დანა არ უხსნიდა კბილს. ამაზე მაშინ დავწერე, მისი ნებისყოფით გაკვირვებულმა.
ისევ ის, საკუთარი არსების ლანდთან გატოლება მიტრიალებს თავში, ვერ ვეთიშები, ზოგჯერ ერთადერთი ფრაზა, დიდი ბუნებისა და განცდის კაცისაგან განსაკუთრებულ ვითარებაში ნათქვამი, იმდენ რამეს იტევს, ისეთი უძირო ნაღველიდანაა ამოზრდილი, შეიძლება უღრმესი წიგნის დასაწერად იკმაროს, ადამიანის მთელ ცხოვრებას გასწვდეს.
ვინ განსაზღვრავს, რაოდენ მტანჯველი, ჯოჯოხეთურად დამხუთავი იქნებოდა გასიგრძეგანება _ რამდენ რამეს გამოეთხოვებოდა მისი შემართების და უმძლავრესი გონების კაცი, ვისაც ერთ საბედისწერო წამში ყველაფერი ამქვეყნიური უნდა დაეთმო.
ვატა როდონაია _ რაინდობისა და ქართული ჯიშის უმაღლესი გამოვლინება _ ათასი საშინელების მომსწრესა და გადამტანს, წლებისაგან გადრეკილს, მოუნელებელ, სამუდამო ტკივილად დამრჩა.

 

 

 

 

1 2 3 4 5