არ ვიყავი მისი ღირსი

 

05.07.1987. უეცარ დაღუპვამდე ორი-სამი თვით ადრე, დილას, საწოლში, სოფიკომ, მახსოვს, ბავშვებს ფერება დაუწყო, ჩემზე ბევრი რამის გამო გულნატკენმა და ორივეს ეუბნებოდა (თან სახეზე მიმტევებელი ღიმილი უკრთოდა, მე მომჩერებოდა): თქვენმა მამიკომ მომატყუილა, თავი სულ სხვა ვინმედ მომაჩვენა და ისეთი არ აღმოჩდა, როგორიც მეგონაო. რამდენჯერმე სხვადასხვანაირად გაიმეორა, მომატყუილაო.
ბავშვები, რა თქმა უნდა, ნაღვლიანად ნათქვამის აზრს ვერ ხვდებოდნენ და არც პასუხობდნენ. იგი, მოიარებით, მე მსაყვედურობდა, მაგრამ რაღაც უცნაურად, ალერსიანად, ძალმილეული. ერთი პირობა, მანამდე, ისიც კი მითხრა, დავიღალე და სამსახურს თავი უნდა დავანებოო. დავამშვიდე, ძლივს ხარ წესიერ ადგილას, უნივერსიტეტში, და მერე შესაფერის სამუშაოს ვეღარ ვიშოვით-მეთქი. იმ დილითაც ვეალერსე, დიდხანს მეჭირა მისი სუსტი თითები, თავზე ხელს ვუსვამდი, ვანიშნებდი, რომ ძველებურად მიყვარდა. ის თვალები არასოდეს დამავიწყდება _ შავი, სევდიანი, ცრემლებჩამდგარი. მაინც რამდენი დამთრგუნველი უბედურება დაატყდა ჩვენს ისედაც გამწარებულ ოჯახს.
მამაჩემი ჩემი უმცროსი ძმის, ვახტანგის დაღუპვამ (1975) და ორი წლის შემდეგ სოფიკოს ყოვლად მოულოდნელმა სიკვდილმა გატეხა წელში (არასასიამოვნო წანაზარდის გამო სახეზე დაასხივეს და ეტყობა დოზა გადააჭარბეს, მითხრეს, ემბოლიამ, თრომბმა იმსხვერპლაო). დასხივებამდე, შეშინებულმა მითხრა, აქ მკურნალობის მხრივ, ქვის ხანაა, სპეციალისტები არ უვარგათ, გული მიგრძნობს, ამ ამბავს გადავყვებიო და მოსკოვში წაყოლა მთხოვა. იტალიაში მოგზაურობდან ახალი დაბრუნებულები ვიყავით, ბავშვები ჩვენებმა მოვლილები დაგვახვედრეს და თბილისიდან ხელმეორედ წასვლა ვეღარ გავბედე, დაწყნარება დავუწყე, რომ არაფერი დაემართებოდა. სიმწრისგან ტირილი აუვარდა, მაგრამ მალევე შეიმშრალა ცრემლები, ხვედრს დამორჩილდა. ასეთი უბედურების მომსწრე მამაჩემს, ჯანმრთელობაშერყეულს, ზედიზედ ორი ასეთი ტრაგედიის გადატანა, ცხადია, გაუჭირდებოდა და ახლახან კიდევაც გამომეცალა ხელიდან. მთლად გაუხარელმა დატოვა ეს ქვეყანა.
სოფიკოს სხივმოსილი პიროვნება, ზეადამიანური ბუნება მე ბოლომდე ვერ გავაცნობიერე; იგი გამორჩეული სიმაღლისა და კეთილშობილების არსება იყო.  დიდად ვნანობ, რომ, სხვა რამეებთან ერთად, მისი წერილები გამეფანტა, აღარ შემომრჩა. განსაკუთრებულად მწყდება გული მოსკოვიდან გამოგზავნილ ერთ ბარათზე. იქ თავის საკმაოდ რთულ სამეცნიერო ნაშრომს ამთავრებდა ინგლისურ ფრაზეოლოგიზმებზე. ცნობილი სწავლული ალექსანდრ კუნინი იყო ხელმძღვანელი. ეს პროფესორი შემდგომ თბილისში ჩამოვიდა, რათა თავისი მოწაფის დისერტაციის დაცვას დასწრებოდა, უზომოდ კმაყოფილი დაბრუნდა მოსკოვში.
იმ დაკარგულ წერილში (თავის ქება არ უყვარდა) ერთი ასეთი აბზაცი იყო _ იცოდე, შენს მეგობრებში შენნაირი ცოლი არავის ჰყავსო. ოდნავი საყვედური გამოსჭვიოდა ამ სიტყვებში, ჩემს მიუხვედრელობაზე ხაზგაუსმელი მინიშნება. მართლაც შეუდარებელი მეუღლე იყო და სწორად მწერდა. ბედმა ერთადერთხელ გამანებივრა და ღვთის წყალობა ვერ დავაფასე, ჩემს განძს შესაფერისად ვერ მოვუარე, ხელიდან გამისხლტა. მის მეფურ თვისებებზე საკადრისად რომ დავწერო, დიდი და ძალზე შთამბეჭდავი წიგნი გამოვა.
ბევრჯერ მიფიქრია _ ყველა ახლობელზე და სხვებზედაც გადაგებული, გამაღიზიანებლად, დაუჯერებლად კეთილი იყო. ნამდვილად არ ვიყავი მისი ღირსი. ნეტა არ გადავყროდი მისი ნათელი, მრავალთაგან განსხვავებული ცხოვრების გზაზე. მარტო დარჩენილი, დღე და ღამე ვიტანჯები. განვლილმა ათმა წელმა სულიერი ტკივილი ოდნავადაც ვერ გაანელა. ასე მგონია, ზურგსა და ბეჭებში ჯოჯოხეთის ალი მაქვს შენთებული. მაწამებს მწუხარება, რომელსაც ვადა არ გასდის.

 

კმაყოფილება იშვიათად განმიცდია

22.06.1996. სამოც წელს ვარ გადაშორებული და იმდენი საშინელი დარტყმა ვიგემე, ათ კაცს მაინც გადაიყოლებდა და მიკვირს, რანაირად გავუძელი. ეს არ გახლავთ სახუმარო ასაკი, თუმცა მოდუნებისა არაფერი მეტყობა. საკუთარ გარსში ჩაკეტილს არაფერი მიგავს _ სხვათა უბედურებასაც უმწვავესად განვიცდი და ამას მოდევნებული ტანჯვა უსასრულოდ გრძელდება. კვალი შეუსვენებელი ფორიაქისა მთლიანად არა, მაგრამ მაინც თვალნათლივაა ასახული სხვადასხვა დროის რვეულებში. ალბათ იმის გამო, რომ ყველაზე უარესი ავიცილო, ყურადღება სხვა რამეებზე გადამაქვს და ესაა თავი და თავი, რამაც უსაზღვრო რაოდენობის სტრიქონები დამაწერინა, ლექსად თუ პროზად დაბადებული. სათქმელის წამოდინება ძალდაუტანებლად, ყოველგვარი მოწადინების გარეშე ხდება, მაგრამ შემდგომ, ცხადია, ფურცელზე გადატანილის დახვეწას, სრულყოფას ვცდილობ (ყველაფრის მოსწრება შეუძლებელია). ოსტატობისკენ დაუოკებელი სწრაფვა თვით ჩემს ბუნებაში დევს და ამას, რამდენადაც შევატყვე, ასევე თანდაყოლილი უკმარისობის გრძნობა წარმართავს. იშვიათზე იშვიათი შემთხვევა ყოფილა, როცა, ისიც მცირე ხნით, კმაყოფილება დამუფლებია. სამაგიეროდ, არაერთხელ მქონია იმის დაუძლეველი განცდა, რომ ყოვლის ზემოთ მსუფევი უმაღლესი ძალის ხელში იარაღი, უბრალო საკრავი ვარ და რაც ჩემს ბაგეთაგან იღვრება, ბოლომდე ვერც ვაცნობიერებ. ამ ძნელად შესაცნობი `სიგიჟის~, `შეშლილობის~ ბიძგები უდიდესი წარმართის, ღვთაებრივი პლატონის ნააზრევიდან მომდინარეობს და არც შეწყდება, ვიდრე ეს გამაოგნებელი, `უთვალავი ფერით~ გადაშლილი და მზით გადანათებული სამყარო იარსებებს.
ხშირად მიწევს დაჩივლება, რომ უმთავრეს გასაჭირად მექცა სიჭარბე _ მოზღვავებულ შთაბეჭდილებებს ვეღარ ავუდივარ. ჩემი ეს თვისება კარგა ხანია გამოიკვეთა და შვებით ამოსუნთქვა მიძნელდება _ ლექსად თუ პროზად მეძალება უზომო რაოდენობის სახეები, ნაწყვეტ-ნაწყვეტი, საზომში ჩასასმელი სტრიქონები. ყოელივეს აღნუსხვა, თავმოყრა და ერთიან ყალიბში მოქცევა ადამიანის ძალ-ღონეს აღემატება, შეუძლებელია. ამიტომაა, ჩანაწერთა უმრავლესობა ნედლ, გამოუყენებელ მასალად მრჩება. ყველაფრის ათვისებასა და ხორცშესხმას ათი სიცოცხლე არ ეყოფოდა და ამის გამოც არის, ცალკეულ ფურცლებსა და ქაღალდის ნაგლეჯებზე ნაუცბათევად რომ მაქვს ჩაწერილი სხვადასხვა დროს თავში გაელვებული რაღაცები, რომელთა გაშლა, აღდგენა-გამთლიანება მერე და მერე მიჭირს. ამას ისიც ემატება, რომ დაულაგებლად ცხოვრება, უთავბოლობა, მიყრილ-მოყრილ წიგნებსა და ფურცლებში ბორიალი ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა. ზედმეტი დრო რომ აღარ დავკარგო (დრო ისედაც ცოტა დამრჩა), ამჟამად ვლამობ დანომრილ რვეულში ჩავწერო მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწყვეტები _ მოგვიანებით ეგებ რაიმეში გამომადგეს.

 

მწარე მონატრება

29.06.1996. ხის აივანზე დამჯდარს, გამახსენდება _ მოდუნებულს, მოჩვარულს, მაშინვე მომაცოცხლებს, სულს ჩამიდგამს ზაფხულის ადრიანი დილა, ბლობა, მწვანე ფოთლების ქარში მაცდურად გაელვებული, აუწერლად ლამაზი, თვალისმომჭრელი ნაყოფი. . .
ტრიფოლიატის ღობიდან ნაბიჯზე ტანმაღალი, ქერქაპრიალებული ლოყაწითელა ბალი შრიალებდა. იმაზე მიყვარდა აცოცება და გაძეძგილი ტოტების მოწონიება. გულის მომსუყებამდე ვნთქავდი აწიფინებულ, ბროლივით მოელვარე ბლის კუნწულებს. მსიამოვნებდა დახეთქილ ენაზე დასრიალებული სლიპინა კურკების გამოყრა. მუცელგატიკნილი, თითქმის კენწეროზე მოქცეული, დაბლობისკენ ვიყურებოდი და ვხედავდი ალაპლაპებულ ნარიონალს, იქაურობის ყუჩად გაწოლილ სათევზაოს.
ფიქრით, გონებით ახლაც იქა ვარ და ჩემი ბიჭობის ზღაპრად ქცეულ ადგილებს შორიდან ვეფერები. . . მზე ახალი ამოწვერილია, ერთმანეთზე გადაბმულ, ჩამუქებულ ქედებს ჯერ კიდევ ვერ უწვდენს სხივების ოქროს, მაგრამ ჰაერში სხვანაირი, ღვთიური მადლი ტრიალებს. არდადეგებზე დათხოვნილი, დედაჩემს ამ დროს ჩავყავდი გურიაში (ჩრდილოეთში გადასახლებული მამაჩემისგან მხოლოდ წერილებს ვიღებდით). რა სასიხარულო, იმედის აღმძრავი იყო ის ზაფხულები, მიუხედავად ჩვენი ოჯახის შეჭირვებისა. როგორ მანებივრებდა საცოდავი ბებიაჩემი. თან მყვებოდნენ დეიდები, ბიძები _ ფოთში, დედულეთში ჩასულს. სიცოცხლის რამხელა ჟინი მაწრიალებდა ყმაწვილს. ვემზადებოდი რაღაც დიდის გასაკეთებლად, რისი სიტყვიერი გაცხადებაც არ შემეძლო. ახლაც მაქვს გამოყოლილი ის უცნაური და ჩაუკლავი შეგრძნება ბუნების მოუბეზრებელი სიმშვენიერით აღტაცებისა.
სოფელში ამჟამად ჩემი გამზრდელი, ღრმად მოხუცებული მამიდაა, ანეტა. წელში კია მოკაკვული და ცალ თვალში ვერ ხედავს, მაგრამ ცოტაოდენი ძალა მაინც შერჩა, ამდენი უბედურებისაგან დაზაფრულს. შემოგარენში დაჩაჩუნობს. ჩვენი მშვენიერი, ხე-ხილიანი ეზო იქეთ-აქედან მიიზომეს, გაინაწილეს. შუაში დარჩენილსაც ვერ ვუვლით, გაპარტახებულია. ერთი ათი დღით რომ ჩავაკითხავდე ამ ზაფხულს საცოდავს, რაღაც შვებას იგრძნობს _ გამხმარ მკერდში ჩამიკრავს და ატირდება. ამისი წარმოდგენაც მზარავს, რა ძნელი გასაძლები ყოფილა ამ ცოდვებით დამძიმებულ ქვეყანაზე, თვალის ახელიდან თვალების დადხუჭვამდე ყოფნა.

 

თანდაყოლილი სობოროტე

11.11.1996. ქალაქში გამოსული, როცა რაიმე უცნაურობას გადავეყრები, უსათუოდ ვინიშნავ ხოლმე და სიზუსტისათვის თარიღსაც მივაწერ. ეს ჩემი გათავისებული, მყარი ჩვევათაგანია და მისგან იშვიათად თუ გადამიხვევია. ერთ ასეთ საყურადღებო უცნაურობად ჩავთვალე ატელიეს უქონელი ფოტოგრაფი, ასე, 50 წლის წითური, ჭაღარა, საშუალო ტანის ჩაფსკვნილი კაცი, რუსთაველზე, ლაღიძის წყლებთან (ახლა იქ, ვგონებ, ტანსაცმელების მაღაზიაა), რომ გამოდიოდა. მარტო არ იყო, მოშინაურებული, შეჩვეული მაიმუნი ახლდა და მსურველებს იმის გვერდით სურათებს უღებდა, დღიურ სარჩოს შოულობდა. ფოტოების ნიმუშებიც იქვე იდო. მაიმუნს, მისი მოძმეების მსგავსად, ნაღვლიანი გამომეტყველება კი ჰქონდა, მაგრამ არავის უცხოობდა. ალბათ ბევრმა გადაიღო ეგზოტიკური სამახსოვრო ფოტო. გვერდიდან ვაკვირდებოდი, მცირე ბიზნესის გამკეთებლები, ხის ძირში, როგორ ელოდებოდნენ მუშტარს და, გასართობად, სახელდახელო ლექსიც დავწერე _ `ფოტოგრაფი მარჩენალ მაიმუნთან~, რომელსაც, რაღა თქმა უნდა, თარიღიც უზის (01.07.1996). პატარაა და ბარემ მოვიხმობ:
ჭვრეტენ სახეებს _ ასლს და დედანს,
არ დაედება ფოტოს წუნი;
მოწყენილები, ქვაზე სხედან
კაცი და მისი მაიმუნი.

მოწყენის მიუხედავად, იმხანად ორივენი ჯანმრთელები იყვნენ. სამი თვის შემდეგ რომ ჩამოვიარე, კაცი უკვე მარტო იჯდა იმ ხესთან. მივედი, გამოველაპარაკე, მაიმუნი სად არის-მეთქი. მოწამლეს, მომიკლესო, მითხრა ადრინდელზე მეტად დანაღვლიანებულმა. ყველას ენდობოდა და ამან იმსხვერპლა საცოდავი. შევწუხდი, რამდენი გარეწარი დაწანწალებს ამ დუნიაზე, ვერაგად, მავნედ დაბადებული, მზის დანახვის ღირსი რომ არაა. მერე თვითონ ფოტოგრაფი გადაიკარგა, აღარ გამოჩენილა. ღმერთმა ქნას, ცოცხალი იყოს.

ისიც გამიგონია _ ვიღაცას ოჯახის ერთგული ძაღლი მოუკლავს მალულად. იცოდა, რისი ჭამა უყვარდა და საჭმელში ნემსი შეუყოლებია, ნაწლავები რომ დაფლეთოდა. ჩემს მეგობარს, მონადირეს, შირაქის ველის მახლობლად, საუკეთესო მეძებარი დაუგესლა გველმა და ვერ გადაარჩინეს, ექიმთან მიყვანილი, დაიღუპა. ეს სხვა ამბავია, მაგრამ როცა ვინმე, ორფეხა პირუტყვი, ამ საძაგლობას განზრახ სჩადის, იგი დაბადებითვე ბოროტმოქმედია. ამნაირები, ცხოველებს რომ ასე იმეტებენ, თუკი დასჭირდათ, ადამიანსაც არ დაინდობენ. ასეთი შემაძრწუნებელი შემთხვევები, ყოველდღიურად, მრავლის უმრავლესია.

 

1 2 3 4 5