ახირებულ ჩვევებზე

05.05.2009. კარგა ხანია, ერთი არცთუ მოსაწონი ჩვევა დამჩემდა _ ქუჩის განაპირას ჩარიგებულ ჭადრებს მეტ-ნაკლები სისქის ქერქს ვაცლი და გზადაგზა ვამტვრევ, ვაქუცმამცებ, მარილმოძალებულ თითებს ვავარჯიშებ და აწეწილ ნერვებსაც ვიწყნარებ. ცხენის წაბლისა და აკაციის ხეები საამისოდ არ გამოდგება, იმათ მაგარი მერქანი აქვთ და ფრჩხილებს გატკენთ. გვარიანად გადაქანებული რომ არ ვიყო, ასეთ რამეს, ცხადია, არ ჩავიდენდი. ამაზე უფრო დალაგებულად სხვა დროს დავწერ, თუკი ამგვარი აბურდული აზრების მწყობრად გამართვა შესაძლებელი იქნა.
ძალიან გამახარა იმ ამბავმა, რომ დიდი თანამდებობის სამხედრო პირს (მან საუკუნეზე მეტი იცოცხლა, ბიბლიურ ასაკს მიაღწია) გამოჩენილ მწერალს, ფილოსოფოსს (ჰაიდეგერი განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა), ესეისტს, მწერების თავგადაკლულ კოლექციონერს, ერნსტ იუნგერსაც ჰყვარებია ხის ქერქების აძრობა, მაგრამ მას გარკვეული მეცნიერული მიზანი ჰქონდა. საუკეთესო, დაკვირვებულ ენტომოლოგს ერთხელ წაბლისათვის ქერქი აუხლეჩია და ჭიის იშვიათი, ულამაზესი სახეობა უპოვია, სიხარულისაგან გული აჩქროლებია. იგი `ინტელექტუალური დღიურის~ უდახვეწილეს ოსტატად ითვლება (მთარგმნელები საგანგებოდ წერენ მის გასაოცრად ნატიფ სტილზე) და სხვა, ძალზე მნიშვნელოვან წიგნებთან ერთად, დღიურების ხუთი მშვენიერი ტომი დატოვა.
მთლად მშვიდი ცხოვრება არ ჰქონია. პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული, უშიშარი მებრძოლი იყო, ჩვიდმეტ მძიმე ჭრილობას ითვლიდა საკუთარ სხეულზე. მიუხედავად იმისა, ფაშიზმის იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ადეპტი გახლდათ, ეჭვი მიიტანეს, რომ ჰიტლერის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობდა, მაგრამ იმდენად დიდი სახელი ჰქონდა, სასჯელი ვერ მიუყენეს და არმიიდან დაითხოვეს, როგორც `სამსახურეობრივად გამოუსადეგარი.~
ბევრად სავალალო გამოდგა უნიჭიერესი მხედართმთავრის, `უდაბნოს მელად~ წოდებულ ფელდმარშალ ერვინ რომმელის ხვედრი, ვინაც, ვითომდა შეთქმულებთან კავშირის გამო, შეშლილმა ფიურერმა აიძულა, თავი მოეკლა.
ამდენი გადახვევაც არ ივარგებს. მთავარ სათქმელს უნდა მივუბრუნდე. ქუჩაში მიმავალი, ჭადრის ხმელ ქერქებს ვაგროვებ, ვიმარაგებ და ეს, სამტვრევად, საკმაო მანძილზე მყოფნის. ყველაზე უხვად ჭადარი ატკეჩილ ქერქს ივნისში ყრის და მანამდე ერთი თვეა დარჩენილი. ესეცაა _ ჭადარს დახეთქილ ჯავშანს როცა შემოვაბდღვნი, ჯერჯერობით, საგულისხმოს და დამაფიქრებელს ბევრს ვერაფერს ვხედავ; მეტწილად ობობას გატყლაპული, გამოსაჩეკი, რთვილივით თეთრი ჭუპრები და პატარ-პატარა მოფუთფუთე, ყავისფერი მწერები მხვდება და, შეცბუნებული, მივტრიალდები ხოლმე.
უფრო საზიზღარია სისხლისმწოველი პარაზიტი, მოუვლელი ძაღლის თავ-კისერზე, ყურებზე დაბუდებული, მიმჯდარი მრგვალი არსება, რომელსაც გურიაში ჯრიბას ეძახიან; ეს იგივე ტკიპებია. ბავშვობაში ბევრჯერ მომიშორებია გაწამებული ძაღლებისათვის ნაირნაირი ზომის გატიკნილი, გასისინებული ტკიპები და ქვაზე დამისრესია.
უხერხულია, ასეთ რამეებზე ვილაპარაკო და არ ვახსენო აბსურდის დიდოსტატი სემუელ ბეკეტი. ბუნდოვნად მაგონდება (ცალკეული წვრილმანები მტერმა დაიმახსოვრა) მისი ერთი რომანის `მოქმედება~, რამდენამდე რომ ენათესავება ჩემს ალოგიკურ საქციელს (ჭადარზე ქერქის შემოცლა და დანაკუწება). მთავარ გმირს ტანისამოსზე თექვსმეტი ჯიბე აქვს დაკერებული. ჯიბეებში სხვადასხვა რაოდენობის კენჭები უწყვია და ისინი დაუსრულებლად გადააქვს ერთიდან მეორეში. იქმნება უსაშველოდ ბევრი ვარიაცია და პერსონაჟი ამით ერთობა (უფრო რთული სიუჟეტი, წიგნის დასაწერად, ბეკეტს არც ჭირდება, ისედაც ტვინისამრევად ხლართავს მისეული თხრობის მდინარებას). სხვა მაგალითების მოხმობა აღარ ღირს.
ქართველებს ერთი სხარტი, გონივრული ანდაზა აქვთ არაფრის მკეთებლებზე _ უსაქმო კაცი ყვერებში მახათს იყრიდაო. ეს გამონათქვამი ჩემისთანებზეა ზედგამოჭრილი, მაგრამ ზემოქმედებას ვერ ახდენს, ისევ ჩემსას მივერეკები და ამას უკვე სხვა ანდაზა შეეფერება _ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, რომ გვამცნობს.
რაღაც თავისებური ჩვევა თითქმის ყველა ადამიანს არგუნა ბუნებამ, შთამომავლობამ, მაგრამ ზოგი არ ამხელს, ზოგი კი საქვეყნოდ ცნობილია. ნაპოლეონს, როცა რომელიმე შენობას ჩაუვლიდა, ჩვევად ჰქონია ფანჯრების წყვლ-წყვილად დათვლა. ალბათ გულნაკლული დარჩებოდა, თუ ნაგებობის ფასადს კენტი ფანჯარა ამთავრებდა. დიდ კორსიკელს სხვა უცნაურობებიც გამოარჩევდა, მაგრამ ამას უჩემოდაც მიაკვლევს ცნობისმოყვარე მკითხველი.

 

სამადლო საქმე

23.05.2009. დამქანცა აქეთ-იქით გაუთავებელმა წანწალმა, რამდენიმე საათში ქალაქში გავარდნამ (ელენეს ერთი კარგი ქალი უვლის) და მერე ისევ საავადმყოფოში, ხუდადოვზე, ამოხეთქებამ, რკინის საწოლზე ძაღლურად მიგდებამ და ღამეების ტანჯვაში თევამ. მომაბეზრებელია ავტობუსიდან ავტობუსში გადაჯდომა, მეტროს აგუგუნებულ სადგურებში გაუთავებელი ძრომიალი.
ამ დილით ერთ ქალბატონს (მობილურზე დამირეკა და შევუთანხმდი, რომ შინ დავხვდებოდი), ტელეჟურნალისტ მედეა მოსულიშვილს დავუწერე მცირე სიტყვა მოხუცი კაცის, ჩემი თანატოლის, ვარდან იაგანაშვილის, რამდენამდე უცნაურ, ზოგი რამით გამორჩეულ ლექსების წიგნზე დასართავად.
მარტოხელა ადამიანია, ამ ქალბატონის ბიძაშვილი, არსად არაფერი დაუბეჭდავს და მოინდომა, მაინცდამაინც მე წამეკითხა და შემეფასებინა მისი ნაწერები. თავის დროზე ბრგე ვაჟკაცი ყოფილა. ახალგაზრდობაში თურმე ტარზანს ბაძავდა; ტოტებზე გრძელი ღვლეჭები ჰქონია გამობმული, ერთი ხიდან მეორეზე გადადიოდა, ამ ქროლვაში რომელიღაც გაწყვეტია, ძირს დანარცხებული, დახეიბრებულა.
ლექსები აშკარად მომეწონა, განათლებული, ღრმა განცდების ტრაგიკული პიროვნება ჩანს. იმ რამდენიმე აბზაცში (ვფიქრობ, სამადლო საქმე გავაკეთე) მასავით დაჩაგრულ ნიკო სამადაშვილთან მყავს შედარებული. წიგნის გამოცემას სხვა, ახლო მეგობარი უფინანსებს, სტამბაში მომუშავე. უთქვამს, თითო გვერდზე თითო ლექსი მოათავსეო. პატარა ლექსებია, ძირითადად, ორსტროფიანები და ასე ბევრი ქაღალდი დაიხარჯება, მაგრამ უფრო სქელი იქნება კრებული. ეს კაცი მარტოკა ცხოვრობს კახეთის სოფელ არაშენდაში. იქედან ერთი ქილა თაფლი გამოუტანებია ქალბატონ მედიკოსთვის. ამაღელვა ასეთმა ყურადღებამ. რამდენიმე ხნის წინ საწყალს გაჟონვა მოსვლია, მაგრამ ღვთის წყალობით გადარჩა. ნეტავი ამ წიგნის გამოცემასა და ხელში აღებას მოასწრებდეს, მხნეობა შეემატება. ზეზვა მედულაშვილი, ნიჭიერი პოეტი, ლექსის ოსტატი და თვალსაჩინო მთარგმნელი მისი სოფლელი ყოფილა, თუმცა მეურვეობა მე მომანდო.
მინდოდა, მისი ლექსების ერთი ნაწილი როსტომ ჩხეიძისთვის გადამეცა და ამ ორომტრიალში ვერ მოვახერხე. როსტომი შემპირდა, თუ ავტორი საყურადღებოა, უსათუოდ დავბეჭდავ, ასაკს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. საზოგადოებისთვის დღემდე რომ უცნობია, ეს უკეთესიცაა, ჩემს ჟურნალს მისი გამოქვეყნება, დარწმუნებული ვარ, რაღაცას შემატებსო.

 

ქართველი მხატვრის უმნიშვნელოვანესი გამოფენა

23.10.2009. გუშინ დავურეკე ლონდონიდან სახელოვნად დაბრუნებულ ზურაბ ნიჟარაძეს. მივულოცე ნამდვილი ტრიუმფი, რაც მის იქაურ გამოფენას მოჰყვა. მითხრა, ახლავე გამოეშურე, გემრიელი რამეებით მინდა გაგიმასპინძლდეო. ჭამა-სმა ნამდვილად არ მინდოდა. წავედი, რათა ნაამბობი, შთაბეჭდილებები მომესმინა. სახელოსნოში დამხვდა მისი ახლო მეგობარი ნიკა თოფურიძე, მხატვრობისა და პოეზიის საუკეთესო მცოდნე. ბევრი ხალხური ლექსი, მეტწილად შედევრები, ზეპირად იცის. არაყი არ დამილევია, მაგრამ შავი ღვინო და ძვირფასი `მარტინი~ ბლომად მასვეს.
ლონდონში ჩვენი მასპინძელი მეორეჯერ იყო და ახლანდელი შთაბეჭდილება უფრო მდიდარი, მრავალფეროვანია. ქუჩებში განსაცვიფრებელი სისუფთავე ყოფილა, ჰაერიც ბროლივით კრიალა. მანქანების მოძრაობა და სისწრაფე იდეალურად მოწესრიგებული, რაიმე მარცხზე ლაპარაკი ზედმეტია, მძღოლები თავისი საქმის ვირტუოზები არიანო. ეს მოგვიანებით მისმა მშვენიერმა მეუღლემ ციცინო ციციშვილმაც აღნიშნა. ზურაბის ერთი ნამუშევრის რეპროდუქცია ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ ჟურნალ `გალერეაში~ გამოქვეყნებულა. ქალბატონ ციცინოს ჩამოუტანია შთაბეჭდილებათა წიგნი, რომელსაც ალბათ მერე ვნახავ. ხელოვნების მცოდნეებს უთქვამთ _ ამდენ უსახურობათა შემდეგ ლონდონს, როგორც იქნა, დიდი და ნამდვილი მხატვრის ნამუშევართა ხილვა ეღირსაო.
მოვიდა ვახუშტი კოტეტიშვილის ქვრივი, მზეო გოგოჭური, კარგი ბუნების ადამიანი და მშვენიერი მხატვარი. ზურაბი ეხმარება ოსტატობის დაუფლებაში, საათობით ამუშავებს.
საღამოს გავემართეთ ქარვასლისკენ, სადაც ირაკლი აბაშიძის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენაა. ირაკლი აბაშიძემ ცხოვრების დიდი და რთული გზა გაიარა, უამრავ ცნობილ პიროვნებასთან იყო შენახვედრი და ეს გემოვნებით განლაგებულ ფოტოებზედაც ცოცხლადაა ასახული. შენობის წინ ზურაბმა ყავასა და კონიაკზე დაგვპატიჟა. იქვე მყოფი დიტო კიკვიძე და ალეკო თუთბერიძეც შემოგვიერთდნენ. კარგა ხანს ვილაპარაკეთ. ყველანი შეწუხებულები ვართ, რომ თბილისის დამამშვენებელი მანანა გედევანიშვილი ისრაელში გაკეთებული მძიმე ოპერაციის შემდეგ შეუძლოდაა. იმედი გვაქვს, მალე გამოკეთდება.
ლონდონში ზურაბის ერთი ბრწყინვალე სურათი დაუტოვებიათ, `სოტბის~ აუქციონზე გასატანად; დიდი ფასი დაუდიათ, მისი ნიჭიერების შესაფერისი.
გამოფენის დარბაზის დაქირავება ერთობ ძვირი დამჯდარა (50 000 გირვანქა სტერლინგი). ზურაბი აღტაცებას გამოსთქვამს ლონდონის ნაგებობათა გამო. პარლამენტის შენობა, თავისი გრანდიოზულობით, გამაოგნებელიაო. აღნიშნა ზანგებისა და ჩინელების სიმრავლე. ეს ლონდონელებს ნაკლებად აწუხებსო, გაღიმებულმა დაამატა.

 

საფლავის წარწერები

08.12.2009. საგანგებოდ არასოდეს მივდივარ, მაგრამ როცა კი რომელიმე სასაფლაოზე მოვხვდები, ჩვეულებად მაქვს, წარწერები, უფრო კი ლექსად გაწყობილი ეპიტაფიები წავიკითხო. საკმაოდ დიდი ხნის წინათ (ორმოცი წელიწადი მაინც იქნება მას მერე გასული), კუკიაზე, გასვენებაში მყოფმა (ვეღარ ვიხსენებ, ვის მარხავდნენ), სულ განაპირას, მისადგომთან, ახალგაზრდა ქალის საფლავზე, ორსტრიქონიანი ეპიტაფია ამოვიკითხე, რუხი მარმარილოს ფილაზე იყო ამოკვეთილი:

საყვარელმა როცა მნახოს,
გულზე ვარდი დამაყაროს.

მხატვრულობის მხრივ ნაკლებად გამორჩეული, მაგრამ უშუალობაზე მიამიტურად დანდობილი ეს ორი სტრიქონი ჩაწერილი მაქვს და სახელდახელოდ შეფასებულიც. სადღაც ამოდებული ძველი ფურცელი ძნელი მისაგნებია, თუმცა ზეპირად დამახსომდა. ქალი რომ ახალგაზრდა იყო, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებმა მიმახვედრა, იოლად გამოვთვალე. მერე ისიც ვიფიქრე _ საცოდავი ადრე ძალზე მოდებული სენის, ჭლექისგან იქნებოდა გარდაცვლილი და ყვავილთა შორის, ყველაზე მეტად, ვარდი ეყვარებოდა. დავყურებდი მტვრით დაფარულ განსასვენებელს და ვწუხდი. თითქოს იმ გოგოს სუსტი კვნესაც შემომესმა. რამდენი უღვთოდ დაღუპულის სულია სანუგეშებელი და მოსახსენიებელი, სანთლის ანთების ღირსი. საფლავის წარწერათა უმრავლესობა მდარეა, მაგრამ ალაგ-ალაგ ნამდვილი მარგალიტი გამობრწყინდება.
ბაჩანა ბრეგვაძე დღემდე წუხს, რომ რამდენიმე მეგობართან ერთად, ვგონებ ფშავში, გატყიურებულ ადგილას, ნახა განმარტოებული საფლავი და უბრალო ქვაზე ამოტვიფრული, გაუბედურებული დედის ოთხსტრიქონოანი ვაება, ნატირალი, ვერაგულად მოკლული ერთადერთი შვილისადმი აღვლენილი. მსგავსი სიძლიერისა და ისეთი შინაგანად შემძრავი ცოტა რამე თუ წამიკითხავს, უსაშველოდ ვნანობ, რომ მაშინვე არ გადავწერე და მეხსიერებას დავენდე, ძალიანაც რომ მოვინდომო, აწი იმ წარწერას ვეღარსად ვნახავო, ჩიოდა დაღვრემილი ბაჩანა. მეც ბევრჯერ დავრწმუნებულვარ _ ყველაფერს დაუზარელი მიდგომა ჭირდება და რასაც დააპირებ, სამომავლოდ არ უნდა გადადო, სანანებლად დაგრჩება.

 

 

1 2 3 4 5