ისევ მწერუკებს ვაკვირდები

04.06.2008. კარგად ვიცი, ზაფხული მწერების უხვი გამრავლების ჟამი რომაა, მაგრამ, ჯერჯერობით, ნაკლებად ჩანან, სამიოდე დღის წინ დამიჯდა რვეულის ფურცელზე მთლად ციცქნა, თვალით ძლივს შესამჩნევი, ფერმკრთალი არსება. იმაზე პატარასი და თანაც მცოცავ-მფრინავის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. გაიარ-გამოიარა ნაწერის გასწვრივ. იმასთან თამაშის თავი არ მქონდა. შემეშინდა, უნებლიეთ ხიფათი არ მოვწიო-მეთქი და ჩემებურად ავუქშიე, დავაფრთხე. მყისვე აფრინდა და სადღაც დასკუპდა ალბათ, მყუდრო ალაგას. რაღას დავინახავდი. რა ამოძრავებს და წარმართავს მის სიცოცხლეს? არა მგონი, სრულებით უმიზნო იყოს. თვითონ რომ არის, იმაზე პატარა აზრი ხომ მაინც ექნებოდა თავში? შიშინ გრძნობა ხომ დაჰყვა უპაწაწინესი კვერცხიდან? სხვანაირად, არ დაფრთხებოდა. ყოველივე ამის წვდომას გოეთეს ტვინი და მოთმინება ჭირდება. აღარაფერი გაკავებს, რომ ბუნება ღმერთად აღიარო, თვალნათლივ იწამო უამრავ რამეში გამოვლენილი მისი ფარული ძალების არსებობა.
უმძლავრესი გონების შემოქმედი პოლ ვალერი ერთგან წერს, რომ თვით სიცოცხლეს არ გააჩნია მიზანი. აქ რაღაც სხვა, ჩემთვის მიუწვდომელი აზრია ჩადებული. მზესა და დედამიწაზე, მათ ბრუნვასა და განსაზღვრულ წრეში ტრიალზედაც ამასვე ამბობენ. ამოდენა სამყაროში ადამიანს რიღასი იმედი ექნეს და რა დასკვნამდე მივიდეს?!
რამდენიმე თვის წინ მწერებზე ნაუცბათევად რაღაც-რაღაცები ჩავიწერე. ცალკეული ფურცლები იყო და როგორმე უნდა გავამთლიანო. ის შემთხვევები და დაკვირვებები აღარ განმეორდება. თუმცა, გულახდილად რომ ვთქვა _ თავს ვიქცევ, ყურადღება წვრილმანებზე გადამაქვს, რათა მთავარმა და გამუდმებულმა სატანჯველმა არ შემშალოს. დიდი ხანია, მონიშნული მაქვს, როგორ გამოიყურებიან ნაირნაირი მწერები ჩემთვის მიმზიდველი, სულიერად ახლობელი პოეტების სტრიქონებში. ეს ძნელად მისაღწევი ოსტატობისა და იშვიათი სიფაქიზის, დახვეწილი შეგრძნების მაჩვენებელია. შეწუხებული ვარ _ ჩემი მოუწესრიგებლობის გამო, ვაითუ ზოგიერთ ფურცელს ვეღარ მივაგნო. ადრინდელი, ბევრი რამე გამებნა და დამეკარგა, სანანებლად დამრჩა.

 

იდუმალი სამყარო

01.08.2008. აბეზარი, საძულველი, სისხლის გამომწოვი კოღოს გარდა, ზაფხულში დაფუთფუთებენ პაწაწინა მწერები, საღამოობით, ტახტზე მიწოლილს, ჩაძინებულს რომ დაგკბენენ, დაგშხამავენ. კანის აუტანელი ქავილი აგიტყდება (განსაკუთრებით ხელ-ფეხზე) და გისივდება. შეიძლება ღუდუდოებიც დაგაჯდეს. ესენი რაღა გასაჩენი იყო ამხელა ქვეყნიერებაზე?!
არის ერთგვარი ქინქლა. გურიაში ფუსუსურას თუ პუჭუჭკურას ეძახიან (გროვად მიჭუჭკვა რომ იციან, ალბათ იმის გამო). შემოდგომაზე, როცა ყურძენს დაწურავენ ხოლმე, საწნახელს დაეხვევიან. მოწითალო ფერი აქვთ. ქალაქშიც მინახავს. მწიფე ყურძენი რომ დასკდება და, მაგიდაზე დადებულს, სიმჟავე ოდნავ შეეპარება (სხვა ხილსაც არ წუნობენ), საიდანღაც მოფრინდებიან და მარცვლებს დაასხდებიან. ბევრჯერ დავკვირვებივარ ზურგზე დაწყობილ ციცქნა, აბრეშუმივით გამჭვირვალე ფრთებზე. ეტყობა, გაჭყლეტილი ყურძნის ბანგს შორიდანვე გრძნობენ, იყნოსავენ და თბილ ჰაერში გაბაწრულები, ხელად მოქანდებიან.
მამაჩემს ვკითხე ერთხელ, ეს რანაირად ხდება-მეთქი. ახსენა რომელიღაც კანონი, ამა და ამ უცხოელმა მეცნიერმა აღმოაჩინაო და კიდევაც ამიხსნა იმათი გამოჩენის მიზეზი. მეცნიერის გვარი დამავიწყდა და ისიც _ ასეთ მანძილზე თვალით ძლივას შესამჩნევი მწერები როგორ გროვდებიან და ერთად მოეშურებიან გასაბრუებლად. მედიცინის მიღმა, მამაჩემი ბიოლოგიაშიც ჩახედული იყო. მწერლობის მიმართაც შეუნელებელ ინტერესს იჩენდა. ბევრს და გვიან ღამემდე კითხულობდა. მაღაზიაში შევლილს, ხშირად ამოიღლიავებული მოჰქონდა ახალი წიგნები. იმ დროს ვეღარაფერი დააბრუნებს; მხოლოდ გასაწყვეტად განწირულ ჩემს ხსოვნაშია ჩაბუდებული.
სინათლე რომ იზიდავს პაწაწკინტელა ფრთიან მწერებსა და ფარვანებს, ეს ყველამ იცის, ოღონდ ყურძნის მტევნისა და ამჟავებული ხილის წვენზე მოფრენა სხვა რამეა. ასევე, სულ სხვა ჯიშისაა მუმლი, შებინდებისას ჰაერში რომ იცის გაკიდება ოდნავ დარწეულ რუხ ფარდასავით. იმათ გზა-კვალსა და ნაირსახეობას ვერავინ აღნუსხავს.

 

გვიან ავფართხალდი

10.08.2008. წავიკითხე გენიალური ესპანელი პოეტისა და ნამდვილი ბრძენკაცის ხუან რამონ ხიმენესის დღიურის ერთი ნაწყვეტი (კიდევ კარგი, დაფიქრების, მიხვედრის უნარი შემრჩა); იგი ისეთ რამეს წერს, თითქოს მე მგულისხმობდეს _ წვრილმანებზე მომაბეზრებლად გამოდევნებულს, გადაგებულს და ჩაქუჩს მიჩაჩქუნებდეს შიგ თავში, ცდილობდეს გამომაფხიზლოს, ჭკუაზე მომიყვანოს. გულის ფიცარზეა ამოსაკვეთი ეს სიტყვები:
„არ შეიძლება უმნიშვნელო წვრილმანებზე დახურდავება. აუცილებელია დიდი, არსებითი, უეჭველი; წინსვლა ის არ არის, რომ „რამე-რუმეები“ ამრავლო.
ბოლოსდაბოლოს, თაროებზე დაწყობილი საქონელი _ ეს ხომ ლექსიკონში შეტანილი სიტყვებია. არა საგნებისა და საგნუკების სიუხვე ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას, არამედ მხოლოდ ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება და რასაც თვითონ ჩვენ ვჭირდებით.“
ჭეშმარიტად ბრძნული შეგონებაა, წყალი არ გაუვა, მაგრამ ის მაწუხებს და მანაღვლებს, რომ უნუგეშოდ დაგვიანებულია. სამოცდაათს გადაშორებული (რა საშინელებაა!) და ბავშვობიდანვე დაბნეული, გზაარეული მეოცნებე, წარუმატებელი სიცოცხლის მიწურულს, რაღას გამოსაწორებს, რომელი რა უნდა გადასინჯოს და გადაიაზროს, მითუმეტეს, თავისი ახირებული, უსარგებლო მიდრეკილებები ღრმად ჩაფესვილ, ჩაკირულ ჩვევად თუ ექცა.
აქ რაც ჩამოვთვალე ასეა, მაგრამ მაინც შევეცდები, გაუთავებელ ჩხირკედელაობას ვუკლო, მთავარს მივხედო, ამდენი ხანი მიგდებული რომ მაქვს და ყუთებში დაიმტვერა, გახუნდა. ის, რის ხორცშესხმასაც ათეული წლებია ვაპირებ, დარწმუნებული ვარ, არა მარტო სხვების, თვით ჩემთვისაც მოულოდნელი იქნება. ამას რომ ვამბობ, მე საბრალო, იმასაც ვხვდები, რა სასაცილო მდგომარეობაში ვიმყოფები; წვრილთვალა ბადეში მოხვედრილ თევზს თუ ობობას ქსელში გაბმულ და გაკოჭილ მწერს ვგავარ, ვისაც შხამიანი ნერწყვით გაწებილი ფრთების გატოკება არ ძალუძს. საჩემო, უფლისგან ნაწყალობევი, დრო შემომელია, შემომადნა და იმ წლების იმედად ვრჩები, მე რომ აღარ მეკუთვნის.

 

ყველაფერში ზომიერებაა საჭირო

15.08.2008. ხიმენესი მოკვეთილად ამბობს (ეს, ცხადია, არ გახლავთ ახალი, მოულოდნელი აზრი, ამაზე წიგნებიცაა დაწერილი): `პოეზია მინიშნებათა ხელოვნებაა.~ ამ სხარტი განმარტების მეტყველ მაგალითად გამოდგება გალაკტიონ ტაბიძის გენიალური სახე-მეტაფორა, მის შემოქმედებაში უძლიერესი და, ამასთანავე, კლასიკური სისადავით გამორჩეული: `გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის? ეს ჩემი სამშობლოს მთებია!~
ათას პატრიოტულ ფიცს აღემატება მშობელი მიწის მიმართ შეკითხვის ფორმით გამოხატული უსაზღვრო სიყვარული. არაფერს ნიშნავს, რომ იგივე ფარული შედარება გამოყენებულია იაროსლავ ივაშკევიჩის ერთ, თანაც გვიანდელ, ლექსში, მაგრამ ასე მოხდენილად არა. პოლონელმა პოეტმა და პროზაიკოსმა, შესაძლოა, გალაკტიონის არსებობა არ იცოდა (`დაბრუნება~ ნამდვილად არ ექნებოდა წაკითხული), მაგრამ არც ესაა მთავარი. ზემოთ მოტანილი უმშვენიერესი სტრიქონები, მწუხრით შეფერილი ტრაგიკული მინიშნება, `ეფემერას~ ავტორის სახელთანაა სამუდამოდ გადაჯაჭვული.
მინიშნება, საგნის პირდაპირ არდასახელება ახალმა პოეზიამ (მეტწილად, თეთრმა და თავისუფალმა ლექსმა) მოიტანა და ტრადიციულად აგებული მეტაფორის დეფორმაცია გამოიწვია. მინიშნებებით გადაჭედილია ეუჯენიო მონტალეს ლექსები. ესპანელ პოეტებზე არას ვიტყვი. ამ მხრივ ფრანგები და გერმანელებიც გამოირჩევიან. ინგლისელებიც, რაღა თქმა უნდა.
გადამეტება არაფრისა ვარგა. შემოქმედმა არ უნდა დაკარგოს ზომიერების გრძნობა, ლექსი დახლართულ რებუსად არ უნდა იქცეს. თვით უკიდურესი სირთულეც კი, სასურველია, ნათლად, გასაგებად გამოიხატოს.

 

მორიელი ჩარჩოში

06.10.2008. ძველი საბერძნეთის უდიდეს სწავლულსა და მოგზაურს, მრავალი ქვეყნის ფეხით შემომვლელს და სხვადასხვა დროის ძეგლთა, არქეოლოგიურ მონაპოვართა შემფასებელს, განსაცვიფრებელ მთხრობელს პავსანიას (110-180) თავის უიშვიათეს, ენციკლოპედიური დანიშნულების `ელადის აღწერაში~, ერთგან ნათქვამი აქვს, რომ რომელიღაც ფრიგიელმა იონიაში ჩამოიტანა მორიელი და მას ზუსტად კალიის მსგავსი ფრთები ჰქონდა. ეს ბევრის მნახველი და მომსწრე ბრძენკაცი მუდამ სიმართლის დაწერას ცდილობს, ყოველთვის სიფრთხილეს იჩენს, მაგრამ არა მგონია, მორიელს კალიისებრი ფრთები სხმოდა. ეტყობა, განზე გაშვერილი ფეხები, ოთხ-ოთხი იქეთ-აქეთ, მას ფრთებად მოეჩვენა. მორიელი დახოხავს, არ ფრინავს.
მორიელისადმი სიყმაწვილიდანვე უცნაურ ძრწოლას განვიცდიდი (ალბათ უფროსების მონაყოლის გამო). ერთხელ, თოთხმეტიოდე წლისამ, სხვენში დავინახე, აგურის ჭუჭყიან, შეულესავ კედელზე მიცოცავდა, ღია ფერისა (შესაძლოა, კანგამოცვლილი), კუდმოკაუჭებული და მოულოდნელობით შემკრთალმა, შეშინებულმა, ხელში რაც მომყვა, დავკარი, მივასრისე.
ხიმენესი ცეცხლშენთებულ და დასაღუპავად განწირულ ამ საძაგელ არსებაზე თანაგრძნობით ამბობს _ `საბრალო მორიელი.~ გამიკვირდა, მაგრამ მისთანა პოეტი სხვაგვარად ვერ იტყოდა ასეთ სატანჯველში მოხვედრილზე.
მეზიზღებოდა და, ამასთანავე, კიდევაც მხიბლავდა მისი ნატიფი, უკიდურესობამდე სიმეტრიული აღნაგობა. სულ მინდოდა ლექსის ფორმაში მომექცია, გამოზომილად ნაჭედ სტრიქონებში ჩამემწყვდია იგი, თავიდან ბოლომდე სრულყოფილად დამეხატა.
არსებობს სარწმუნო ცნობა, რომ ეგვიპტელ ქურუმებს ტაძარში დაუბინავებიათ ჩვეულებრივზე დიდი `წმინდა მორიელი.~ უსაქმოდ არ გააჩერებდნენ, თუმცა ვინმეს დასაგესლავადაც არ გამოიყენებდნენ. ოცი წელი უცოცხლია და მერე, დაუძლურებული, მომკვდარა. ამოდენა დრო, მორიელთა შორის, ალბათ პატრიარქის ასაკს შეეფერებოდა.
იმ მორიელს, ფარაონისებურ ფუფუნებაში მყოფს, სახელიც იოლად დასამახსოვრებელი და წარმოსათქმელი ჰქონია _ ატო. თითქმის ისევე ჟღერს, როგორც ფლობერის `სალამბოს~ ერთ-ერთი მთავარი გმირისა (მათო), ვისაც ჰამილკარის ღვთიური სილამაზის ასულზე შეყვარებულს, საჭურისმა ქურუმმა მკერდი გაუპო და გული ამოგლიჯა. წმინდა მორიელისთვის ხელი არავის უხლია, ეგვიპტელი ქურუმები თავს ევლებოდნენ, მაგრამ მისგან მტვერიც აღარსადაა. სახელს კი საუკუნეთა შეუჩერებელი დინება ვერაფერს აკლებს, პირვანდელი სახით ინახავს.
სადღაც წამიკითხავს (ნეტავი მომენიშნა) მაიმუნის ერთ სახეობაზე, რომელიც მორიელს შხამიან კუდს აკვნიტავს, შეახრამუნებს და არავითარი ვნება არ ადგება. უსამართლობაა, ამის მოქმედს მაიმუნი უძახო, ზოგი პამპულა კი კაცად დაიარებოდეს.
ძველი ეგვიპტელები, როგორც მოგეხსენებათ, ხოჭოს, ფუნაგორიას აღმერთებდნენ, სად და რაზე აღარ გამოსახავდნენ, მზის ემბლემად რაცხდნენ და რა მოხდა, თუ მორიელს ასეთი პატივით ექცეოდნენ. მითუმეტეს, არაა გასაკვირი, რომ უგონიერესი ცხოველი, კატა, გაღმერთებული ჰყავდათ, ელოლიავებოდნენ და მის ფიტულებს სალოცავებში საუკუნეობით ინახავდნენ.
კატებზე მე თვითონ, კარგა ხანია, დიდი, მრავლისმომცველი წიგნის დაწერას ვაპირებ. სხვადასხვა რვეულებშია გაფანტული, რასაც მერე თავი უნდა მოვუყარო. გარდა ამისა, ათეული წლების მანძილზე, ბევრ მათგანს საგანგებოდ ვაკვირდებოდი, რასაც საჭიროდ ჩავთვლიდი, ვინიშნავდი ხოლმე; მაგრამ აქ ამაზე აღარ ვილაპარაკებ.
შარშან ჩემი ახლობელი ადამიანების ვაჟმა მიშიკო კუხალაშვილმა, კეთილზე კეთილმა, საზრიანმა ყმაწვილმა ლამაზ ჩარჩოში ჩასმული, შავად განტოტილი აფრიკული მორიელის საუცხოო ფიტული მისახსოვრა. სიგრძეში მტკაველი მაინც იქნება. გამორჩეული იერის გამო, მისთვის `მოღუნული იმპერატორი~ შეურქმევიათ. ძალზე გამახარა ამ თავისებურმა საჩუქარმა.
უბრალო ვინმე არ გეგონოთ _ ზოდიაქოს ერთ-ერთ ნიშნად ცაში ატანილი, იგი ჩემი დაბადების თარიღს (27 ნოემბერი) ზურგზე ებჯინება და `მშვილდოსნის~ სამფლობელოში გადასულს, გვიან შემოდგომაზე, ავად აღრენილი ღრიანკალი, თავისი ბასრი, წამახული მარწუხებით, კიბორჩხალისას რომ უგავს, ხერხემალს მიღრუტნის, მაცოფებს, დაუოკებელი ჟინი მეღვრება სხეულში.
მოჩარჩოებული და შუშის ქვეშ მოქცეული, აღმა მიმსწრაფი მორიელი დიაგონალურად არის გართხმულ-გაფარჩხული სიგრძეზე. ფიტულის დამამზადებელს, ვიდრე უდაბნოში შეპყრობილი და მოკვდინებული დამგესლავი გაფიჩხდებოდა, მორკალული კუდი გაუმართავს, გაუსწორებია. მოუხდა გაწვართვა, ასე უფრო მიმზიდველი სანახავია.
მორიელებმა კითხვა არ იციან, თორემ საშინლად განაწყენდებოდნენ, რომ ისინი ობობასნაირთა ჯგუფს მიაკუთვნეს. არანაკლებ განრისხდებოდნენ, დამცირებულად ჩათვლიდნენ თავს ვეფხვები, რადგან ბიოლოგებმა კატისებრთა ოჯახში გააერთიანეს მათი მოდგმა.
საჩუქარი საწერ მაგიდასთან ჩამოვკიდე და დროდადრო ვაკვირდებოდი. გადავწყვიტე, გაქვავებული უდაბნოს რისხვა როგორმე მოზრდილ ლექსში გამეცოცხლებინა, მისი მშობლიურ გარემოში დაბრუნება ვცადე (ამ სურვილზე ზემოთაც მივანიშნე). ვერ ვიტყვი, რომ ჩანაფიქრი სანაქებოდ განვახორციელე. ქაღალდზე გადატანილი (ჩემივე გამოცდილებიდან ვიცი), რამდენიც არ უნდა ვეწვალო, მუდამ ნაკლებია განზრახულზე, წარმოსახვაში მოაზრებულზე. ლექსი ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა და აქ მისაბმელად არ გამოდგება. თუ მოვესწარი ამდაგვარივე ლექსების გამოცემას, იმ კრებულში შევიტან. სურვილები, რაც თავი მახსოვს, ძნელად მისრულდება. საკუთარ ხვედრთან ვერას გახდები, ყველაფერს ეჩვევა მუცლით ნაშობი.
დაბოლოს, არ მინდა აღუნიშნავი დამრჩეს _ ცნობარების გადათვალიერებისას შემხვედრია (ნახვით არ მინახავს), რომ არსებობს `მეგრული მორიელი~ და ეს ფაქტიც არ გახლავთ უგულვებელსაყოფი, რაღაცას მატებს ჩვენს დაქუცმაცებულ სამშობლოს. იგი ამ სახეობის დანარჩენი, ასევე საშიში, მოსარიდებელი წარმომადგენლებისაგან, უეჭველად რაიმეთი იქნება განსხვავებული, თორემ სოლიდურ სამეცნიერო გამოცემაში ასე განკერძოებულად არ მოიხსენიებდნენ.

 

1 2 3 4 5