თვალის გადავლებისას

06.02.2010. ძველი თაობის დიდად ნიჭიერი და განათლებული რუსი ისტორიკოსი ვასილი კლიუჩევსკი ლერმონტოვზე დაწერილ მცირე შენიშვნაში, ერთ უგერგილო ანონიმურ სტატიას რომ ეხება, აღნიშნავს: ` . . . პოეზია ქრონოლოგიას არ სცნობს, იგი განსხვავებული ასაკის ადამიანებს აახლოებს. დრო კვალს ვერ აჩნევს მას ისევე, როგორც უკვალოდ ჩაუვლის ხოლმე იგი ერმიტაჟის ანტიკურ ქანდაკებებს.~
რამდენი რამის დამტევი და მთქმელია ეს აზრი და რამდენ რამესთან შეიძლება მისი მოშველიება. ცხადია, სახელოვანი მეცნიერი რა პოეზიასაც გულისხმობს. ლაპარაკია მარადიულ ღირებულებებზე _ მისთანა დახვეწილი პიროვნება უდღეურ ნაცოდვილარებზე სამსჯელოდ არ მოცდებოდა.
კლიუჩევსკის იმ დროს ძნელად განსაკურნავი ვერაგი დაავადება, ჭლექი შეეყარა და ხშირად იმყოფებოდა აბასთუმანში. ლიტერატურას რომ გაჰყოლოდა, მისი გონების პატრონი, ბევრ კრიტიკოსსა და მკვლევარს აჯობებდა. ძალზე ანგარიშგასაწევი დაკვირვებები აქვს გოგოლის პროზაზე. ნაჩვენებია შეუსაბამობანი მის გრანდიოზულ ჩანაფიქრებსა და განხორციელებას შორის, თუმცა კარგად უწყოდა გოგოლის, როგორც მხატვრის, მასშტაბები და ძალმოსილება. ახსნილია მწერლის გადაულახავი კრიზისის მიზეზები, რამდენჯერმე რომ გადაწერა `მკვდარი სულების~ მეორე ტომი და ბოლოს დასწვა. ნათქვამი აქვს იმ დაუმსახურებელ ლანძღვაზედაც, ასე უხვად რომ აგემეს გენიალურ შემოქმედს. იმასაც ამბობს, რომ გოგოლი თავის პერსონაჟებს არ დასცინის.
შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი დიდი დავით კლდიაშვილის აღშფოთებაც, როცა მას ერთ საიუბილეო საღამოზე გააგონეს, თითქოს იმერეთის აზნაურობას დასცინოდა. მეტად დასანანია, რომ ადრე, სამხედრო სამსახურის ადგილის ხშირი გამოცვლის გამო, ხელნაწერებით სავსე მისი ზანდუკი სამუდამოდ დაიკარგა. ვინ იცის, რა განძი იქნებოდა იმაში. რაღას აღადგენდა. ასევე სავალალო და სამარცხვინოა, რომ ოცდაოთხი წლის სისხლიანი რეპრესიების ჟამს, როცა ბოლშევიკები თავად-აზნაურობას გასანადგურებლად დევნიდნენ, დავით კლდიაშვილი და მისი ვაჟი, ძალზე ნიჭიერი და თავისებური მწერალი სერგო კლდიაშვილი დახვრეტას ძლივს გადაურჩნენ.
მატლი ჰაერში

 

30.04.2010. ათი დღე იქნება გასული მას მერე. კულტურის სამინისტროდან მომავალი, საჯარო ბიბლიოთეკის წინ, გრძელ სკამზე ჩამოვჯექი დაბალ, მწვანედ შებუმბლულ ხესთან. ადამიანების, გამვლელ-გამომვლელთა ყურება როცა მომბეზრდება, სხვა რამეებს ვაკვირდები. ბევრი უმაქნისი თვისება მაქვს გამჯდარი ხასიათში. დიდი ლოდინი არ დამჭირვებია _ თვალწინ, ჰაერში ოდნავ აქანავებულ პაწია, მწვანე მატლს შევავლე მზერა. ნელა, მაგრამ ჯიუტად მიიწევდა მაღლა-მაღლა. გამიკვირდა, რაზე ჰკიდია-მეთქი და უწვრილესი შავი ძაფი შევამჩნიე, წერტილისოდენა მოღებულ პირში რომ ედო და იმ ძაფს, ხის ტოტზე დამაგრებულს (მანამდე ალბათ მისი პირიდანვე გამოწელილს, როდესაც ძირს ეშვებოდა), უკან მიჰყვებოდა. მზის სინათლე რომ არა, მამოძრავებელ ძაფს ვერც გავარჩევდი. ადამიანებს ჰგონიათ, მათ გარდა გონება არავის გააჩნია და როცა სამყაროს პაწაწინა არსებებზე მსჯელობენ, ყველაფერი ინსტინქტამდე დაჰყავთ. მე რასაც ვუმზერდი, აშკარად საზრიანი ქმედება იყო, გარკვეული მიზნისაკენ მიმართული, თუმცა ის მატლი თვალით ძლივს ჩანდა. ობობა რომ ხლართავს ბუზის გასაბმელად, თავისივე მუცლიდან ამოხვეულ ქსელს, ეტყობა, ისეთივე ძაფად გადასაქცევი მასალა აქვს მოგროვილი ნამცეცა მწვანე მატლსაც და იმაზე კონწიალობს _ კენწეროდან ჩამოისეირნა და მერე, მოშიებული, ზემოთ მიიწევდა, რათა ახალგაშლილი ჩვილი ფოთოლი ეგემნა, მოეციცქნა თავისი ერთადერთი საზრდო. ის მატლიც, ბოლოს, ეტყობა, რომელიმე მწვანეფრთიან მწერად იქცევა. მეეჭვება, ნამდვილი პეპელა გახდეს. მთლად მოსაწონი საქციელი არ არის, რომ იგი ნორჩ, წებოვან ფოთოლს შეექცევა, თანდათან ღრუტნის, მაგრამ რა ქნას, ბუნებას ასე გაუჩენია. მანამდე, ცხადია, მთლად უხილავ კვერცხად იყო ჩამალული ხის ქერქის ნაოჭში და ათბობას, კვირტის გაშლას ელოდებოდა, თვითონაც რომ გამოჩეკილიყო, ხანმოკლე, მოხეტიალე არსებობა დაეწყო. ბუნებისმეტყველი არა ვარ და, ამდენად, მის მეტამორფოზას ბოლომდე ვერ გავადევნებ თვალს, ეს მეცნიერთა საქმეა.
საკმარისი იქნებოდა, ის ერთადერთი, მარჩენალ ხესთან დამაკავშირებელი ძაფი გამეწყვიტა და მის აღსასრულს დავაჩქარებდი. ასეთ რაღაცას ფიქრშიაც ვერ გავივლებდი, ცოცხალი თავით როგორ ვიკადრებდი ამგვარ უგვან საქციელს, მწერებისა და ჭია-ღუების შემბრალე, ქომაგი? ნელ ტემპს თუ არ მიაქცევდი ყურადღებას, ცირკის აკრობატივით იყენებდა საყლაპავში გაჩრილ თავისებურ ბაგირს, ნელ-ნელა აპატარავებდა, მუცელში იბრუნებდა და სასურველ მიჯნამდეც მანძილს იმოკლებდა. შემეცოდა, თუმცა არ ვიცოდი, რითი გამეწია შემწეობა. ხელი რომ მეხლო, უარესს დავმართებდი და სანანებლად დამრჩებოდა. ავდექი და წამოვედი. მივატოვე საკუთარ ძაფსა თუ პარაშუტზე ჩამოპორწიალებული პაწაწა, თავწამახული მატლი (სიმცირისდა მიუხედავად, თავისა და კუდის გარჩევა ხერხდებოდა) და ჩემს გზაზე წავჩანჩალდი, პალტოთი დამძიმებული, როგორმე შინ რომ მივლასლასებულიყავი. გარკვეული, სარგებლის მომტანი მიზანი თითქმის არასოდეს მქონია და რაღა იმ დღეს მექნებოდა. ვერც შევძლებ, რაიმე შევცვალო ჩემს აზრგამოცლილ ცხოვრებაში. ამ ბედოვლათობას წინასწარ ვარ შეგუებული.

 

ზურგის გამომხატველობაზე

05.05.2010. ჩემი უფროსი მეგობარი ნოდარ გურაბანიძე და მე ხშირად ვაძლევთ ერთმანეთს წასაკითხად ჩვენთვის გამოსადეგ წიგნებს. მისოდენა გაქანების და სიღრმის თეატრმცოდნე ვგონებ თვით უმდიდრესი თეატრალური ტრადიციების მქონე რუსეთსაც ცოტა თუ ეყოლება. ეს ზერელედ ნათქვამი არაა, რეჟისორებზე დაწერილი საფუძვლიანი მონოგრაფიების გარდა, დაგვარწმუნებს თუნდაც რამდენიმე წიგნად გამოსული `სამყარო თეატრალის თვალით.~ მათში უზარმაზარი ცოდნა და უდახვეწილესი გემოვნება ჩანს, უამრავ სიახლეს ვგებულობთ.
ცოტა ხნის წინ გადმომცა ვიქტორ ბერიოზკინის წიგნი ძალზე თავისებურ ამერიკელ რეჟისორზე, რობერტ უილსონზე, სადაც ბევრი მოულოდნელი და უჩვეულო რამ წავიკითხე. უაღრესად თამამი ექსპერიმენტების ხელოვანი ყოფილა. მისი სპექტაკლები, არცთუ იშვიათად, თურმე ათი-თორმეტი საათი გრძელდება. ღმერთმა გამძლეობა მისცეს მათ მაყურებელს. როგორც წერენ, უილსონი საკვირველ პირობითობებს იყენებს. ერთ სპექტაკლს ჰქვია `სტალინი~, რომელშიც მინიშნებულია მსოფლიოს უდიდესი დიქტატორის დესპოტობაზე, მოქმედებები თითქოს ცალკე დგას.
მისი აზროვნების არეალი მრავლისმომცველი, მეტად ფართოა. ეტყობა ძლიერი, შთამბეჭდავი გამოვიდა უილსონის სპექტაკლი შუამდინარული ეპოსის `გილგამეშის~ მოტივებზე _ ენქიდუს სიკვდილი. აგრეთვე, `ჰამლეტი~ და სხვები. დუნე კი იქნება საყურებლად, მაგრამ ვიზუალურად მიმზიდველი, მრავალფეროვანი. სიტყვას თითქმის არ იყენებს. მუნჯი ზანგი ბიჭი უდიდეს მსახიობად უქცევია.
უილსონს ჰყვარებია ისეთი სცენები, როცა პერსონაჟები მაყურებლისკენ ზურგშექცეულები სხედან. ამ მიდრეკილების გამო, ვიქტორ ბერიოზკინის წიგნის ბოლოს, ერთ-ერთ შენიშვნაში მოტანილია მისი აზრი: `მე მიყვარს ზურგი. იგი იმდენადვე გამომხატველია, როგორც სახე და ისეთივე იდუმალი. ეცადეთ, რომ თქვენი ზურგი იყოს ძალზე გამართული, მთელი ენერგია შეიგრძენით თქვენსავე ზურგში, ისე მოიქეცით, რომ თქვენი ზურგი უკიდურესად ცოცხალი იყოს.~
ეს მხოლოდ სპექტაკლებსა და მსახიობებზე როდი ითქმის. ზურგის ცხოველმყოფელობასა და სიძლიერეზე, უპირველეს ყოვლისა, მისტიური ხილვის შედეგად დახატული, ფრანცისკო გოიას გამაოგნებელი, ალეგორიული ხასიათის ტილო `კოლოსი~ (1811) მახსენდება. ფიქრობენ, რომ იგი ნაპოლეონისდროინდელი საფრანგეთ-ესპანეთის სასტიკი ომის გამოძახილია. ჩამუქებული, მთაგორიანი პეიზაჟის განაპირას, ზურგშექცევით დგას შიშველი მამაკაცის გოლიათური ფიგურა (ბარძაყები თითქმის დაფარულია, ოდნავ უჩანს). მთელი მისი ზეადამიანური სიძლიერე ზურგში იგრძნობა. სხეულის ქვედა ნაწილი და ბეჭები ნისლსა და ღრუბელშია გახვეული. მარცხენა, შემართული დაკუნთული მკლავი, თითქოს რაღაცის შესამუსრავადაა მომუჭული. შავი თმა ჯენჯად ადევს. წვერმოშვებულს, გვერდზე მოქცეული მარცხენა ლოყა და, ზღაპრული ციკლოპივით, მრისხანედ დახუჭული ცალი თვალი მოუჩანს. მის არსებაში ცხოველური ძალა და დაუნდობლობა იგრძნობა. ამ საშინელების უკან, მცირე დაბლობზე, პატარებად გამომზირალი დაფეთებული, თავგზააბნეული ხალხია. შუაში ჩარდახიანი ფურგონი გაჩხერილა. წინ წახრილი, გაჩაჩხული ადამიანები უაზროდ გარბიან მთისკენ. რქებალესილი, ჯიშიანი _ შავი, თეთრი და წითელი ხარები აქეთ გამორბიან. ცხენები, ასევე სხვადასხვა ფერისანი, მარცხნივ მიისწრაფიან. ომს რომ ახლავს, ისეთი არეულობაა. ყოველივეს თრგუნავს, მაჯლაჯუნასავით გადამხობია თავით ცას მიბჯენილი ტიტანური აღნაგობის დევკაცი. ეჭვიც არ შეგეპარება _ მისი ვეება, მოშიშვლებული ზურგის პატრონს, ყველა სულიერის გასრესა და მოშთობა ძალუძს.
აქვე, ბუნებრივი იქნება, ვახსენო მეორე გენიალური, აგრეთვე ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ცნობილი (რეპროდუქცია ხელთ არა მაქვს), კონტრასტის უკვდავ ხერხზე შექმნილი, პოეტური იერის ნამუშევარი `გოგონა სფეროზე.~ ფიცარზე შემდგარა შოლტივით მოქნილი, განზე მკლავებგაშვერილი, ათიოდე წლის უბიწო არსება, ისეთი, როგორებსაც ხატავს ჩვენი დიდად ნიჭიერი დიმიტრი ერისთავი (მოვიგონოთ მისი `კლასობანა~). პიკასოს გოგონა, ჰაეროვანი, უნაზესი არსება, გაფაციცებული ცდილობს შეინარჩუნოს წონასწორობა, რათა სიმძიმის ცენტრმა მარცხნივ ანდა მარჯვნივ არ გადაინაცვლოს. წინ ქვაზე მყარად ზის (წონაწორობის შენარჩუნება არ სჭირდება) წელს ზემოთ შიშველი, ჩვენკენ ზურგმოქცეული, მთლიანად კუნთებად ქცეული ზორბა მამაკაცი. მისი სიტლანქე და სიუხეშე კიდევ უფრო გამოკვეთს სფეროზე შემდგარი, გამოზომილად მოქანავე გოგონას მომხიბლავ სინატიფეს. ასეთი მკვეთრი დაპირისპირების, ოსტატურად შერჩეული ფონის გარეშე, სურათი სრულყოფილი ვერ იქნებოდა.
ჰომეროსის პოემები თითქმის ყველაფრის სათავედ და წყაროდ არის მიჩნეული. მკვლევარებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ `ილიადას~ მეცამეტე სიმღერის უძლიერესი ადგილი, როდესაც ოკეანის სიღრმიდან ამოსული და აქაველთა წინასწარმეტყველ კალხასად გარდასახული, `დედამიწის შემატორტმანებელი~ ღვთაება ილიონის კედლისკენ დაიძვრება. აქაველთა მხედართმთავრები დიდი და პატარა აიაქსები არიან. უმცროსი აიაქსი ოილიდი, ახოვანებითა და ძალოვნობით ბევრად ჩამოუვარდება უფროსს, ტელამონიდს, მაგრამ თვითონაც საარაკო მეომარია. იგი თვალს მოკრავს უკვე გატრიალებული, უკან მიბრუნებული პოსეიდონის ვეება ფიგურას და ამბობს, კანჭებსა და ზურგზე ვიცანიო. საგულისხმოა, რომ აიაქსი ოილიდი, საბოლოოდ, განრისხებული პოსეიდონის მსხვერპლი ხდება.
ამავე მოტივს (უხეში ცხოველური ძალა და მის წინ უსუსური, ფიზიკურად სუსტი არსება), რამდენადმე ეხმიანება მოხეტიალე ცირკის მსახიობთა ცხოვრებაზე გადაღებული, ფედერიკო ფელინის ერთ-ერთი, მეტად ნაღვლიანი განწყობილების აღმძრავი შედევრი `გზა~. მაგრამ ასე რომ მივყვეთ, ძალიან შორს შევტოპავთ, შთაბეჭდილებებში გავიხლართებით.
ალბათ ბევრი ჩვენგანი დაკვირვებია _ ყოველდღიურ სასაუბრო მეტყველებაში ხშირად გვესმის ზურგთან დაკავშირებული ხატოვანი თქმები: `სხვისი ზურგის იმედზეა~, `ზურგს უკან ლაპარაკობს~, `დაზურგული წავიდა~, `ამისი ზურგი არ მქონდა~, `ზურგი შევაქციე~, `მტრის ზურგში~, `ზურგის ქარი~, `ზურგი აეწევა~ და მისთანანი.
ნოდარ გურაბანიძისთვის არც მითქვამს, სად გადამტყორცნა და რამდენი საფიქრალი გამიჩინა მისგან წამოღებულმა წიგნმა.

 

სამტრედიამ გვიმასპინძლა

05.06.2010. გუშინდელი დღის უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ. მშობლიურ სამტრედიაში შეხვედრაზე წავყევი ბონდო მაცაბერიძეს. იქვე იყვნენ გურამ გოგიაშვილი, თემურ შავლაძე, ქეთევან შენგელია. გამიხარდა, რომ წამოვიდა ბონდოს მხარში მდგომი, ერთგული კომპანიონი, ყოველმხრივ ძვირფასი ადამიანი რუსუდან მოსიძე. მეორე მანქანაში ისხდნენ ბონდოს ძმა და ნათესავი, ოპერატორი. ალბათ რაღაცეების გადაღებას აპირებდა. სასიამოვნო განწყობილება არაფერს დაურღვევია. ბევრს ვხუმრობდით.
რიკოთს რომ გავცდით, ტყეში, მდინარის პირას, რესტორნის ღია აივანზე ვისაუზმეთ, საკვირველი სილამაზე და სიმშვიდე იყო. ვინატრე, ორიოდე კვირით რომ მამყოფა აქ, მოვსულიერდები, გონება დამეწმინდება-მეთქი. ზაფხულობით დასვენებას კარგა ხანია გადავეჩვიე, თბილისიდან აღარსად გავდივარ. იმ აივანზე ჯდომამ მომაცოცხლა. მდინარის გასწვრივ ჩარიგებული, აშრიალებული თხმელების სიგრილე გველამუნებოდა. თხმელებს წყალი უყვართ და მომხიბლავად ირეკლებოდნენ პატარა მდინარის ჭავლებში. დამენანა ასეთი სიმყუდროვის დატოვება.
სამტრედიაში საკმაოდ ადრე ჩავედით, ქალაქის მეორე სკოლა, რომელიც თავის დროზე დაუმთავრებია ბონდოს, გაწკრიალებული, მორთულ-მოკაზმული დაგვიხვდა. ბავშვები ნაირფერი თაიგულებით, ჟრიამულითა და ტაშით შეგვეგებნენ. მასწავლებლებიც ვერ მალავდნენ სიხარულს.
ბონდოს ზღაპრებზე გემოვნებით ჰქონდა მომზადებული მშვენიერი ლიტერატურული მონტაჟი. შიგადაშიგ ჩართული იყო ცეკვა-სიმღერები. თვალწარმტაცი სანახაობა გამოვიდა. აღტაცება ვერ დავფარე, როცა თორმეტიოდე წლის ჩითისკაბიანმა გოგონამ ტილოგადაფარებული კალათიდან სამი ყვითელი, აწიაქებული წიწილა ამოიყვანა და იატაკზე დასვა. მუჭისტოლები ერთმანეთს არ შორდებოდნენ და სცენაზე იკენკებოდნენ. ამათ შესაბამისად, კონტრასტული სურათის შესაქმნელად, გამოჩნდა სამი ჩასუქებული ბიჭი (ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟებს, დევებს განასახიერებდნენ, ფეხშიშველები დაბაჯბაჯებდნენ) და იქეთ-აქეთ ირწეოდნენ. ზურგები წითელ-მწვანედ ჰქონდათ მოხატული. ძალიან სასაცილოები იყვნენ, საერთო მოწონება ხვდათ წილად.
ყველამ ცოტა-ცოტა ვილაპარაკეთ, ხალხი რომ არ გადაღლილიყო. ბონდომაც გულითადი მადლობა მოახსენა დამსწრეებს. დირექტორი ახალგაზრდა ქალი იყო, მოქნილობა, სიმარჯვე ეტყობოდა, თეა ერქვა. მალე სკოლის საფუძვლიანად გარემონტებას ვაპირებთო. საამისოდ წინასწარ ეზრუნა, ინჟინერს, სამუშაოს მწარმოებელს, მოლაპარაკებოდა.
`მეორე განყოფილებაც~ იმგვარი გახლდათ, დიდი ტრადიციების მქონე სამტრედიას რომ ეკადრებოდა. თვალს ახალისებდა უხვი პურ-მარილი და ღვინო, დაზურგული იყო სუფრა. გურამ გოგიაშვილმა (თამადობას სულ არ შეუშლია ხელი) იცხონა სული. მე მალე შევწყვიტე ჭამა-სმა. ფეხებთან შემომიძვრა პატარა, გაპეყვილი ძაღლი (ხელად იყნოსავენ ხოლმე ჩემს დამთმობ ხასიათს). ღიმილისმომგვრელი, წუწკი გამოხედვა ჰქონდა და მუდარიანი თვალები აღარ მომაცილა. ვინ მოსთვლის, რამდენი ქათმისა და გოჭის ხორცი შევასანსლე. ძვლებიანად ფქვავდა. ცოტა ხნით, გულშეღონებული, იატაკზე გაწვა და მერე ისევ განაგრძო ჭამა. ჯანელიძეების ოჯახში ვიმყოფებოდით და ის მუცელგამობერილი ძუკნა მათი მეზობლის გამოდგა.
ხილის მორთმევის მერე (ეს კი ნამეტანი იყო) გამოიტანეს სქელ-სქელ, ოთხკუთხედ ნაჭრებად დალაგებული აჩმა; გურამმა დიდი ეშხით დააგემოვნა (`გარგანტუას~ ბრწყინვალედ მთარგმნელი ტყუილად როდია) და მეც შემომთავაზა, გასინჯეო. ხელები ავწიე, მე იმის ჭამაში როგორ ავყვებოდი, ვისაც გნებავთ, დაჩაგრავს. მადა ჯანმრთელობის ნიშანია.
თბილისში ღამის თერთმეტ საათზე დავბრუნდი. ტახტზე წამოწოლილი, კვლავაც განმაცვიფრა ჩემმა ერთმა უცნაურმა, ძნელად ასახსნელმა თვისებამ (ასეთი რამ ადრეც დამმართნია). უეცრად გამახსენდა ინჟინერი ზალიკო ხოჭოლავა, მაღალი, სახედაკუთხული, შავწარბებიანი, გოგი გაჩეჩილაძისა და ალეკო თუთბერიძის, ალექსანდრე აბაშელის შვილიშვილის მეგობარი. სუფრა იყო გოგისთან, საბურთალოზე. ელგუჯა ამაშუკელიც ესწრებოდა. იმ ზალიკომ რაღაც ენამწარე თქვა, დამთვრალმა, ელგუჯას გასაღიზიანებელი. გაფითრებული ელგუჯა მე მომიბრუნდა _ ვიღაცას ფანჯრიდან გადაფრენა მოუწევსო. ხელები მოვხვიე, დავაწყნარე. მაშინ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. . . იმ შემთხვევიდან 40 წელი მაინც იქნება გასული. დილით დიტო კიკვიძეს დავურეკე და შეწუხებულმა მითხრა, ცუდი ამბავი მოხდა, წუხელ ერთი კაი ვაჟკაცი, ზალიკო ხოჭოლავა გარდაიცვალაო. ხმა ვეღარ ამოვიღე, გაოგნებული დავრჩი.
დღეს სხვა რამემაც წამიხდინა გუნება. სიონის ტაძრიდან გამოასვენეს ძალზე ნიჭიერი მსახიობი და უსაყვარლესი პიროვნება გიზო სიხარულიძე. მასავით ცოტა ვინმემ თუ იცოდა ქართული ლექსის მადლი. საუცხოოდ, ყველაზე ბუნებრივად კითხულობდა ჩვენი ლირიკის შედევრებს. ღვინის წრუპვა უყვარდა და კიდევაც შვენოდა. ღმერთმა მარადიულ ნათელში ამყოფოს მისი სპეტაკი სული.
სამტრედიაში, ახლობელთა წრეში ლაღად გატარებული დრო, როგორღაც შეიმღვრა, დაითალხა. ბოლომდე ვის რა შერჩენია?!
სიამოვნებისა და ტანჯვის სიახლოვეზე, მთის ერთ მწვერვალზე რომ არიან მოქცეული და ერთმანეთს ენაცვლებიან, ჯერ კიდევ ღვთაებრივი პლატონი გვამცნობდა. არა აქვს მნიშვნელობა, რომ ამას იგი გულშემატკივარი მეგობრებით გარშემორტყმულ თავის ბრძენ მოძღვარს, საპყრობილეში არქონტების მიერ ბორკილშეხსნილ, სასიკვდილოდ განწირულ, შხამის დასალევად გამზადებულ სოკრატეს ათქმევინებს. სიმართლესთან ერთად, რამოდენა ირონია გამოსჭვივის სოკრატეს სიტყვებში, როცა იგი მეგობრებს მიმართავს _ სანამ ბორკილი მედო, ფეხი მტკიოდა, ვიტანჯებოდი, ახლა კი სიამოვნებას განვიცდიო.
ყოველივეს მხილველი და მომსმენი, სოკრატეს უახლოესი მეგობარი ფედონი, ვინაც ეხეკრატეს დაწვრილებით უამბობს უდიდესი ფილოსოფოსის უკანასკნელ დღეზე, გაკვირვებას, აღტაცებას ვერ მალავს _ სიკვდილის წინ, ღირსებითა და სიმამაცით აღსავსე სოკრატეს ყურება და მისი მოსმენა იყო `უცნაური ნაზავი სიამოვნებისა და მწუხარებისა.~ იქვე დასძენს _ სიცხეში მოსულები ამ დროს ხან იცინოდნენ, ხანაც ცრემლებს აღვარღვალებდნენო.
ყველა ჩვენგანს უნახავს და გამოუცდია შემთხვევები, როცა სიცილი ტირილს შეუცვლია. საბოლოოდ, ისევ გუშინდელ გახსენებას მინდა მივუბრუნდე. დღესდღეობით თითქმის ვეღარსად გაიგონებ ძველ, მხიარულ სიმღერას: `სამტრედიავ, სამტრედიავ, მუდამ მზიანო!..~ ჩვენს გაწამებულ ხალხს ნაკლებად ემღერება, იმდენი საშინელება გადაიტანა და ისეა დაძიძგნილი, განახევრებული საქართველო. ღმერთმა ქნას, ქართველ კაცს გუნება გამოუკეთდეს, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდეს. წუთისოფელი ხომ ჭირისა და ლხინის მონაცვლეობაა.

 

1 2 3 4 5