მიგრანტი

 

კი არ დადის ეს ქალი – დახტის.

შორიდან გიგანტურ კალიას ჰგავს,

რომელსაც პეპლად გადაქცევა

და ჰაერში თმაგაშლილი ფარფატი უნდა.

როცა მორიგი ნახტომისათვის ემზადება,

თვალით ფრთხილად აზომავს მანძილს,

თან ძვირფას ზურგჩანთას ებღაუჭება,

სადაც უდევს ცოცხალი ტვირთი.

ერთი ქვეყნიდან მეორეში გადახტომისას

ცდილობს გვერდი აუაროს

პირდაფჩენილ შიშის ორმოებს,

ხსოვნის რძე რომ არ დაუშრეს

მთვარისფერ მკერდში.

 

 

წვეთი

 

თამუნას

 

 

მთელი სამყარო რომ

ერთ მხურვალე ცრემლში ჩაეტიოს,

ვისი იქნება ის:

ღმერთის თუ ადამიანის,

ნახევარ-ღმერთის თუ ნახევარ-ადამიანის?

ანდა თავისი მხურვალებით

გახვრეტს თუ არა

გულცივობის ალესილ აისბერგებს

და ვითომც არაფერი მომხდარიყოს,

დილის ნამივით გაიბრჭყვიალებს

თვალის კუთხეში?

 

 

 

1 2 3 4 5