ბურთი

 

არც მარჯვნივ იხრება, არც – მარცხნივ,

არც – ქვემოთ, არც – ზემოთ,

ერთ წერტილშია გაყინული.

მისი პრიალა ზედაპირი მოხატულია

შიშისა და სევდის მკრთალი ზოლებით,

ხოლო ხაოიანი შიდა ნაწილი

გაფორმებულია უფრო მკვეთრად,

არა – გაცილებით მკვეთრად.

ერთადერთი, რაც შეუძლია,

საკუთარი ღერძის ირგვლივ მოძრაობაა,

და ისიც მხოლოდ მაშინ,

როცა ყელში გაჩხერილს

გადაყლაპვას დაუპირებენ.

 

 

 

 

 

 

დახუჭობანა

 

თანდათან ბნელდება პარკში,

სადაც დიდი ხნის წინ

სასეირნოდ დამყავდა ხოლმე

ჩემი ორი-სამი წლის შვილი.

პარკში ჩემსავით დაბორიალობს

მსუქანი, მელოტი დრო.

ის ყოველ ფანართან ჩერდება,

ამოიხვნეშებს და სიგარეტის მოსაკიდებლად

სანთებელას გამოკრავს.

სწორედ ამ დროს თავს გამოყოფს

მის ზურგსუკან დამალული

ჩემი ორი-სამი წლის შვილი

და ყვირის: “ჭიტა!”.

 

 

 

1 2 3 4 5