სიცილის ოთახი

 

არც ისე პატარა ვიყავი, როცა დედამ პირველად წამიყვანა სიცილის ოთახში. ბევრჯერ მსმენოდა ამ ჯადოსნური სარკეების შესახებ, მაგრამ რატომღაც მეშინოდა რაღაცნაირი “მე”-ს დანახვის, ხმების, რომლებიც ალბათ ამ უცნაურ სარკეებში თუ მათ მიღმა ცხოვრობდნენ… და ერთხელაც, იქ დედასთან ერთად ფრთხილად შევედი და პირველი გაოცებაც მაშინვე მეწვია. ჩემს წარმოდგენაში ეს უნდა ყოფილიყო დარბაზივით დიდი ოთახი, აბრდღვიალებული ბროლის ჭაღითა და კედლებზე ლამაზი შანდლებით სარკეების ორივე მხარეს. მე კი აღმოვჩნდი ცუდად განათებულ პატარა სივრცეში, სადაც სარკეები თითქოს დროებით ეკიდა და მათ ეს-ესაა ჩამოხსნიდნენ და აქედან გაიტანდნენ. სანამ თითოეულთან მივიდოდი და საკუთარ ანარეკლს შევხედავდი,  სარკეები შევათვალიერე. გრძელი და წვრილი სარკე განიერსა და მოკლეს უცნაურად ირეკლავდა, ამობურცულ-ზედაპირიანი კი – ჩაბურცულ-ზედაპირიანს. იყო რაღაც ფანტასმაგორიული ამ ოპტიკაში, თითქოს ერთი რეალობა ირეკლავდა მეორე რეალობას, ერთი პლანეტის ზედაპირი – მეორე პლანეტისას, სადაც მე და დედაჩემი დავაბიჯებდით.  წვრილი და მაღალი გოგო თან ჰგავდა მსუქანს და დაბალს, თან განსხვავდებოდა. ეს გარდასახვა ძალიან მახალისებდა, მაგრამ ამასთანავე, საოცარი სევდით მავსებდა და ვერაფრით გამეგო, რატომ მქონდა ერთდროულად ასეთი საპირისპირო განცდები. მხოლოდ წლების მერე გავიაზრე ამის მიზეზი, როცა უკვე ბავშვობიდან დიდობისკენ გადმოვაბიჯე. სიცოცხლე მხოლოდ ის კი არაა, რაც ჩვენი თვალების სარკეებში აირეკლება, რასაც ჩვენი გრძნობის ორგანოები აღიქვამენ, რაც ჩვენს ფიქრებში შემოედინება და გაედინება. სიცოცხლე ისიცაა, რასაც ვერ ვხედავთ, როგორც საკუთარი თავის ორიგინალს. მე სარკეებში ვხედავდი დედაჩემის სხვადასხვა ასლებს და ვხედავდი დედას ორიგინალშიც, სარკეებს აქეთ. მაგრამ საკუთარი თავის ორიგინალს, რომელსაც ხედავდა დედაჩემი, ვერასოდეს დავინახავდი, სარკეების იმედად ვერ დავრჩებოდი, სულ ერთია, რომელი სარკის, სად კიდია, რომელ ოთახში, რადგანაც კარგად ცნობილია, რომ ყველა სარკე იტყუება და მარჯვენას მარცხენად შემოგასაღებს.

 

 

ხელები

 

ვერაფრით აღიდგინა მისი სახე, სხეული, მიხვრა-მოხვრა, მეხსიერებას ძაბავს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ახსოვს მხოლოდ მისი ხელები, უმცირეს დეტალებში.

 

მხატვარი რომ იყოს, ხელების მთელ სერიას გააკეთებდა, ფანქრით გადმოსცემდა ყოველ ნიუანსს – მეხსიერების ძარღვებზე ხელის მტევნებს ჩამოკიდებდა.

 

დირიჟორი რომ იყოს, ყოველი თითი განსხვავებული მუსიკალური საკრავი იქნებოდა მის ორკესტრში, მუსიკა მისი ხელებივით მოგეხვეოდა და მაგიურ ენერგიას შემოგაფრქვევდა.

 

რეჟისორი რომ იყოს, ჩაბნელებულ სცენაზე მხოლოდ მსახიობთა ხელები გამოჩნდებოდა, სახე და სხეულის სხვა ნაწილები კი უშავეს ჩრდილში იქნებოდა გამოხვეული.

 

ფოტოგრაფი რომ იყოს, მრავალჯერ გაადიდებდა ხელისგულების უწვრილეს ხაზებს, მათი თბილი მდინარეებით დაქსაქსავდა მეხსიერების კედელზე გადაჭიმულ რუკას.

 

მოხუცის ღიმილი ტუჩის კუთხეებიდან მიწისქვეშა წყლებივით მიწანწკარებს როცა იხსენებს, ეს ხელები როგორ უვლიდნენ.

 

 

 

1 2 3 4 5