შადრევნების ქალაქი

 

ეს ქალაქი თავისი შადრევნებით იყო განთქმული.

თითოეულში სხვადასხვა ფერის სითხე მოედინებოდა

და სახელიც შესაბამისი ჰქონდა: „ლურჯი შადრევანი“,

ან – „წითელი შადრევანი“ ქალაქის მთავარ მოედანზე.

გიდები დიდი სიამაყით უამბობდნენ ტურისტებს მათ შესახებ:

მაგალითად, რომელ ქიმიურ ხსნარს უმატებდნენ სითხეში

თითოეულისთვის ორიგინალური ფერის მისაცემად.

მაგრამ მთავარ საიდუმლოს გიდები ბოლოსთვის იტოვებდნენ  –

მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით

ქალაქის წყალკანალიზაცია ისე იყო დაპროექტებული,

რომ ყველა შადრევანი ერთი სისტემის ნაწილი იყო,

რომ ქალაქში ეკოლოგიური ბალანსი მაქსიმალურად იყო დაცული,

რომ შადრევნებში გაფილტრული და არომატიზირებული

ფეკალური მასები ბრუნავდა…

სწორედ მთავარი საიდუმლოს გამხელისას ხვდებოდნენ ტურისტები,

თუ საიდან სცემდათ ეს ყველასთვის ნაცნობი სუნი.

 

 

 

 

 

ჩრდილი

 

ქალი პურის ნამცეცებს ეძებს მაგიდის ქვეშ.

გაწეწილი თმა აქვს. დიდი სათვალე უკეთია.

მუხლებზე დახოხავს. პოულობს.

ენით ლოკავს. ხოხვას აგრძელებს.

ჭიანჭველას ხედავს პურის ნამცეცთან.

ფრთილად ეხება. ჭიანჭველა მირბის.

ქალის თითი სულთამხუთავივით კვალში მიჰყვება.

ინსტინქტი კარნახობს, როგორ მოიქცეს.

 

სარკეში როცა იყურება,

საკუთარი ანარეკლის უკან

გიგანტური ჭიანჭველას ფორმის ჩრდილს ხედავს,

ნელ-ნელა რომ უახლოვდება.

 

 

 

 

1 2 3 4 5