პროფესია ჯალათი ანუ Covid-61

 

21-ე საუკუნეში სიკვდილით დასჯა ძალიან ჰგავს

კორონავირუსის მკურნალობის პროცედურას

იმ განსხვავებით, რომ კოვიდის დროს

ნიღბებითა და სპეცტანსაცმლით

მედპერსონალია შემოსილი,

სიკვდილით დასჯისას კი – დამნაშავე.

ის საერთოდ აღარა ჰგავს ადამიანს,

მოჩვენებაა პენიტენციური სისტემის

კეთროვან კედლებში.

ამ დროს, ალბათ უფრო იოლი ხდება

ღილაკზე თითის დაჭერა ან ნემსის გაკეთება,

ჰო, ალბათ უმარტივესი პროცედურაა.

ამ დროს, პროფესია ჯალათი  აღარც არსებობს,

მისი სახელია Covid-61.

 

 

 

 

 

 

ძეგლი ქართველ ემიგრანტ ქალს

 

აეროპორტიდან თბილისში შემოსულს

“ქართლის დედის” სტოიკური ფიგურა გეგებება

ცალ ხელში ხმლით და მეორეში  ღვინის ფიალით,

უცხო ქვეყნებში გადაფრენილს კი  –

ქართველი ემიგრანტი დედების არმია.

არადა, ორივე სიმბოლოა,

ერთი – ისტორიის ჩიხიდან იმზირება,

მეორე – თბილისის საახალწლოდ გაჩახჩახებული ქუჩებიდან,

რომელთა განათებაზეც იმაზე მეტს ხარჯავს ქვეყანა,

ვიდრე უსახლკარო და მშიერი ბავშვების გამოკვებაზე.

სამაგიეროდ, სამშობლოს ჰყავს ემიგრანტი დედა,

როგორც მეწველი ძროხა –

სანამ რძე უდგას ძუძუებში, მის დაკვლას არ ჩქარობს,

მერეც მოასწრებს, რომ დაბერდება.

სამშობლოვ, ჩამოაგდე “ქართლის დედის” მირაჟი

და დაუდგი ძეგლი “ქართველ ემიგრანტ ქალს”;

გთხოვ, ნუ დაამახინჯებ რეალობას:

ძეგლს ტანი ძროხის უნდა ჰქონდეს, სავსე ჯიქნით,

თავი კი – ქალის.

 

 

 

 

1 2 3 4 5