მე ბევრი ვარ

რუსუდანი ქალობას ჯახირობს.

რუსო სისხლით რწყავს ლექსებს.

რუსი სანადიროდ და საშოვარზეა.

რუსკა წითელქუდობს, მოკვდება

და გაცოცხლდება დღესვე.

რუსა დედაშვილობას საქმიანობს.

რუსიკო ოჯახს აწიოკებს,

რადგან პედაგოგია, კომბლე

და დედა – ნაწილობრივ.

რუსოია სამშობლოში დედაკაცია,

ემიგრანტობაში ლოცულობს.

ხატებით სავსე გოდების

კედელი აქვს,

მაგრამ ხანდახან ერთობა კიდეც

მისი გაპრანჭული მოცულობა.

რუსკიმ სახლობანაში ვერ ივარგა,

რეცხვაში დაპატარავდა

და შედგა.

მე სულ მეკითხებიან ვინაობას

და თავს ვისაწყლებ ხოლმე:

ვარ ხუთი შვილის დედა.

 

 

საძაგელი მზესუმზირა

დასაწყისისთვის მოწაფეები

გადაირევიან ერთმანეთში

და ვალაგებ ზეცისკენ მიმავალ

საჩემო კიბედ.

კარგად რომ შევიკრა,

ტანსაცმლიდან არ გადმოვიღვარო,

მე მათ ღილებად ვიბნევ.

ვარ ასეთი მასწავლებელი,

მინდა შევიგრძნობდე

ოცივე მოზარდს.

ვშლი მათ მსუბუქ ნარკოტიკებად

და ცუდად მხდიან,

თუ გადავაჭარბე დოზას.

ჩვეულებრივად კი სიყვარულის

ახსნაში ვარ,

ვაფეთქებ ფილოლოგიურ

ნაღმებს.

დავემსგავსე საძაგელ მზესუმზირას,

მოწაფეებო, (თაყვანს) ვეღარ გცემთ,

რადგან სიტყვები ამომკენკეთ და

ცარიელ პირებს ვაღებ.

 

1 2 3 4 5 6