ლობიო

ლობიო, შე მარცვლებდასაცლელო,

გასაგლეჯი ხარ,

გასათხლეში, გასამწარებელი.

სათითაოდ გამოდი, რომ მიგაჭყლიტო,

დაგამლაშო, მოგიმწვანილო,

ყურებზე ხახვი დაგაჭრა.

ცეცხლი შენ!

დადექი, ითუხთუხე, გასკდი სათითაოდ,

ცივ წყალს დაგასხამ,

ძვალ-რბილს გაგიერთიანებ,

დაგღეჭავ, ჩასახეთქო.

გაგრილდი, თავი არ აიმჟავო,

თორემ…

აი, მჭადი კი დაგეცეს თავზე!

არც ისე საწყალი ხარ…

ყველა მოცლილია –

სუფრაზე რომ ხარ და

ქორწილი გაქვს;

კომბოსტოს მწნილი გარმონივით

იკეცება,

დანა-ჩანგალს შუა ჩაგატარებენ,

თეფშის სარეცელზე პურს მოგიწვენენ

გვერდით და

წიწაკით ჩაგამწარებენ.

ნივრის ნაფრცქვენები, თეფშის ირგვლივ,

შენი საცვლებია,

დასვრილი თეფში, წიწაკის ყუნწი…

სად არის დიასახლისი,

არ რცხვენია?

ახალი ლექსები

 

 

ვენახი

მოდი ვნახო საკუთარი თავი –

ჩემს ხელშია, თუ ამ ხელებს

თავში იხლის.

სხვა ტანს ხომ არ გაეკიდა

და ხვნეშშია.

სწორია, თხამ შეჭამა ვენახი.

მე ჟანგშეპარული, რიგს ვარღვევ

და მიწას კი არა,

უთოფოს ვეძახი.

კარგად დაზეპირებული ხალხური ლექსი

უკვე ბევრჯერ ამერია,

ქნევით, თავის გარეშე, ვადასტურებ,

რომ ვარ განუყრელი

ამერ-იმერია,

სადაც მგელმა აღადგინა

სამართალი.

მოდი ვნახო, რა რიგში ვარ:

„შენ ხარ …“, თუ „თხამ შემჭამა ვენახში“,

ღმერთო, გადამთვალე.

 

1 2 3 4 5 6