დაჭერობანა თამაში არაა

რადგან ასე დავიწყეთ

მე და ბებიამ ერთმანეთში

არსებობა,

ჩემთვის რომ იცლიდა.

გული დამწყდა, ყველაფრიდან

ერთბაშად გავიდა,

ხავსად ამომეწოდა მიწიდან.

მაშინვე დედაჩემი ჩაენაცვლა,

შაქარივით შემერგო.

ერთად ყოფნის დიდხანობას

რაღაც სახელიც დავარქვით ორივემ,

მაგრამ მე ტყუილად მიხაროდა.

მერე შვილები გამომეკიდნენ

დასაჭერად,

თავიდან მათ მე დავდევდი.

ტანჯვით ამომყავდნენ ჩაცვენილები

მაინცდამაინც ეკალ-ბარდებში.

ახლა ისევ დაჭერობანას ვამზეურებ,

ვერ დავეხსნები სხვებს ისე, როგორც

წინსაფარი მოახლეს.

გასაქცევში ადგილი აღარ დარჩა,

მერანს ყურები დაუგრძელდა,

ჩემს გაუქმებულ გოგოობას

უნდა მოვახტე.

 

 

ორშაბათი

ორშაბათი დიდი გამოფხიზლების დღეა,

ანგელოზები პასუხს არ აგებენ ჩემზე,

სამშაბათისკენ გადამხრიან

და პარასკევამდე ისეთი ფხიზელი ვარ,

ცხოვრებას გამოვილევ სანახევროდ.

კვირიდან ამოვარდნილ რომელიღაც დღეში

წმინდანებს, როგორც ღმერთის ნასუფრალებს,

მივაწყდები.

გამომესარჩლებიან მიცვალებული ახლობლები,

ანგელოზებად ქცეულნი,

კვირის გზას თვალებით მიმასწავლიან.

ამიტომ ხელისცეცებით მივდივარ აღდგომისაკენ –

სერიოზული ანგელოზები ქრისტესთან არიან წასულები.

კიდევ ერთი ამოვარდნილი დღე და

წუთისოფელი ვერ დასრულდება.

ორშაბათს ვარ ახალი ან

კარგად დავიწყებული მე.

აგორებული თავისით არ ჩერდება.

ოთხშაბათს შვილს ან შვილიშვილს

უშეცდომოდ ვაჩენ,

(გამოცდილება თავისას შვრება).

ჯერჯერობით გამოსავალია

ეს ამოჩემება.

1 2 3 4 5 6