ქალი-მაგიდა

ერთ დროს ქალი იყო

საწერი მაგიდა,

დანებით ტრიალებდა ქურასთან.

სარეცხის თოკებით

ქარებს რომ აბამდა,

ოჯახურ ოცნებებს წურავდა.

ყველა უჯრაში შვილები ეჯდა,

გულს იტრიალებდა გასაღებით.

ლექსებს ღამეებად ათეთრებდა,

რადგან გრძნობა ჰქონდა დასაღლელი.

ეს ქალი ერთხელ

წელში მოიხარა,

დარჩა ასე და არ აფრინდა.

მიადგა სკამი უტიფრად – არც იკითხა:

ეს ქალი იყო თუ მაგიდა.

ღიპიანი საზამთრო

ჩემი სამშობლოა,

ამწვანებული – ტკბილი.

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო

წყლებით, მინერალებით.

დაზოლილი გზებით,

რომლებიც სადღაც ერთდება,

თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ.

გატყაპნილი ლაქები

ჩვენა ვართ,

ვინმე რომ გვათვალიერებს,

ვხვდებით და ფორმას ვიცვლით.

ადრე სამშობლო გრძელი იყო,

მუთაქასავით თავქვეშ ამოდებული,

ხალხიც, თუ ფეხზე იდგა,

ზეცისკენ იყო წაგრძელებული.

მერე ხელებს ღონივრად უჭერდნენ,

უტყაპუნებდნენ:

დამწიფდა თუ არაო

და გასკდა, პირი დააღო საზამთრომ.

რა საზარელია გახლეჩილი სამშობლო!

ჭირისუფლებმა უფრო დააპატარავეს

თავიანთი გარშემოვლებით.

ცრემლი კი არა, ნერწყვი სდით.

სამშობლო და მისი ჭირისუფლები

ერთმანეთის შეჭმაზე

უარს არ ამბობენ.

1 2 3 4 5 6