რაბი!  რა  გვიჯობს აქ ყოფნას?

მარკოზი 9:5

 

***

 

სამახსოვრო მილოცვა კი არა, ლამის ნოველა მიმიწერა ქათქათა პერანგზე  მხართან,ბოლო ზარზე, ისე რომ გაუხდელად ვერ წამეკითხა,თანაც, ლამის მთელი ხუთი წუთი მთხოვდა, სანამ თვითონ სათითაოდ გამოჰყავდა ნახატი ასოები მე კი მცხუნვარე მზე მწვავდა სკოლის ეზოში კალათბურთის სტადიონის საჯარიმო ხაზთან გაჯგიმულს, „სახლში მისვლამდე ნუ წაიკითხავო“, თუმცა მერეც, სიჭარმაგეშიც,  ამ წარწერაზე და შესაძლო გრძნობებზე მეტად იმაზე ვიმტვრევდი თავს, საბოლოოდ როდის გაიყარა ჩვენი გზები-მეთქი, თორემ, ის რომ შეიძლება მასწავლებელი უყვარდეს მოსწავლეს, ბუნებრივად კი არა, აუცილებელ გარდაუვალობადაც კი მეჩვენებოდა და გადაჭრით ვასკვნიდი რომ ეს სწორედ იმ ივლისის გაგანია შუადღეს მოხდა, როცა ქალაქიდან დაბრუნებულს სოფლის შუაგულში შემომეფეთა და გახარებულმა „მდინარეზე წავიდეთო“ მთხოვა.

მთელი ცხოვრება გამყვა დარდად „ნეტავ რომ გავყოლოდი მდინარეზე, როგორ შეიცვლებოდა ჩემი ბედი-მეთქი?“ მესამე, ბოლო გამოცდის წინ იყო. რაღაცნაირი, უნივერსიტეტში კი არა, ცხოვრებაში მისაღები გამოცდები იყო თითქოს, და ახლა რომ ვუყურებ, ზედმეტად ვნერვიულობდი და განვიცდიდი: ქართული ენა და ლიტერატურა მქონდა დარჩენილი, მთელი საზეპიროების გამეორებას ვაპირებდი ვებერთელა სახლის ჯერაც გაუწყობელ მეორე სართულზე, ოთახების ლაბირინთში გაუთავებელი ბორიალით, წარმოდგენილიც კი მქონდა როგორ დავაბიჯებდი მისაღებიდან საძინებლებში მერე  შუშაბანდში, მერე ისევ მისაღებში ბუტბუტით. აგნესა კი სოფლის  ცენტრში შემომხვდა ქალაქიდან დაბრუნებულს, მომილოცა ორი გამოცდის ჩაბარება და  „წამოდი, ცოტას განიტვირთები, მე და ჟანა  ჩავდივართ მდინარეზეო“ და როგორ გამიხარდა რომ შემეძლო მეთქვა, „ხვალინდელი გამოცდისთვის ვემზადები, ახლა ვერაფრით ვერ წამოვალ, მის აგნეს-მეთქი“. ყურებში კი ცხადად ჩამესმა გედევანის სახლის უშველებელ ზალაში გამართული გამოშვების სუფრიდან გამოყოლილი მისი სიტყვები „რატომღაც მგონია რომ რაღაცა გინდა მითხრაო“. ეჭვშეუტანლად ვიგრძენი რომ თუ წავყვებოდი ახლა მდინარეზე, აუცილებლად უნდა მეთქვა ის, რაც ეგონა  მასწავლებელს, თუ უკვე ყოფილ მასწავლებელს, რომ უნდა მეთქვა.

– ნუ გეშინია, ჩააბარებ გამოცდას. წინა დღეს ისედაც უნდა დაისვენო, უკეთეს შედეგს მიიღებ.

–არა, მირჩევნია ახლა მთლიანად  ამ გამოცდაზე ვიფიქრო.

–გიო, ნუ გეშინია, ყველაფერს სწორად ხვდები–, უცნაური ღიმილითა და გულწრფელობით მითხრა და უსაშველოდ შავი თვალები ისე მომანათა, რომ გარდა წამიერი ჟრჟოლისა, უცნაურმა ფიქრმაც გამიელვა, ასეთი თვალები ექნებოდა ალბათ მედეას-მეთქი, ოღონდ ფიქრებშიც კი არ დავაზუსტე თუ კონკრეტულად – როდის. სულ ოდნავ, მაგრამ მაინც გამაღიზიანა მისმა სიტყვებმა „ნუ გეშინიაო“, ეჭვიც არ მეპარებოდა, ჩემი ჭკუით, რომ „არაფრისაც არ მეშინოდა“ და თავადაც ვიცოდი რომ „სწორად“ვხვდებოდი ყველაფერს, მისი ლამაზი, ფარფლებიანი ქუდიც, ადრე „ასე უხდება-მეთქი“ რომ ვფიქრობდი, სასაცილოდ მეჩვენა იმ წამს.

არადა ლამის მევედრა (ათწლეულები ვგრძნობდი მერეც უხერხულობას, ამ წამების გახსენებისას, ეს წამები კი გაგიახრიან, ხშირად მახსენდებოდა), უკანასკნელად, „წამოდი, მალე დავბრუნდებით ჩვენცო“, ჟანამაც, „წამო გიო, არ გცხელა მაინცო?!“ და მერეც ხშირად მიფიქრია,- სწორედ ჟანა რომ ჩაერია იმან გადამაფიქრებინა მგონი საბოლოოდ, ვერ წარმომედგინა, ასე აფიშირებული გრძნობები ჯერაც  ყმაწვილს. სიჭარმაგეშიღა დავაფასე, თუ რა მამაცი სულის  ყოფილა აგნესა,- განსაკუთრებით ჩემი  მოკლე პედაგოგობის ისტორია როცა მახსენდებოდა, მაშინ ვფიფქრობდი ასე. ის კი საერთოდ მერე იყო, გვიან, ლამის ოცი წლის უნახავი თანასოფლელი რომ  გვესტუმრა და გამომშვიდობებისას რომ მითხრა, „ვერასოდეს ვიფიქრებდი გიო, სხვებს რომ არ ეთქვათ, შენსა და აგნესაზე რასაც ამბობდნენ, მართალი იქნებოდაო“, თუმცა მაშინ მხოლოდღა სიმწრით გამეცინა, უკვე იმ ასაკში ვიყავი დროს ყველაფერზე რომ ჰქონდა ნამკურნალევი.

***

დაწყებით კი, ჟანას რომ უთხრა „გეშლება აშკარადო“, ნაღდად მაშინ დაიწყო ყველაფერი, თორემ ბოლო ზარზე რომ მიმანიშნა კი არადა,  ქათქათა პერანგზე მიმიწერა, ლამის მინი ნოველა,- ამით მხოლოდ დაბნეულობამ თუ ბურუსმა მომისავა ისედაც ტვინარეულს. ბოლო ზარამდე კი მაშინ ერთი თვე,  ზაფხულის არდადეგები და მთელი წელი იყო,- მეათეს ბოლოს მოხდა: როგორც ჩვეოდათ სოფლის სკოლაში,- ალბათ ქალაქისაშიც, მაგრამ სოფლის სკოლიდან უფრო მახსოვს,- ორი კლასი გააერთიანეს, გვიცდებოდა და მეთერთმეტე კლასელებთან შეგვლალეს. იმათ კიდევ  ინგლისური უტარდებოდათ და ახლა ინგლისურის აგნესა მასწავლებელი ქიმიას ნაღდად ვერ ჩაგვიტარებდა, არც გვინდოდა ბუნებრივია, ქიმიას ისევ ბუნდოვანი ინგლისური გვერჩია, მეხუთე კლასიდან მოყოლოებული აბესალომი რომ გვასწავლიდა, უფრო სწორედ, დასაწყისის პირველი სემესტრი  პიჩუა მასაწავლებელმა ჩაგვიტარა, ინგლისურის ნაღდმა მცოდნემ, მაგრამ როგორც კი დირექტორად დანიშნეს,- საუბედუროდ, სწორედ მაშინ მოხსნეს ფიზიკის ენაგესლიანი მასწავლებელი, ღურძული, დირექტორობიდან, ჯერ კიდევ მოსწავლეობიდან წყენაშენახულმა პირველკურსელებმა რომ დაათვრეს და  სოხუმის ქალაქის საბჭოს შესასვლელთან ძელსკამზე რომ დატოვეს მძინარი, და კი იზლუქუნა საბჭოთა მილიციის გამოსაფხიზებლიდან,  კომპარტიის ბიუროს სხდომაზე გადამისამართებულმა, „ვფიცავ პარტიის მზეს, ოღონდ ახლა მაპატიეთ და არათუ არ დავთვრები, ახლოსაც აღარ  გავეკარები სასმელსო“, მაგრამ ვინ შეუნდობდა ასეთ უღირს,  საქვეყნოდ გამოჭენებულ საქციელს პარტიის  საამაყო ყოფილ შვილს და არ შეუნდეს და კომპარტიიდანაც გარიცხეს, მხოლოდ ის იყო, რომ მასწავლებლობა შეუნარჩუნეს და დიდი ხვეწნის შემდეგ დაითანხმეს სოფლის „სტახანოველი“, კომუნისტური პედანტიზმით ცნობილი პიჩუა დირექტორობაზე, თუმცა ზუსტად სამი თვე უარობდა, სანამ „პარტიასთან დაპირისპირებაში ჩაგითვლითო“ არ დაემუქრნენ, მერე კი  მთელი ცხოვრება კბილებით იბრძოდა სახელოს შესანარჩუნებლად, და ბუნებრივია, მითუმეტეს ახლადდანიშნულზე, ამდენი გაკვეთილების ჩატარებას ვეღარ აბამდა თავს და ჩვენი კლასი გადაულოცა აბესალომს, ღურძულის ძმას; აბესალომზე კიდევ ლეგენდები დადიოდა, პროფესორი გახლდათ და ძირითადად ქალაქში ასწავლიდა, უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, მაგრამ სოფელშიც არ თმობდა საათებს. ეს იყო კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ არ  უნდა ასწავლო, თუმცა, გასაკვირი ის იყო, რომ ქალაქში თურმე დაფასება კი არა, კერძო მოსწავლეებიც არ აკლდა და რიგშიც კი ეწერებოდნენ მასთან. დედამ მითხრა ერთხელ, მითხრა რა, სამზარეულოში თქვა მეზობლებთან, „ცოდნა აბესალომს რომ აქვს არ დაიტრაბახოს ვინმემ, ერთხელ მოულოდნელად მოვიდა დამსწრე და, ღმერთო ჩემო, ისეთი გაკვეთილი ჩაგვიტარა ცხოვრებაში არ დამავიწყდება, მაგრამ რად გინდა, ისე, სხვა დროს, სულ ეზარებაო“. ამოუხსნელი ამბავი იყო, ყოველ შემთხვევაში იმ დროს, თან მაშინ ყველაზე მეტად მასწავლებლის სიზარმაცე კი არა, ის გამიკვირდა,  თურმე დედასაც აბესალომი რომ ასწავლიდა; აი, აგნესა კიდევ სულ ერთი სემესტრი იყო რაც ჩვენთან განამწესეს და თუ მერეც რამე ვიცოდი ინგლსურის, სწორედ მან  ჩამიყარა თავში. ჰოდა, დიდად კი არ ეპიტნავა აგნესას მეათეკლასელები რომ შემოუდენეს  კლასში, მწყემსდაკარგული ცხვრებივით, მაგრამ რაღას იზამდა და როგორღაც დააშოშმინა ბიჭები,  ხან დამუნათებით, ალაგ დაყვავებითა და ალაგ-ალაგ ყურთან ახლადწამოღინღლულ წვერიდან თმისაკენ გარდამავალი ბაკენბარდების აწეწვით, რაც საზიზღრად მტკივნეული იყო ჩვენთვის და საკმაოდ  საშიში მასწავლებლისთვის, რადგან აგნესას ახალდამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტი და დიდი-დიდი 4-5 წლითღა ყოფილიყო ჩვენზე უფროსი, თუმცა სოფლის სკოლაში ჯერაც  მეტი მოკრძალებითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ მასწავლებლისა თუ მოძღვრის, თუ რაცაა, ინსტიტუტს  და მთლად ხელის შებრუნებას არავინ აკადრებდა.  ზარის დარეკვიდან ბავშვების დერეფანში გაცვენამდე მოხდა ეს ამბავი კი არადა, შედგა ეს დიალოგი, მოკლე დიალოგი, რომელიც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანიც კი იყო ჩემს ცხოვრებაში. ჟანამ გადამკრა ანაზე; აშკარად არავინ მეუბნებოდა, მაგრამ როგორღაც, სანამ თვითონ გამოვუტყდებოდა საკუთარ თავს, მანამდე უკვე მთელმა სკოლამ იცოდა, რომ  ფრიადოსანი, რაზმეულის მეთაური და ძალიან ლამაზი ანა მიყვარდა, ჰოდა, ამ ჟანამ,  ბუნებრივია  აგნესას გასაგონადაც,- მისი მეზობელი იყო და ჩემგან განსხვავებით, მასწავლებელს ანგელოსზე დაბლა და ადამიანზე ცოტათი მაღლა მდგომად რომ განვიხილავდი, ჟანასთვის  აგნესა  მაინც ერთად თოჯინებ- თუ არა,  კლასობანანათამაშევი მაინც იყო, ან ბოლო-ბოლო, შენასწრები მაინც მისი კლასობანას თამაშისა და არავითარი კრძალვა არ ამძიმებდა,- ჰოდა მაშინ თქვა, როცა დაფაზე აგნესას თხოვნით ნაწერებს შლიდა,  ანასთან ერთად და მე წავიანცე და ანას მხარეს უკვე გასუფთავებულ დაფაზე ცარცით მივაწერე, „Sharon Lipschutz came over and sat down next to me“[1] ახლადდაზეპირებული ფრაზა, მაშინ თქვა ჟანამ სულ ოდნავ დამცინავად; არა, უფრო სწორედ, ხუმრობაშეპარვით: „უჰ, შე საწყალო, ვერ შეწვდები მაგ  მაყვალსო!“. ანას აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ ბრაზით  შეხედა ჟანას, ისიც მათი მეზობელი იყო, ისიც შინაური იყო მათთვის, სოფელში  მარტვილიდან ჩამოსახლებულების შტო იყო, მე წალენჯიხელების  ნაგრამს მივეკუთვნებოდი, სოფლის მთაგორიან მხარეს რომ მიაწყდნენ ჩამოსახლებისას, ჰოდა ანამ  წამით, მაგრამ  მაინც დაუბრიალა თვალები ჟანას, ჩემს ანცობაზე კი არაფერი უთქვამს,  დაუზარებლად გაასუფთავა დაფა ხელმეორედ და გავიდა ოთახიდან, სწორედ მაშინ უთხრა მასწავლებელმა ჟანას, მაღლა აწეული ცალი წარბით ხაზგასმული სერიოზულობით, „გეშლება, პირიქითაა სწორედ!“ აქ კი ჟანას ასე სწრაფად შეცბუნებულ სახეს უკვე მე არ ველოდა, თითქოსდა ნიღაბი შეეცვალა  წამის უსწრაფესად.

 

 


[1]„შერონ ლიფშუცი მოვიდა და დაჯდა ჩემს გვერდით“. ნაწყვეტი  ჯერომ სელინჯერის „ბანანთევზას ამინდიდან“

 

 

 

1 2 3 4