***

კეთილ ღიმილს მიაყოლა ზურგსუკან,  ქართულის მასწავლებელმა, დირექტორობიდან გათავისუფლებული  ღურძლის მესამე ძმამ, რისმაგმა, სიტყვები აგნესას. არა, აგნესა ვერ გაიგონებდა, ბუნებრივია. კარი მოხურული ჰქონდა უკვე: „ამან არ მოუწერათ ხელი, ხომ იცით?“ თან ბავშვებს  გადაგვავლო ღიმილიანი მზერა „ყოჩაღი გოგოა, სხვამ თითქმის ყველამ მოაწერა ხელი, ჩემს გაგდებას ითხოვდნენ სკოლიდან“. რაღაც სიამაყესავით ვიგრძენი, თითქოს მოლოდინი გაემართლებინოს აგნესა მასწავლებელს.  ქართულის მასწავლებელიც გვიყვარდა, პროფესიონალი და ძლიერი პედაგოგი იყო, მის გაკვეთილებზე, ბუზის თუ როგორც იტყვიან სიჩუმის ხმასაც გაიგონებდით თუ არ საუბრობდა ან ბავშვი არ ყვებოდა გაკვეთილს, მერე უფრო დავაფასე,  როცა, როგორც უკვე არაერთხელ ვახსენე,  მცირეხნით მომიწია პედაგოგობამ და ყოველ საღამოს ანალგინს ვსვამდი  თავის ტკივილის გასაყუჩებლად, „როგორ ახერხებდა-მეთქი?“ მიკვირდა, მხოლოდ სიმკაცრე არ კმაროდა როგორც სჩანს, „რაღაც  მასწავლებლობის თანდაყოლილი  უნარები უნდა ჰქონდეს ალბათ ადამიანს, პედაგოგად რომ ივარგოს-მეთქი“- ვფიქრობდი სინანულით.  სკოლა კი პიჩუას დირექტორობის მეორე წლიდან დაიყო ორ ბანაკად. ეროვნული მოძრაობიდან მოსული ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ ღურძული საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩაგრულად გამოაცხადეს და პიჩუას გადაგდება მოინდომეს, მაგრამ უკვე  ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული პიჩუას, თან ერთი ობიექტური რეალობაც იყო,- სკოლაში ტრადიციულად  ქალი მასწავლებლები წარმოადგენდნენ აბსოლუტურ უმრავლესობას, მაშინაც ძნელად მიდიოდნენ კაცები სკოლაში და თუ მიდიოდნენ იშვიათად რჩებოდნენ დიდი ხნით, ქალებს კი მაინც ენამწარე პიჩუა ერჩივნათ, ენაგესლიან ღურძულს: პიჩუას სამართლიანობას რომ თავი დავანებოთ, ქალთან ურთიერთობას ამჯობინებდნენ, გარდა ამისა, მთელმა სოფელმა ხომ იცოდა რომ მის მხარეს იყო სიმართლე, თუმცა, რისმაგის თავგამოდებასაც მოჰქონდა შედეგები და ლამის გაიტანა თავისი, მაგრამ რაღაც მაინც ვერ გათვალა და კინაღამ ძმის კვლავ გადირექტორება კი არა, მასწავლებლობაც დაჰკარგა: მის წინააღმედ შეგროვილ ხელმოწერების  დავთარში, რაც კი  ცოდვა ჩაუდენია, ყველაფერი იყო ჩამოთვლილი. ჰოდა,  რა გასაკვირია, ახლად გაპედაგოგებულმა  აგნესამაც რომ არ მოაწერა ხელი, ამით აღფრთოვანებას ვერ მალავდა. მესამე დღეს კი უკვე მის მიერ შედგენილ ვებერთელა წერილი, სადაც საკუთარ ღირსებებზე საუბრობდა და იქვე რამდენიმე მასწავლებელს მიწასთან ასწორებდა,  ჩამოატარა კლასებში და მოსწავლეებს გვთხოვა ხელის მოწერა. სათითად გამოდიოდნენ ბავშვები და აწერდნენ ხელს, როცა ჩემი რიგი მოვიდა, ამეწვა ხელებიც და ზურგიც.  წერილში მოთხრობილ ბიოგრაფიასა და რისმაგის დამსახურებებს სიამოვნებით დავადასტურებდი, მაგრამ მუსიკის მასწავლებლის მიერ ბავშვის შეშით ცემაზე როგორ უნდა მომეწერა ხელი? დამასხა ოფლმა და ხელისგულები ამეწვა, ვსძლიე თავს და წვალებით ამოვთქვი:

– რისმაგ მასწ, მე ძალიან გაფასებთ როგორც მასწავლებელს, იცით ალბათ…

– არაა საჭირო, უბრალოდ მოაწერეთ.

– რისმაგ მასწ, მე არ ვიცი ეგ შეშის სროლის ფაქტი და არ შემიძლია ასეთ რამეზე მოვაწერო ხელი.

წამით გაოგნდა მასწავლებელი, მაგრამ შემდეგ თითქოს ბურანიდან გამოერკვაო, სასწრაფოდ დასძინა, თან მე კი არა, ფანჯარაში უყურებოდა რაღაც ერთ წერტილს, თითქოს იქ კითხულობდა სიტყვებს:

–ეგ მე ვიცი, მაგაზე მე ვაგებ პასუხს, შენ მოაწერე  უბრალოდ.

ვიგრძენი როგორ გამეყინა სისხლი ძარღვებში, სიტყვებიცა და ლოგიკური აზროვნების უნარიც დავკარგე, ავტომატურად გამოვართვი საწერკალამი და მოვაწერე ხელი, მაგრამ წამით გაიელვა  სადღაც გონების დასაკარგავში აგნესას სახემ და ხელმოწერის გასწვრივ ფრჩხილებში საჩქაროდ მივაჯღაბნე: „შეშის სროლის ფაქტი მე არ გამიგია“. თუმცა შემდეგ მუდამ ვნანობდი, როგორ არ გავუწიე წინააღმდეგობა და როგორ მოვაწერე ხელი-მეთქი, მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე მწყდებოდა გული, მერე რომ დაუმსახურებლად მაქებდნენ, „ყოჩაღ გიოო!“, მათ შორის აგნესაც, თუმცა, საბოლოოდ რისმაგის მომხრეებმაც ამითვალისწუნეს და პიჩუას გულშემატკივრებმაც, ერთი ის იყო, რომ გედევანი, რისმაგის შვილი და ჩემი კლასელი, უფრო დამიახლოვდა, პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ რამდენჯერმე მაგრძნობინა, „მართალი იყავიო“.  სიჭარმაგეში კი არჩილმა მითხრა ღიმილით, როცა ამ ამბავს ვიხსენებდით, ათი წლის უნახვმა, ფინეთიდან რომ მეწვია ერთი დღით:  „თორემ ჩვენც ახლა ზვიადის გარიცხვას მოვაწერეთ ხელი მწერალთა კავშირიდანო!“

***

იმავე დღეობაზე ვკითხე, სადაც ჩამაჩემდა – „რომელი მათგანიაო“, ოღონდ უკვე წვეულების  მიწურულს, სადაც იყო, ვიშლებოდით უკვე, თითქოს შური ვიძიე- „მაგბარის ცოლი ნახეთ, მისს აგნეს?“ ალმაცერად შემხედა აგნესამ და სრული გულგრილობით მიპასუხა. „არა, მაგრამ ვიცი, რამდენიმემ მითხრა, ძალიან გგავსო.“ მეტის საშუალება არ მომცა მოსწავლეს აგნესამ, იმავე წამს შემახსენა ზღავრი საკმაოდ ცივი სახით. არადა, მართლა მაინტერესებდა, მაგრამ პირდაპირ ვერ ვკითხავდი. რა ხანი იყო, სოფელი  ფუსფუსებდა –  „მაგბარს უყვარს აგნესა და ალბათ მალე დაქორწინდებიანო“. ამიტომაც გამიკვირდა, ასე მოულოდნელად რომ მოიყვანა ცოლი მაგბარმა; როგორც წესი, ძირითადად ერთკვირიანი ჭორაობა მაინც უძღოდა წინ ასეთ სერთაშორისო მოვლენებს სოფელში და ახლა კიდევ დილით, სამზარეულოში,  დედამ ვითომც არაფერიო ისე თქვა: „მაგბარს ცოლი მოუყვანიაო“. მამამაც,როგორღაც  უინტერესოდ ჰკითხა – „ვინააო?“  „არ ვიცი, სოხუმელია ვიღაც, ექიმი“. მესამე დღეს კი უკანმიდევნებული ლამპარივით, როგორც აუცილებელი რამ, რებუსის გამოტოვებული ნაწილი- ნაღდი ჭორაობა დაიწყო, ერთკვირიანზე მეტი:  მაგბარის ცოლი ქალიშვილი არ აღმოჩნდაო და უნდა გაუშვასო. მაშინ უკვე ,რა თქმა უნდა, ვიცოდი რასაც გულისხმობდნენ ამ ოქსიმორონში, სამიოდე წლის წინ გავნათლდი, როდესაც მეზობელმა, ოღონდ მაგბარისგან განსხვავებით, კარის მეზობელმა დავითმა, მოიყვანა ცოლი და მეორე დღესვე დაიწყო სოფელში უწყვეტი ჭორაობა, „ევრონიუსივით“ უწყვეტ ციკლად  „ქალიშვილი არ აღმოჩნდა, არაა ქალიშვილიო“. გაშტერებული ვუყურებდი ცირას, ჯერაც დავითის ზალაში რომ იჯდა მორიდებით და ხანდახანღა წამოდგებოდა დროგამოშვებით შემოსული რომელიმე მეზობლის მისაგებებლად, რომელიც არაფრისდიდებით არ იმჩნევდა, რომ უკვე მოესმინა „ალ ჯაზირასთვის“.. თუმცა სადღაც, სახის რომელიღაც ნაკვთზე,  ხილული სასწაულივით მაინც გაუკრთებოდა ირონიის მატარებელი მიმიკა თუ შემოხედვა, ვირტუოზული ოსტატობით რომ მალავდა და მხოლოდ წასვლისას, ოჯახის წევრების გასაგონად, ისე რომ პატარძალსაც წაეკრა ყური, ამოიჩურჩულებდა: „ხანჭვილი სკანიო!“[2] მე კი პირდაღებული ვიყავი გაოცებისგან, „არაა ქალიშვილიო“ რომ იძახოდნენ, ჯერ მეგონა, გაიქცა პატარძალი-მეთქი, მაგრამ საკუთარი თვალებით ვხედავდი ცირას. მხოლოდ სკოლაში, როცა ბიჭებთან ვთქვი შეწუხებულმა, მაშინღა განმანათლა საკმაოდ ირონიული და დამცინავი ლექციებით უფროსკლასელმა იოსკამ, გარშემომყოფთა უწყვეტი ღიმილის თანხლებით, რომლებიც არაფრისდიდებით არ გამოტყდებოდნენ, თვითონაც მაშინ რომ მიიღეს ესოდენ ყოვლისმომცველი ცოდნა.  მაგბარიც უსაშველოდ აშაყირებდა დავითს, ყოველ შემთხვევისთვის, როგორც კი ჩემს ჭისკრისწინა სტადიონისხელა ბირჟაზე შეიყრებოდნენ ხოლმე, არაფრით არ გაუშვებდა შესაძლებლობას, არ ეთქვა: – „რა იყო, ბიჭო, მაგისთვის მთელი სოფელი მოსკოვში დადის, შენ კიდევ სახლში გყავდა, სად გაუშვი, რამდენს გამოგვადგებოდაო?“  არც დავითს უგვალავდა ენა, მაგრამ სიტუაციურ-ტრადიციული გარემოება დამსწრეთა  თვალში აშკარად მაგბარს ანიჭებდა მომგებიან პოზიციას. ახლა კი  შიშის ფეთება ჰქონდა მაგბარს, ის კი არ ადარდებდა, სოფელი რომ ჭორავდა,-„აგნესას გააწბილებისთვის  დასაჯა განგებამო“, ამაზე საერთოდ არ დარდობდა. როგორღაც მოვკარი კიდეც ყური ერთხელ მის დამცინავ გამონათქვამს – „მაგ გაღლეტილების  ნაშიერს როგორ მოვიყვან ცოლადო?“ და ძალიანაც გავოცდი, აგნესაზე მდიდარი არავინ მეგულებოდა სოფელში; სხვათა შორის, არც სახლ-კარი დაეწუნებოდა. „აბა, რას გულისხმობს ეს ამპარტავანი-მეთქი?!“- მიკვირდა. ჰოდა, მაბგარს აშკარად არ ანაღვლებდა რას ჭორაობდა სოფელი მასზე, ერთადერთის- დავითთან შეხვედრის ეშინოდა ჭირისდღესავით და სწორედ მესამე დღეს შეეფეთა,- დავითი ქალაქიდან მოდიოდა  ფეხით, თვითონ კი  გურაფილს ეჯდა ნოლშვიდში და აღმოხდა უიმედოდ: „აუ, დავიღუპე, დათო მოდის ეგერ და ახლა რამეს მომაძახებს აუცილებლადო!“  აქ კი გურაფილმა   გამოიჩინა თავისი ბრწყინვალე უნარები, ტყუილად კი არ იყო სოფლად იმ იშვიათთაგანი, ვისაც უმაღლესი ჰქონდა დამთავრებული. მართალია, მამამისის მიერ ციმბირში გაყიდული ტონობით დაფნის ფოთოლიც მნიშვნელოვნად შეეწია ამ საქმეს, მაგრამ ეს ნაკლებად იყო სათვალავში ჩასაგდები.. და გურაფილმა ღიმილით ურჩია მაგბარს:

– მერე, შენ დაასწარი; გამარჯობა ქვისლო თქო! –  და მთელი სოფელი, მთელი ერთი თვე მაგბარის ამ ხუმრობაზე იჭაჭებოდა, თითოეული მთხრობელი, ამ ამბის შემსწრეც და არაშემსწრეც, ნათლად უხატავდა ჯერაც გაუთვითცნობიერებელ მსმენელს, თუ როგორ გადმოიწია  „ნოლშვიდის“ ფანჯრიდან ლამის მთელი ტანით მაგბარი, ცალი ხელით  მანქანის  კარის ჩარჩოს ჩაფრენილმა, როგორ მოუხადა მეორე ხელით ქუდი და  სანამ გვერდით ჩაუვლიდნენ, ყურებამდე გაღიმებულ დავითს როგორ მიაძახა: „გამარჯობა ქვისლოო!“

***

უკანასკნელად სახელმწიფო გამოცდებს რომ ვაბარებდი, უფრო სწორედ მეორე, ბოლო გამოცდა როცა ჩავაბარე, მაშინ ვნახე, უკანასკნელად, თუ ათწლეულების მერე სოცქსელში წამიერ შეხმიანებებს არ ჩავთვლით. გაოცებული შევყურებდი, მართლა აგნესაა-მეთქი? „კი გიო, მე ვარო,“ გამიცინა აგნესამ და გადამკოცნა.

–აქ საიდან აგნესა ? – სიხარულს ვერ ვმალავდი.

–ახლობლის გამო მოვედი.

–ვინაა?

–არაა. მოსკოვში ჩარჩა, სამწუხაროდ პრობლემები აქვს.

–ვიცნობ მე?

– როგორ არ იცნობ, ლაშა ქამქეთავა, შენი კურსელია.

–ვახ, კი. რა სჭირს? –  ცოტა ხანს დაფიქრდა დაეჭვებით  აგნესა და მერე მითხრა.

– უაზროდ ჩავარდა მოსკოვში და ორი წელი აქვს მისჯილი, არავის უთხრა.

– რა თქმა უნდა! ვახ ჩემი, რა უნდა ქნას? – მიხაროდა, რომ სანამ აზრზე მოვიდოდი, სასაუბრო თემა მქონდა აგნესასთან, დაბნეულს.

–არაფერი,  აქ ვიცნობ ბევრს და  აკადემიური გავაფორმებინე უკვე. შენ როგორ ხარ?

– არა მიშავს, საიდან იცნობ ლაშას?

–ერთად ვიყავით მოსკოვში, ჩვენს გვერდით ცხოვრობდა, რა მაგარი ბიჭია! შენზე ბევრ რამეს მიყვებოდა, ძალიან გაფასებს.

– კი ბატონო, მეც ვაფასებ ძალიან, მაგრამ ომის მერე არ მინახავს.

– ჰო რა, ეგრე მოხდა, რუსეთში იყო, გამოცდებზე ჩამოდიოდა და აქ აბარებდა. გილოცავ გიო,  ხუთებზე ჩააბარა სახელმწიფო გამოცდებიო და გამისწორდა.

–გაჩერდი რა! ყველა ლექტორი მიცნობს და დამიწერეს უბრალოდ.

– შენ თვითონ გაჩე რა! მაგრამ ცირკი იყო, – გაიცინა აგნესამ,  და რაღაც სასაცილო ამბავის მოსაყოლად საჭირო სახე მიიღო, –როგორც კი მოვედი, დაემთხვა და  აფშილიშს ორიანი მიარტყესო, თქვეს და გული მომიკვდა, შენ მეგონე.

– მოგვარეა, ზუგდიდიდან, კარგი გოგოა, მაგრამ რაღაც დაიბნა და გაიჭედა. მერე ეჩხუბა   ლექტორებს. ამათაც უნახეს რა დრო!

–არა უშავს, რას განიცდი, გაისად დახურავს, კაცო! – ძველი მასწავლებელი აღდგა ჩემს ცნობიერებაში .

– აგნესა, რა უცნაურად დავიკარგეთ?

–რას ამბობ გიო, არაფერიც არ დავიკარგეთ, წარსულს დაანებე თავი!

 


[2]მეგრ.: შენ მოისპე. სიტყვასიტყვით – ასაკი დაიწვა შენი.

 

 

 

1 2 3 4