– ჰოო? დარწმუნებული ხარ? – ამოთქვა უცნაურად და დაკვირვებით, ახალი მზერით შემომხედა, თითქოს იქვე სწონიდა აგნესას სიტყვებს მე კიდევ შესაფასებელი ნივთი ვყოფილიყავი. აგნესამაც უფრო მტკიცედ  გაუმეორა.

– ეჭვიც არ შეგეპაროს, ეტყობა არ იცნობ შენ გიოს. –მართალია ისე საუბრობდნენ თითქოს იქ არ ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც აშკარად უხერხული სიტუაცია შეიქმნა და სასწრაფოდ დავტოვე ოთახი, თუმცა ეს  უმოკლესი დიალოგი უმნიშვნელოვანესი გახდა, „სწორედ მაშინ გადაწყდა  ცაში ჩემი ბედისწერის  უაზროდ აბურდული გზები-მეთქი“, ხშირად მიფიქრია შემდეგ, სიჭარმაგეში.

***

განუწყვეტლივ ვფიქრობდი, „ნეტავ სწორად გავიგე აგნესა მასწავლებლის ნათქვამი-მეთქი?რამ შეუქმნა ნეტავ ჩემზე ეგზომ ამაღლებული და იმედისმომცემი შეხედულება-მეთქი?“ ბოლო ზარისას ჩემს  თეთრ პერანგზე მისი ნოველისხელა წარწერამდე მთელი წელი იყო ჯერ, ვცდილობდი, მაგრამ ვერაფერს საინტერესოს ვერ ვიხსენებდი. კი ბატონო, რამოდენიმე წიგნი კი მათხოვა და  გატაცებითაც წავიკითხე, განსაკუთრებით, ჰარპელ ლისა და  დენიელ კიზისთვის ვიყავი მადლიერი, მთელი ცხოვრება საყვარელ ავტორებად გამყვა მერეც, მაგრამ ისინი სხვებმაც წაიკითხეს, ლამის მთელმა კლასმა და ამით ვერ უნდა გამოვერჩიე, ერთადერთი, ბანანთევზას წაკითხვა რომ ვცადე ინგლისურად, შეიძლება, ამით დავამახსოვრდი-მეთქი, ვიფიქრე; ვცადე, მაგრამ ვერაფერი გავიგე და მერე  თვითონ აგნესა გვიკითხავდა მთელ კლასს  ფურცელ-ფურცელ, ლამის მთელი თვე და გვითარგმინდა და გვაჯახირებდა ბავშვებს და გვამსჯელებდა და „შეიძლება მაშინ მოეწონა რამე ჩემი ნათქვამი-მეთქი“, დავასკვენი ბოლოს, თუმცა ისიც მახსოვდა რომ თვითონ აგნესას  არ მოსწონდა ეს მოთხრობა, გაღიზიანებულმა მკითხა კიდევაც „საიდან მოთხარეო?“ მაგრამ არ მითქვანს რა უცნაურად შევნიშნე ჯარიდან ახლადდაბრუნებულ ბიძაშვილის ჩემოდნიდან ლოგინზე გადაწყობილ ნივთებში, ტალინიდან ჩამოყოლილი  1948 წლის  31 იანვრის ჟურნალ „ნიუ იორკერში“, მოციგურავე ბავშვები რომ ეხატა გარეყდაზე საყვარლად, დიდსულოვნად რომ მაჩუქა ლევანმა ერთ ყუთ საღეჭ რეზინთან ერთად, რომელმაც მთელ უბანსა და სკოლაში მთელი კვირით ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად მაქცია, ინგლისური კი საერთოდაც, იქედან მოყოლებული შემიყვარდა.  თუმცა მაშინ მხოლოდ ვათვალიერებდი ამ უცნაურ ჟურნალს და რაღაც შინაგან სითბოს კი ვგრძნობდი, მაგრამ აბესალომის ნასწავლი ინგლისურით არც კი მიცდია უფრო შორს წასვლა, მხოლოდ სამიოდე წლის შემდეგ, როცა აგნესა გახდა ჩვენი მასწავლებელი და  „თამაში ჭვავის ყანაში“ წაგვაკითხა, ბუნებრივია ქართულად, მხოლოდ მაშინ მივაქციე ყურადღება ჟურნალში ავტორს და მივურბენინე სკოლაში აგნესას. „მის აგნეს, სხვა ნაწარმოებებიც ჰქონია სელინჯერს-მეთქი“. ახლა კი მიკვირს, მართალი გითხრათ, სიჭარმაგეში, ინგლისურის სპეციალისტებსაც კი რატომ ეგონათ, რომ მეტი არაფერი დაუწერია  მარტოობაში გადახვეწილ მწერალსო?!

***

გოგონების ნახევარი მათემატიკის მასწავლებელმა წაიყვანა ტურისთვის  მოსამზადებლად და დანარჩენი კლასი ვერაფრით დაწყნრდა, განსაკუთრებით გედევანი უშრობდა სისხლს აგნესას, შორეული ნათესავიც იყო მისი და მეზობელიც და ყოველგვარი ზღვარი წაშლილი ჰქონდა მასწავლებელთან. ბოლოსდაბოლოს  გააძევა კლასიდან. თუმცა, სანამ გააგდებდა  თითქოს ბოლო,  მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლა უნდა გამართოსო, მთელი თავისი შინაგანი გულწრფელობა მოიხმო და ლამის აცახცახებული ხმით მიმართა გედევანს, – „როცა ადამიანი ჯვარს იტვირთავ, არა ხართ თქვენ უკვე ბავშვები, იმის ბოლომდე ზიდვა უნდა შგეძლოს!“ ყველას გულზე მოგვხვდა აგნესას სიტყვები, გედევანმა კი გაიღრიჭა და უთხრა:

– რისთვის მასწ, ზედ რომ გაგვაკრან?! – აქ კი წამიერად გადაიქცა დრამა კომედიად და მთელი კლასი ახარხარდა.მაშინ იყო რომ უხმოდ მიუთითა კარისკენ აგნესამ და „მიჰყევით ახლავე უკან, ვინც არ აპირებთ დაწყნარებასო!“ წამოიძახა გაცეცხლებულმა. გალაგდნენ ბიჭები სიხარულით და რატომღაც ვერ ვიკადრე გასვლა, ბუნებრივია არც არჩილი გავიდა ჩემი ხათრით, მარტო ხომ არ დამტოვებდა, მეათეკლასელები ვიყავით და რაღაც ღირსებისმაგვარი იყო, ასე მარტოკაკალად არ დაგვეტოვებინა მაწავლებელი კლასში, მხოლოდ ათწლეულების მერე  გავიაზრე, ჩემი, როგორც ვახსენე, ხანმოკლე მასწავლებლობისას, რა დღეში იქნებოდა მაშინ, უნივერსიტეტახლადდამთავრებული  აგნესა, ნახევარი კლასი რომ გაიკრიფა ოთახიდან და გედევანის ანცობამ ლამის რომ ამოაგდო კალაპოტიდან. მერე კი მსიამოვნებდა, მართალი გითხრათ, ნაღდად კარგი ვქენით მე და არჩილმა, რომ არ დავტოვეთ მარტო-მეთქი. არც ის მიტყდებოდა, გაკვეთილის დამთავრებამდე სადღაც ათი წუთით ადრე  მიტიამ რომ შემოყო ინდაურივით გაფხორილი თავი და ისე მოგვმართა, თითქოს ჩვენ ორს გარდა არავინ ყოფილიყო ოთახში, „რატომ კომუნისტებივით დარჩენილები აქ, გამოდით ტქვენაც, არ სირცხვილი თქვენ?!“ მაგრამ ისე დავუბრიალე თვალები გაიძურწა საჩქაროდ; ჩვენი მოგვარე იყო, წალენჯიხელების მოდგმიდან, ერთი წლით უმცროსი და სოფელში რუსეთიდან ახლადჩამობარგებული, ძლივს ამტვრევდა ქართულს, მაგრამ ნერვების ასაშლელად ეყოფოდა კაცს. არჩილმა კიდევ, მხოლოდ ჩემი თვალების ბრიალი არ აკმარა და, მესამე დღეს მიჟეჟა სტადიონზე, აქაოდა აშკარად  ჩემს მისამართით თქვი ეგ რუსული გინებაო, კი იფიცა მიტიამ,  „ბურთი შევაგინე, როგორ შენ გეტკოდიო?!“ მაგრამ ვერავინ მოასწრო გაშველება, ისე სწრაფად გალახა არჩილმა,  რაღაც წამებში, კოჭლობით გავიდა მოედნიდან და ერთი თვე აღარც უთამაშია ფეხბურთი. არ მითქვამს, მაგრამ ხომ ზუსტად ვიცოდი, რომ სწორედ მაშინდელი უზრდელობა არ აპატია არჩილმა და არა თამაშისას წამონაძახები „იდინახუი“. იმ გაკვეთილზე კი ჯეკ ლონდონზე საუბრობდა აგნესა, დიდი სახლის პატარა დიასახლისი  ლამის მოგვიყვა, ალაგ-ალაგ დედნიდან გვიკითხავდა. გატაცებით ამბობდა, „ჩვენი სკოლის წინ დიდებული ბაღი რომ გვაქვს და დამშრალი აუზი, იქ უნდა დავდგათ  ეს ნაწარმოები პატარა მონაკვეთადო“. ყოველთვის მიკვირდა, მაინც როგორ აპირებდა აგნესა ამის დადგმას?! თან, იმთავითვე გრეჰემის როლს დამპირდა და არა ფორესტის, რომელიც უფრო მესიმპატიურებოდა მაშინ და ვეფხისტყაოსნის სულისკვეთებით გაჟღენთილს, რატომღაც მძულდა გრეჰემი, სცენარიც კი დაწერა აგნესამ, მაგრამ არაფრისდიდებით არ გაამხილა აღფრთოვანებულ გოგონებთან, არც ბიჭებთან, ბუნებრივია, პაოლას როლში ვის მოიაზრებდა. მე კი კლასელი გოგონების თეატრალურობა და ნიჭიერება ყოველთვის მხიბლავდა. არც სიჭარმაგეში შემიცვლია აზრი, რომ ისე კარგად არავინ ცეკვავს, როგორც ჩემი კლასელები ცეკვავდნენ, ეჭვიც არ მეპარება! ისეთი ლამაზი ცეკვა დადგეს ბოშურ მოტივებზე, პირი დააღებინეს  სოფლელებს საახალწლო კონცერტზე; ანა, მარი და რუსიკო ისე მღეროდნენ, რომ გაეგრძელებინათ, შეუძლებელია, გამოჩენილი მომღერლები არ გამოსულიყვნენ, ჰოდა წარმოიდგინეთ, ასეთ კლასში, ასეთი დაუფიქრებელი რამ ითქმოდა- „დიდი სახლის პატარა დიასახლისი უნდა დავდგა ზაფხულში ჩვენი სკოლის წინა ეზოს ბაღშიო?!“ რა თქმა უნდა, სწავლას უმატა ამის შემდეგ ყველამ და უფრო მეტადაც შეგვიყვარდა მის აგნესა, მაგრამ მაინც არ გაგვიმხილა პაოლას როლში ვის მოიაზრებდა. ის კი არადა, ათასჯერ ვუთხრი კიდევაც და კლასელებიც ღიმილით მეთანხმებოდნენ,  „ჩემისთანა არამსახიობური  ადამიანი მთელ სოფელში არაა მასწ, რა მთავარი როლი-მეთქი?“ რომაული ტოგა უნდა ჩაგვეცვა სოფელში ერთადერთხელ გამართულ „მანსანკანში“ და სანამ სკოლიდან გარიცხვით არ  დაგვემუქრა ახლად დანიშნული და შესაბამისად ენთუზიაზმით აღსავსე მათემატიკის მასწავლებელი, ძლივს დაგვითანხმეს მე და არჩილი, ისიც „ჯანდაბას, შარვლები ჩაიცვით შიგნით, ოღონდ თეთრიო“, რომ წავიდა მასწავლებელი დათმობაზე მხოლოდ მას შემდეგ. ვერ წარმომედგინა თანასოფლელების თვალწინ ივენ გრეჰემის როლი როგორ უნდა მეთამაშა? მაგრამ არასდროს არ გადაუფიქრებია და ჯიუტად იმეორებდა, გადაწყვეტილია, ივენი შენ ხარო! ეტყობა, მაინც მსიამოვნებდა შინაგანად და  ხანდახან, რაღაც ბუნდოვანი ექსტაზის მოძალებისას, ჩემდა უნებურად გადავვარდებოდი ფიქრებსა და წარმოსახვებში და სკოლის წინა ეზოს ბაღში, წლების წინ დამშრალ აუზთან, აღფრთოვანებული სოფლელებით გარშემორტყმული გონებაში ვათამაშებდი სცენებს  ლონდონის რომანიდან. რამდენჯერმე ისე შორს წავედი ფიქრებში, რომ პაოლა კი არ იკლავდა თავს, არამედ, თვითონ ფორესტი, და უკვე  პაოლა ამბობდა დამწუხრებული „დამასწრო, მაინც დამასწროო!“ შერცხვენილი და განადგურებული გრეჰემი კი აცრემლებული ევედრებოდა მეგობრის სულს პატიებას.

***

თავიდანვე შეგვიყვარდა ბავშვებს აგნესა, ბუნებრივია ინგლისურის სიყვარულით არა, არც უსაშველოდ დიდი და მეტყველი თვალების გამო, არც მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდა და ასაკით სხვა მასწავლებლებთან შედარებით ჩვენსკენ რომ იყო უფრო, გამომწვევადაც არ იცვამდა მაინცა და მაინც; უბრალო ტანსაცმელი ეროტიკულად არა, მაგრამ  მოდურად, მოჭარბებული ქალურობის, – რომელსაც თავისი  უშუალო ბუნებით ვნებას აცლიდა თითქოს, – და კეკლუცობის ზღვარზე წარმოაჩენდა; მოკლედ, პირველი გაკვეთილიდან,  „სოფლის სანახებში ლაშქრობა მოვაწყოთო“ რომ თქვა  კლასში, უკვე იქიდან მოყოლებული გვიყვარდა. გოგოებს ურჩია „გამოპრანჭულები ნუღა წამოხვალთ, ძმების  პერანგები ყველას გექნებათ, ან კაი,- მამის ხომ ნამდვილადო, წელზე ქამარი შემოიჭირეთ, მოკლე შარვლები ჩაიცვით და დავეშვათ ზეგ ხეობისკენ, მერე მდინარეს ავყვეთ ბაგრატის ციხის ნანგრევებამდეო“. კი გვერქვა მეათეკლასელები, მაგრამ ბაღის მოსწავლეებივით ავცეტდით და ძლივს მოვილოდინეთ ის ორი დღე, თუმცა მისი რჩევა მხოლოდ რუსიკოს გაეთვალისწინებინა, მამის ვებერთელა პერანგი ეცვა, ოღონდ ქამარი დავიწყებოდა და მთელი ლაშქრობისას აფრასავით წამოებერებოდა ხოლმე.

***

მესამეჯერ  ვეცეკვე აგნესას, ერთი შეხედვით არაფერი იყო არაჩვეულებრივი, სხვა კლასელებთანაც ბევრჯერ იცეკვა აგნესამ, მაგრამ მაინც არ მასვენებდა შინაგანი  ხმა, რომ რაღაც სხვა მიზანიც ჰქონდა  მასწავლებელს და არ მიმტყუნა გუმანმა.  სწორედ მესამეგზის ცეკვისას მკითხა იდუმალი და ჩუმი ხმით, შუქჩაუღწეველ მღვიმესავით უშავესი მზერა მომანათა თან, „გიო, რომელია?“ ჯერ ვერ მივხვდი და გაკვირვებული ვუმზერდი, რობერტა ფლეკი კი ლამის სულში მიღიტინებდა თავისი „ქილინგ მი სოფთლით“, თითქოს მართლა მკლავდა და მართლაც ნაზად.. და როცა მესამეჯერაც მკითხა, თან რაღაც ჯადოსნური მოქნილობით  მარჯვენა მუხლისთავი ნაზად, მაგრამ, საგრძნობელად, ისე მომარტყა  თეძოზე, ვითომ პატარა ბავშვივით მტუქსავსო, „მითხარი გიო, რომელიაო?“ – რაღაც უცნაურად უხერხულად  ვიგრძენი თავი. მაგრამ სიმღერის გავლენით, თითქოს,  ტყვედ ჩავარდნილს აღსარების სურვილის აღმძვრელ აბებს რომ გადააყლაპებენ თუ ნემსს გაუკეთებენ, როგორც ფილმებში ხდებოდა ხოლმე, რატომღაც ბუნებრივად მეჩვენა მასწავლებლის კითხვა, მაგრამ  ვერასოდეს ვერ ავხსენი მერე თუ რატომ,- თავით და მზერით, რაღაცნაირად ერთად, ანასკენ კი არ მივანიშნე, როგორც ფიქრობდა ალბათ აგნესა, არამედ მის წინ, სავარძელში უხმოდ მოკალათებულ სოფოსკენ. სოფო აგნესას შორეული ნათესავი იყო, მეოთხე თაობის ალბათ და კარგა ხანს გაოცებით მიცქერდა თვალებში, მაგრამ უტიფრად გავუსწორე მზერა და მტკიცედ მჯეროდა „დავარწმუნე მასწავლებელი-მეთქი“. მართლაც მიკვირდა მერე, სიჭარმაგეში, რომელი  ჯადოქარი მედეა იყო აგნესა, ცეცხლში ამოებუგა ანა, რატომ სიმართლე არ ვუთხარი-მეთქი?!

***

იმთავითვე განსხვავებული ახალი სიო შემოიტანა საკუთარ სოფელში, თავისსავე  სკოლაში მასწავლებლად დაბრუნებულმა აგნესამ;  „მის აგნესა დამიძახეთო“- მოგვიწოდა ბავშვებს გაკვეთილის დაწყებისთანავე. თავიდან კი გვეხამუშა, მაგრამ მერე შევეჩვიეთ. ყოველ შემთხვევაში, ეს მიმართვა არ შეგვიცლია არც  ბავშვებს და არც კოლეგებს, ამ მხრივაც  ერთადერთი იყო. 9 აპრილის მერე, როცა მოსხეპით შეწყდა  მამის სახელით ხმობა, მითუმეტეს რუსულად. რუსულის მასწავლებელსაც კი უკვე  ალექსეევნათი კი არა, რასაც მეორე კლასიდან დედის რძესავით მიგვაჩვია ბავშვები,  ახლა მხოლოდ ნათელა  მასწით მივმართავდით. არადა, აგნესას მხოლოდ ის ეძახდა ვასილიევნას მანამდე, არაფრისდიდებით არ მიმართავდა „მის აგნესათი“.  უთხრა კიდევაც ღიმილით ერთხელ აგნესამ, თან ბავშვების გასაგონად, „რატომ უბრალოდ აგნესას არ მეძახით,  ნათელა მასწავლებელოო?!“ ეტყობა სადღაც გულის სიღრმეში კენწლავდა კიდევაც ყოფილ მასწავლებელს და არც თვითონ მიმართავდა იმთავითვე  ალექსეევნათი, მაშინ კი, ცოტა არ იყოს ყალბად შეიცხადა ნათელამ „როგორ გეკადრება, უკვე კოლეგა ბრძანდებით აგნეს ვასილიევნაო“. მაგრამ მანამდე, 9 აპრილამდე, გამქირდავად უყურებდნენ და კილავდნენ ზურგსუკან კიდევაც კოლეგები აგნესას, „ეს რა უცნაურად აძახებინებს ბავშვებს, მაგაზე კარგი სპეციალისტია პიჩუა, მაგრამ არასოდეს უთქვამს ბავშვებისთვის, არცერთი თაობის მოსწავლეებისთვის, მის პიჩუათი მოგვმართეთო, ყველანი პიჩუა არაკდიევნათი ვიცნობდითო“.

 

 

 

1 2 3 4