გაუცხოებული მეჩვენა, როგორღაც, უხსოვარი დროიდან გამოყოლილი დაუწერელი ცოდნით ვიგრძენი, რომ ძველი სიახლოვე არასოდეს აღდგებოდა უკვე და არც უნდა მეხსენებინა. არადა, არც აგნესას სურდა საუბრის დასრულება და არც მე. ლამის  ასი წრე შემოვწერეთ დევნილ უნივერსიტეტჩაზიარებულ სკოლის შენობას, თითქოს ეკლესია ყოფილიყო. მიყვებოდა, სკოლაში ვასწავლი ისევ, ამჯერად დუშეთშიო, „დევნილობის მერე,  სამი წელი ვიყავი რუსეთში და შარშანდლიდან დუშეთში ვარო“. მეც მოვუყევი ჩემს  მწერლობაზე, ლექსების პატარა კრებული მქონდა დაბეჭდილი უკვე, მაგრამ უცნაური იყო რომ საერთოდ არ აინტრერესებდა  აგნესას ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი და გამომშვიდობებისას  რაღაც ანდერძივითაც კი დამიბარა, მას შემდეგ, რაც  ჩემს თხოვნაზე, „ხვალ შევხვდეთ სადმე-მეთქი“, მტკიცე უარი მითხრა, „დუშეთში მივდივარ, კეტრისში, სკოლის ამბები მაქვს მოსაგვარებელიო“, წამით გაირინდა,  მერე ნაზად მომკიდა ხელი პერანგის საყელოზე, ცერი ლოყაზე მომაბჯინა, და თვალებში ჩამხედა ფიქრიანად, მაგრამ დაჟინებით. წამებში გამახსენდა, ერთხელ, გაკვეთილზე როგორ მიუახლოვდა  წინა მერხზე მჯდარ ელიზბარს და სასხვათაშორისოდ წარმოთქვა: „ჰოო, ელიზბარს უკვე წამოსვლია წვერიო“, თან ისე ბუნებრივად და უბრალოდ აუსვა მარჯვენა ხელის ზურგი ლოყაზე, თითქოს ეს  აუცილებელი წესიც კი ყოფილიყოს. ელიზბარმა უხერხულად გასწია თავი „რა იყო, რა დაფრთხი?!“ გაიცინა აგნესამ მაშინ, „წვერი ყველას ამოუვა, აი, ბექას გარდა!“ დაამატა მკაცრად, რადგან ბექა საკმაოდ ვულგარულად იცინოდა. ამის თქმაზე კი სახე მოეღრიცა; „რატომ მასწ, მე რატო არ წამომივა?“- მთელი კლასი უხერხულად გავირინდეთ, ბექა დაბადებიდან კოჭლი იყო და ისე გამოჩნდა, თითქოს ყველამ აქითკენ მივმართეთ ფიქრები. აგნესამ კი სრულიად  მშვიდად უთხრა; „იმიტომ რომ სულელი ბავშვი ხარ და ჯერ უნდა გაიზარდო“, და თითქოს მთელი კლასი დავრწმუნდით, რომ ბექა მართლა სულელი ბავშვი იყო და საჩქაროდ უნდა გაზრდილიყო, მათ შორის, თვითონ ბექაც. ახლაც  იმნდროინდელი შეგრძნება დამეუფლა, „მეც არ მითხრას ახლა, გაზრდა გჭირდებაო“, გავიფიქრე  სევდიანად, აგნესამ კი რაღაცნაირი მუდარით მითხრა: „გთხოვ, არაფერი არ დაწერო, შეეშვი მწერლობას, ეგ ქალების საქმე უფროა“. ვერასოდეს ვერ ჩავწვდი შემდეგშიც, ათასჯერ დაფიქრებულმა ამ სიტყვების გახსენებისას, თუ რას გულისხმობდა ჩემი გამორჩეული მასწავლებელი. და „ამიტომაც ვერ გავუგე ალბათ ბოლომდე-მეთქი“, ვფიქრობდი ხოლმე. მხოლოდ ერთადერთხელ, სკოლის დამთავრებიდან ოცდაათი წლის შემდეგ, როდესაც სოციალურ ქსელში წავაწყდი კეტრისის სკოლიდან უნივერსიტეტში ასპროცენტიანი გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტის სურათს, ამაყად გაღიმებული აგნესა რომ უმშვენებდა გვერდს, ვიფიქრე, იქნებ არც ის თეთრ პერანგზე მინაწერი სიტყვები გავიგე სწორად-მეთქი?“ თუმცა სიტყვები კი არა, ნოველა იყო ლამის, პერანგზე წვრილი ტუშის ავტოკალმით წვრილადვე მიწერილი: „გიო, მასწავლებლობა- ესაა ყოფნა ჯოჯოხეთში, როდესაც მოსწავლეებს, უმანკო ანგელოზებს, ყველანაირად უნდა შეეცადო ფრთები არ შეეტრუსოთ ავად მოგიზგიზე ცეცხლში, ფეხისგულები არ დაეთუთქოთ ყველგან მიმობნეულ ნაკვერჩხლებზე, თორემ მერე ვეღარ აფრინდებიან და სამუდამოდ ჯოჯოხეთში ჩარჩებიან – მასწავლებლობა, ჯოჯოხეთის ცეცხლში პატარა ანგელოზებისთვის ფრთების შენარჩუნებისთვის თავგანწირული ტანჯვაა… თუმცა მოსწავლესაც უნდა ეყოს იმის ძალა, რომ ამ გადარჩენილი ფრთებით, ხანდახან მასწავლებელს თუ არ მიუნიავებს აუტანელი  ცეცხლისგან გავარვარებული სულის მოსათქმელად, ჯოჯოხეთშივე არ იფორთხიალოს მაინც გაუთავებლად და იქიდან ამოსაფრენად იზრუნოს…“

 

 

 

 

 

1 2 3 4