სამშობლო

ანდრო დადიანს

 

ადამიანის ხმას რომ ფრთები გამოესხას,

ქამელეონივით ფერს შეიცვლიდა

დაბალ და მაღალ სიმაღლეებზე ფრენისას.

გარდაცვალებისას სული კი არა,

ხმა გამოდის ადამიანიდან და

ისე აგრძელებს ცხოვრებას ჩვენს გვერდით,

თითქოს ხმა კედლების გავლით

სხვა ბინიდან გამოდიოდეს.

სამშობლო როცა გარდაიცვლება,

მისგანაც ხმები გამოვლენ – ყაყანის,

აურზაურის, მრავალი ათასი ხრინწიანი ხმა,

მხოლოდ აქა-იქ მერცხლებივით გაიელვებენ

მაღალ სიმაღლეებზე აჭრილი ფრთები,

და ყველანი მაინც დედა სამშობლოს

საფლავთან მოიყრიან თავს,

რადგან სიყვარულის პარკუჭი

მაინც იშლება და იკუმშება, იშლება და იკუმშება

დედა თუნდაც ორგროშიანი მეძავი იყოს.

 

 

 

ბავშვობის მოგონება

 

დედამ თოკიდან ჩამოხსნა გამშრალი თეთრეული და მამას

დაუძახა. დედამ და მამამ თეთრეულის დაჭიმვა დაიწყეს.

ჯერ ზეწრებს მიადგნენ აქეთ-იქიდან, მერე საბნის პირებზე

გადავიდნენ. ბავშვი ყიჟინით დარბოდა თეთრეულის ქვეშ –

ამ ჰაეროვან სასახლეში, რომლის ერთი კედელი დედა იყო,

მეორე – მამა და რომლის სახურავი – აფრები ოცნებების.

ამ რიტუალს ჰქონდა თავისი სუნი და ფერი, თავისი ბავშვური

დრამატურგია: მოკლე შეძახილები, მამას ხუმრობა და დედას

სიცილი… ბავშვის ზემოთ მოშარიშურე თეთრეული კინოეკრანი

იყო, სადაც უჩვენებდნენ მოკლემეტრაჟიან ფილმს “ბედნიერება”.

 

 

 

1 2 3 4 5