ფიგურისტი

 

ის ფეხშიშველა შედის ყინულის მოედანზე,

სუნთქვაშეკრული ორიოდე ნაბიჯს გადადგამს,

ხელებს გაშლის, კუნთებს დაჭიმავს,

სხეულის მუსიკას ტალღასავით აედევნება,

თანდათან უფრო გახურდება, ოფლი მოუვა,

თავდავიწყებით დაიწყებს სრიალს

და ვერც კი იგრძნობს, როგორ უსკდება ფეხისგულები,

ქათქათა, გლუვი მოედანი წითლად როგორ მოვარაყდება.

და როდესაც დაიღლება ამ სიგიჟით, სასოწარკვეთით,

ტემპს დააგდებს, რამდენიმე ნელ წრეს მოუვლის

მოედანს რომ დაემშვიდობოს და ისევ უკან გაემართოს

მყარი მიწისკენ, სადაც არავის ეუბნება,

რომ ყოველღამე სიზმარში ხედავს

შეყვარებულის ქათქათა მკლავებს,

რომ შიშველ ტანზე მხურვალედ ეკვრის

საყვარლის გლუვი, ყინულის ტანი

 

 

 

ყვითელი პრესა

 

ყვითელ პრესას წითელი თვალები აქვს და

ნავარჯიშევი, დაბერილი კუნთები, რადგან

რეგულარულად დადის ფიტნეს-კლუბში.

ყვითელი პრესა ტუჩებს იმსხვილებს, მერე

სქლად ისვამს პომადას და ულტრაიისფერ

სხივებს იღებს წელიწადის ყოველ დროს.

ყვითელ პრესას როცა ეხები, პენოპლასტის

ჭრაჭუნი გესმის, რომელსაც ბავშვები

თოვლად აქცევენ. ყვითელ პრესას თავების

და ლაიქების ფულივით დათვლა უხარია

და ღიმილის დროს ოქროს კბილი მოუჩანს.

 

 

1 2 3 4 5