პირბადე

 

ხალხმრავალ ტროტუარზე, როგორც მოულოდნელი

ინტიმური აქსესუარი – ქალის ბიკინი ან ტანგა –

შავი მაქმანებიანი კოვიდ-პირბადე ეგდო,

ვიღაცის ფაქიზი ხელით შეკერილი, უნატიფესი არშიებით

გაწყობილი, ნამდვილი მისწრება სტილის მოყვარულთათვის.

ვისი უნდა ყოფილიყო ასეთი სილამაზე… ალბათ იმის,

ვინც მტკივნეულად განიცდის სახის დაფარვას,

თავის გრძნობებზე ღიად არტიკულირებს და პანდემიის

მოდას ამკვიდრებს, ვისაც შეუძლია ქუჩაშიც ისე ჰაეროვნად

მოიხსნას ეროტიკული აქსესუარი, როგორც ხეებმა –

ნაცრისფერ ტროტუარზე ჩამოფარფატებული ფოთლები

გრძელი ზამთრის დადგომამდე.

 

 

რკინის ბაბუაწვერა

 

რკინის ბაბუაწვერა

იხსენებს

როგორ გამოიყურებოდა,

როცა იყო შეყვარებული,

როცა ტუჩებთან მიჰქონდათ

და სულს უბერავდნენ…

ახსენდება

თავისი ფაქიზი ბუსუსა ხელებით

როგორ ეფერებოდა,

თავზე ევლებოდა

ამ ერთ ბედნიერ ამოსუნთქვას…

ახსენდება და

ქალაქში ახლახანს დადგმული

ბაბუაწვერას ქანდაკების

ეკლებივით ბუსუსებს დაჰყურებს,

სიცოცხლე რომ უვადოდ გაუხანგრძლივეს,

მაგრამ წაართვეს

ბედნიერების უწონადობა.

 

 

1 2 3 4 5