იმ დილას სამსახურისკენ მიმავალ ბუღალტერ შალვას, როგორც კი ცოლთან ერთად კორპუსიდან გამოვიდა, მარჯვენა ბეჭზე მტრედმა დაასკინტლა. ფულს იშოვი და სიკეთეში მოიხმარო, უთხრა გახარებულმა მეორე ნახევარმა და ლოყაზეც აკოცა. მაგრამ, ქმარი მაინც შეაბრუნა შინ პერანგის გამოსაცვლელად. სამსახურში მისვლისთანავე კი ბუღალტერ შალვას დამ, დიასახლისმა მაყვალამ დაურეკა, მიცვალებულთან ერთად შენი ბინის კართან ვდგავარ და შინ რატომ არ დამხვდიო, უსაყვედურა. საქმე იმაში იყო, რომ ბუღალტერ შალვას ორი დღის წინ დედა გარდაცვლოდა. მიცვალებულს ღამე სახლში ტრადიციისამებრ ჯერ ბუღალტერი შალვას უფროსმა დამ, დიასახლისმა მაყვალამ გაათენებინა, შემდეგ შუათანა დის, მკერავი ციცინოს რიგი მოდიოდა, ბოლოს კი თავად ბუღალტერი შალვასი. მაგრამ, მკერავ ციცინოს ზედა მეზობლისგან წყალი ჩამოსვლოდა. წყალს არა მხოლოდ სააბაზანოს, შემოსასვლელისა და მისაღები ოთახის ჭერიც ჩამოერეცხა, ამიტომ გადაეწყვიტა, სანამ ბინას სასწრაფო წესით მოაწესრიგებდა, მიცვალებული რიგითობის დარღვევით ბუღალტერი შალვას სახლში წაებრძანებინათ; და დიასახლის მაყვალასთვის დაერეკა, დილით დედა ჩვენს ძმას მიუსვენე, მე ზეგისთვის მოვემზადებიო. დიასახლის მაყვალას კი ეს ამბავი ძმასთან უკვე შეთანხმებული გონებოდა და ამიტომ მიადგა კიდეც მას მიცვალებულით გაუფრთხილებლად.

ერთი სიტყვით, ბუღალტერი შალვა უფროსს დაეთხოვა და შინისკენ გაემართა.

დიასახლისი მაყვალა ალალი ქალი იყო, მისი ყოფილი ქმარი ერთ-ერთი ნაყინის ქარხნის დირექტორი გახლდათ (ბუღალტერი შალვაც, მაშინ ახალბედა და მეტად ნიჭიერი სპეციალისტი, სწორედ მან დაასაქმა პირველად თავისთან) და უამრავი საყვარელიც ყავდა, ცოლს კი უდიერად ეპყრობოდა. დიასახლისი მაყვალა ამტკიცებდა, მეუღლეს მაინც ვუყვარვარო და ამის თავადაც სჯეროდა, სანამ ამ ერთი წლის წინ მეორე ნახევარმა მოულოდნელად არ მიატოვა და თავისი შემდგომი ბედი ლამაზ და ახალგაზრდა ქალს არ დაუკავშირა.

განქორწინების შემდეგ დიასახლის მაყვალას საერთო ქონების ნახევარი დარჩა და ეკონომიურად ასე თუ ისე ბედს დიდად არ უჩიოდა.

 

ბინის კართან ბუღალტერ შალვას დიასახლისი მაყვალა, მიცვალებულთა დამტარებელი სერვსის ოთხი უნიფორმიანი მუშაკი და ორგანული მინის გამჭვირვალე კუბო დახვდა. გარდაცვლილს სახეზე ამაყი გამომეტყველება აღბეჭვდოდა და მკაცრიც ჩანდა, არადა, ცხოვრებაში ისიც დიასახლისი მაყვალასავით მოკრძალებული და ხალასი ქალბატონი გახლდათ.

ბუღალტერმა შალვამ სერვისის მუშაკებს კუბო, რა თქმა უნდა, საპატიო ადგილას, მისაღებში დაასვენებინა – სამზარეულოდან მოტანილი ტაბურეტებზე შემოდეს ოთახის შუაგულში. ავეჯის გადაადგილებისას ერთ-ერთი სავარძლის ქვეშ მტვერიანი ორასლარიანი იპოვეს.

_ აი, შემოდგა თუ არა ფეხი მიცვალებულმა, მაშინვე ბედნიერება მოგიტანა! _ განუცხადა ძმას დიასახლისმა მაყვალამ და ლოყაზეც აკოცა. _ შეინახე ეგ კუპიურა და ერთი ათასად მაინც გაგიმრავლდება, ნახავ თუ არა!

ბუღალტერმა შალვამ მიცვალებულთა დამტარებლებს კუთვნილი თანხა გადაუხადა, ხელის გასამრჯელოც უხვად უბოძა, დაიკო კი ლიქიორზე დაპატიჟა. ამ უკანასკნელს ლიქიორი ძალიან უყვარდა და როცა მის მირთმევას გადაწყვეტდა, ლოყები წინასწარ შეეფაკლებოდა ხოლმე. ახლაც ასე მოხდა.

და-ძმამ ჯერ სანთლები დაუნთეს მიცვალებულს, კუბოსთან მისი სულისთვის გულმოდგინედ ილოცეს, ბოლოს სამზარეულოსკენ გაემართნენ.

_ ახლა ერთ ამბავს მოგიყვები და შენც დარწმუნდები, რომ დედამ იქ, ზემოთ, უფალთან შვილებს სიტყვა შეგვაწია! _ კვლავ კომპეტენტური ტონით განაცხადა პირველივე სირჩა ლიქიორის შემდეგ დიასახლისმა მაყვალამ. _ გუშინ საღამოს, როცა დედას სულის საცხონებლად ვლოცულობდი, ჩემი ყოფილი ქმრის ყოფილმა მდივანმა გოგომ დამირეკა და ერთი საიდუმლო გამანდო. ისიც მისი საყვარლების რიგებიდან ყოფილა. ბევრი ხანია შენთან დაკავშირებას და ამ ამბის გამხელას ვაპირებდი, აი, ბოლოს და ბოლოს დღეს გავბედეო… ზოგმა სკეპტიკოსმა შეიძლება თქვას, უბრალო დამთხვევააო, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ოჯახში მიცვალებულის შემობრძანებას სიკეთე მოაქვს, თუკი შენც სიყვარულით დახვდები, რა თქმა უნდა!

_ მაინც რა საიდუმლო გაგანდო, ასეთი? _ დაინტერესდა ბუღალტერი შალვა.

_ განქორწინებისას, მთელი ქონება შუაზე რომ უნდა გაგვეყო, ასი ათასი გადაუმალავს იმ ვაჟბატონს. წინასწარ, ანუ როცა მე ბაიბურშიც არ ვიყავი და ვერც ვხვდებოდი, რომ გაყრისთვის ემზადებოდა, ეგ თანხა დროებით სწორედ იმ მდივანის ანგარიშზე გადაურიცხავს. ხოდა, გოგოც მზადაა პოლიციაში ბიბლიაზე დაიფიცოს, რომ ფული გამოტანის შემდეგ ისევ დაუბრუნა. ასე რომ ყოფილს ახლა ორმაგ ჯარიმას აჰკიდებენ ჩემი და ჩემი შვილების სასარგებლოდ! _ თქვა დიასახლისმა მაყვალამ. _ მოულოდნელობებითაა ეს ცხოვრება აღსავსე!

_ ჭეშმარიტად! _ დაეთანხმა გაოცებული ბუღალტერი შალვა.

_ კიდევ უამრავ რამეს მომიყვა ის მიამიტი გოგო. თურმე, ჩემი ქმარი ქალებს ერთნაირად აბამდა – ყველას საჩუქრად თავის შედგენილ სატრფიალო სიმღერების სიდიდისკს უგზავნიდა, რომელზეც მარკერით ვარდებსა და გულებს ახატავდა. ერთგვარ ახირებადაც ჰქონია. მერე კი, როცა ლოგინში ჩაიწვენდა, ყურში ერთნაირ სააალერსო სიტყვებს ჩასჩურჩულებდა. დაზეპირებული ჰქონია იმ იდიოტს. არადა, ჩემთან ერთხელაც არ მოქცეულა ასე, წარმოგიდგენია?!

_ მდაა! _ გაწელა ბუღალტერმა შალვამ.

_ გამოდის, რომ დაზუთხული საალერსო სიტყვების ღირსადაც არ მთვლიდა ეგ! _ დაიჩივლა დიასახლისმა მაყვალამ.

_ რას იზამ! _ უთანაგრძნო მას ძმამ.

_ დაბეჯითებით გაგიმეორებ, აგერ ნახავ, თუ იმ ორასლარიანმა, სავარძლის ქვეშ რომ ვიპოვეთ, სიკეთე არ მოგიტანოს! _ კიდევ ერთხელ შეახსენა დიასახლისმა მაყვალამ მას.

 

 

 

1 2 3 4 5