მოპარული ტილო სამშობლოში ნაკლებად ცნობილი, სამაგიეროდ მთელს ევროპასა და ოკეანეთა გაღმაც დაფასებული აბსტრაქციონისტი მხატვრის, მხატვარ დურმიშხანის მასწავლებლის ყოფილიყო და „მენეჯერი ქალი“ რქმეოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქურდს ბუღალტერმა ამირანმა ჰკითხა, მენეჯერი ნათელა სად არისო, დამთხვევა მართლაც რომ საოცარი გახლდათ.

ბუღალტერი შალვა ცნობილი გახდა – ბეჭდურ და ელექტრონულ ჟურნალ-გაზეთებშიც გამოაქვეყნეს მისი ფოტო. მადლიერი მხატვარი დურმიშხანი და ბუღალტერი შალვა დამეგობრდნენ კიდეც. მოგვიანებით მხატვარმა დურმიშხანმა ბუღალტერი შალვა და მენეჯერი ნათელაც დახატა. მანამდე კი სხვა, არანაკლებ საგულისხმო ამბები მოხდა.

დაკრძალვის მეორე დღეს, შუადღეს, ბუღალტერ შალვას დეტექტივმა ამირანმა დაურეკა და ბოდიშის მოხდა და გაწეული სამუშაოს ანაზღაურება მოსთხოვა.

_ მეგონა, რომ დამირეკავდით და ბოდიშს მომიხდიდით. თქვენ ორჯერ მომაყენეთ შეურაცხყოფა, ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფულიც დამამცირებლად მომიგდეთ! _ ბრძანა მან.

_ რაო, ფული არ აგიღიათ?! _ გაოცდა ბუღალტერი შალვა – კერძო დეტექტივებზე მაინც და მაინც დიდი წარმოდგენის არ გახლდათ და არც ეგონა, რომ ბატონი ამირანი იმდენად თავმოყვარე აღმოჩნდებოდა, რომ წაკინკლავების შემდეგ ასფალტზე დავარდნილ ორასლარიანს ზედაც არ შეხედავდა.

_ ყველა ზღვარს გადახვედით, ეს უკვე მესამედ მაყენებთ შეურაცყოფას – ვინ მოგახსენათ, რომ ავიღე?! _ გაცოფდა დეტექტივი ამირანი და ტელეფონი გათიშა.

ბუღალტერმა შალვამ დეტექტივს ანგარიშზე პრეისკურანტით გათვალისწინებული თანხა ჩაურიცხა. იმავ საღამოს კი სახლში ეწვია ერთი ქვრივი ქალბატონი მეზობელი კორპუსიდან, რენტგენოლოგი იამზე, ვინც საინტერესო ამბავს მოუყვა: დაბადების დღისთვის მისთვის საჩუქრად ცამეტი წლის შვილს გაფუჭებულის ნაცვლად ფეხის წვივის კუნთების ახალი ადაპტირებული მასაჟორი ეჩუქებინა, და ეთქვა, რომ ფული შინაური მტრედების გაყიდვით იშოვა; რენტგენოლოგ იამზეს პირმშოს ნათქვამი თავიდან დაეჯერებინა, მაგრამ მოგვიანებით ისიც შეეტყო, რომ იმავ დღეს ის მთელი ეზოს ბავშვებს ნაყინითაც გამასპინძლებოდა, რის შემდეგაც თვითონ ხსენებული მტრედები გადაეთვალა და აღმოეჩინა, რომ ყველა ადგილზე იყო; რენტგენოლოგი იამზეს ვაჟიშვილისთვის დაკითხვა მოეწყო, მას კი ეღიარებინა, რომ შემთხვევით შესწრებოდა ბუღალტერ შალვას დეტექტივ ამირანის წაკინკლავებას და მათი წასვლის შემდეგ უპატრონოდ მიგდებული ფულიც დაესაკუთრებინა.

რენტგენოლოგმა იამზემ ბუღალტერ შალვას სთხოვა, დაედასტურებინა ან უარეყო ეს ამბავი:

_ უკაცრავად კი ვარ ამას რომ გთხოვთ, მაგრამ, იმედია გამიგებთ. მთელი დღე სამსახურში ვარ, ჩემი ბიჭი კი ეზოშია, ამიტომ ეჭვი შემეპარა, ცუდ წრეში ხომ არ გაერია და ფულიც უკანანო გზით არ იშოვა-მეთქი. რაღა დაგიმალოთ და, მისი მონაყოლი არადამაჯერებლად მეჩვენა!

ბუღალტერმა შალვამ სტუმარს უყოყმანოდ დაუდასტურა, რომ მისი პირმშო არ ტყუოდა. რენტგენოლოგ იამზეს, ის, რომ შვილს არ მოუტყუებია, ერთის მხრივ გაუხარდა, ხოლო მეორე მხრივ ძალიან დასწყდა გული, რომ მან სხვისი ფული მიითვისა.

_ მე ხომ ჩემს შვილს პატიოსნებითა და პირუთვნელობით ცნობილი მამამისივით ნამუსიან კაცად ვზრდიდი! _ ამოილუღლუღა საკუთარი უმწეობით გათანგულმა და მასპინძელს ორასი ლარი შესთავაზა, მაგრამ ბუღალტერმა შალვამ არაფრის დიდებით არ აიღო.

იმ დღის შემდეგ ბუღალტერი შალვა რენტგენოლოგ იამზეს შვილს დაუმეგობრდა, ჭადრაკიც ასწავლა და ინტერნეტითაც ეთამაშებოდა ხოლმე საღამოობით, ყურადღებას აქცევდა, რომ ის მართლა ცუდ წრეში არ გარეულიყო. ბავშვს მტრედების სიყვარული, რომელსაც დედის ნებართვით გარაჟში აცხოვრებდა, მამისგან გადასცემოდა, რომელიც ავტოკატასტროფაში დაღუპვოდა. ბავშვი ბატონ ამირანს იმაშიც გამოუტყდა, რომ ხატვაც უყვარდა. ამიტომ ბუღალტერმა შალვამ ის კიდევ ერთ ახალ მეგობართან, მხატვარ დურმიშხანთან მიიყვანა, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ბუღალტერი შალვას პროტეჟეს ფერწერის ხალასი ნიჭი ჰქონდა და მაშინვე სრულიად უსასყიდლოდ დაიმოწაფა.

აღმოჩნდა, რომ მენეჯერი ნათელა სულაც არ ყოფილიყო ორსულად და რომ მას თავისი ორსულობაცა და ტესტების დადებითი პასუხიც მოსჩვენებოდა. თავის ცრუ ფსიქოლოგიურ ორსულობაზე ისე ძალიან დასწყდა გული, რომ ქმარი შეზიზღდა, შარს სდებდა – ისე ძალიან გინდა შვილის ყოლა, მაგ შენი უსიტყვო და გამუდმებული საყვედურებით მორალურად მთრგუნავ და მანადგურებო.

ცხრა თვის შემდეგ კი, ბუღალტერმა შალვამ ცოლზე კვლავაც იეჭვიანა, რადგან მას გადატანილი სტრესის შემდეგ უეცრად გაახალგაზრდავების სურვილმა წამოუარა, უფრო თავისუფლად იცვამდა და ერთკვირიან ტატუებსაც იკეთებდა, უმთავრესად ვარდებისა და პეპლების გამოსახულებით – ამბობდა, რომ ყველაზე უფრო ეს, მის სულთან ჰარმონიაში მოსული ნახატები შველოდა სტრესთან ბრძოლაში.

ბუღალტერი შალვა ისევ დეტექტივ ამირანს დაუკავშირდა. მან კი მეორე დღესვე მოახსენა, თუ ვინ იყო მენეჯერ ნათელას საყვარელი – ერთ-ერთი თანამშრომლის ქმარი (სწორედ იმისი, ვისაც მენეჯერმა ნათელამ თავის დროზე სამუშაო მაგიდის უჯრიდან ტესტი აწაპნა), ტატუების ოსტატი, რომლის მიმართ დაუძლეველი სიმპათიები მაშინაც ქონოდა, როცა ბუღალტერმა შალვამ დეტექტივი ამირანი პირველ ჯერზე დაიქირავა.

ცოლ-ქმარი დაშორდნენ.

იმ დროისათვის უკვე ბუღალტერი შალვა რენტგენოლოგ იამზეს შეყვარებოდა რაც სხვა ყოფით საკითხებში წარმოუდგენლად მიამიტ მხატვარ დურმიშხანის თვალს არ გამოპარვოდა. ამ უკანასკნელის წაქეზებით ბუღალტრემა შალვამაც მიაქცია ყურადღება რენტგენოლოგ იამზეს და ბოლოს ხელიც სთხოვა. ბიჭი შეეძინათ და ერთად ბედნიერად იცხოვრეს. მენეჯერი ნათელა კი ტატუების ოსტატის მარადი საიდუმლო საყვარლის როლს სჯერდებოდა.

ბუღალტერი შალვასა და რენტგენოლოგ იამზეს ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ მოულოდნელად აღესრულა დიასახლისი მაყვალა – შუა ზამთარში აგარაკზე წასვლა მოუნდა, იქ კი ღამით გაუმართავმა გაზის გამათბობელმა შეიწირა. მისი ცხედარი ბუღალტერმა შალვამ ერთი დღით სახლში დაასვენა, ცოლთან ერთად მიცვალებულს კუბოსთან სანთლებსაც უნთებდა და ლოცვებსაც უკითხავდა. დაკრძალვაზე კი დეტექტივი ამირანი იხილა – ერთი წლის წინ ეყიდა ახალი ბინა დიასახლისი მაყვალას კარის მეზობლად. ბუღალტერმა შალვამ და დეტექტივმა ამირანმა ერთმანეთს დიასახლის მაყვალას გარდაცვალება მიუსამძიმრეს.

_ სულ სულივით ტკბილი ძმის მზეს იფიცებდა, რას ვიფიქრებდი რომ ის ძმა თქვენ იყავით! _ უთხრა დეტექტივმა ამირანმა ბუღალტერ შალვას. _ ისე კი, თავად დიასახლისი მაყვალა სულ ვიღაცას მაგონებდა და ვერ ვხვდებოდი კონკრეტულად ვის. და ეს მაშინ, როცა, ყოველგვარი მოკრძალების გარეშე შემიძლია განგიცხადოთ, რომ განგებამ ფოტოგრაფიული მეხსიერებით დამაჯილდოვა!

ჭეშმარიტად რომ შეუცნობელ არს გზანი განგებისაო, მიუგო ამაზე ბუღალტერმა შალვამ.

 

 

 

 

1 2 3 4 5