_ ორსულად ვარ! _ გაიმეორა მენეჯერმა ნათელამ. _ ვიცი რომ ამ დროს ტირილი არ შეიძლება, მაგრამ, თავს ვერ ვერევი… მოკლედ, შესვენებაზე გოგოებმა ვიხინკლავეთ. სამსახურში რომ დავბრუნდით, მაღებინა. ხომ არ მოვიწამლე-მეთქი, მაგრამ ისინი, ვინც ჩემთან იყვნენ, თავს კარგად გრძნობდნენ. არ ვიცი, რამ მომოაფიქრა, აფთიაქიდან ტესტი შევუკვეთე და მოტანისთანავე შევემოწმე…

_ შეუცნობელ არს გზანი უფლისანი! _ უნებურად აღმოხდა ბუღალტერ შალვას და სიხარულისგან კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო.

_ რატომ არაფერს ამბობ, საყვარელო?! _ შეშფოთდა ცოლი.

ბუღალტერმა შალვამ ისევ დამუნჯებული იდგა.

_ ალო!.. ალო!.. ალო!.. _ ზედიზედ სამჯერ ისე მიაყვირა მენეჯერმა ნათელამ, მისი ხმა ბუღალტერმა შალვამ უტელეფონოდაც კარგად გაიგონა.

_ მოვქრივარ! _ როგორც იქნა ერთი სიტყვის ამოღერღვა შეძლო ბუღალტერმა შალვამ.

_ რა კარგია! _ გულწრფელად გაუხარდა მენეჯერ ნათელას.

 

ბუღალტერი შალვა დახურულ ტერასაზე, დივანზე წამოწოლილი ცოლის წინ მუხლებზე იდგა და ხელებს უკოცნიდა.

_ მეც ადრე გავნთავისუფლდი სამსახურიდან, თითქოს გულმა მიგრძნო! _ მოიტყუა ბუღალტერმა შალვამ. _ შენ რომ დამირეკე, უკვე სადარბაზოში შემოვდიოდი!

_ მეც თითქოს გულმა მიგრძნო და კარი შიგნიდან ურდულით არ გადამიკეტავს. მართალია, გზად მოძრაობის წესების დარღვევისთვის ორასლარიანი ჯარიმა ავიკიდე, მაგრამ, ეგ აბა რა მოსატანია იმ ბედნიერებასთან, ღმერთმა რომ გამოგვიგზავნა. იმასაც კი ვფიქრობ, მიცვალებულის წყალობაა-მეთქი! _ უთხრა მენეჯერმა ნათელამაც და როგორც იქნა გახსნა მომუჭული ხელი, რომელშიც ქაღალდის ხელსახოცი ჭეროდა.

_ აი! _ თქვა მან და ხელსახოცი ქმარს გაუწოდა. _ ჩვენი მომავალი შვილი დავხატე.

ბუღალტერმა შალვამ ხელსახოცი აიღო და გაასწორა. მასზე ჩვილი ბავშვი ეხატა, თვითონ ნახატი კი ბავშვისვე დახატულს გავდა.

_ ბიჭია თუ გოგო? _ ანგარიშმოუცემლად იკითხა ბედნიერმა მომავალმა მამამ.

_ შენ ხომ სულ ბიჭი გინდოდა, ხოდა, ბიჭია! _ მიუგო მენეჯერმა ნათელამ. _ თავიდან სამსახურის გოგოებისთვის ჩემი ორსულობა არ გამიმხელია, არც მე მჯეროდა პირველი ტესტის შედეგის. მერე ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიქურდე, კადრების განყოფილების გამგეს კიდევ ერთი ტესტი მოვპარე, გამახსენდა რომ სამუშაო მაგიდის უჯრაში ეწყო, წინა დღეს იყიდა სახლში წასაღებად და სამსახურში დარჩა  – სულერთია, ხვალ სანაცვლოდ ათს ერთად ვუყიდი; ჰოდა, სანამ მეორედ თავის დატესტვის საშუალება მომეცემოდა, აღმოვაჩინე, რომ ამ ხელსახოცზე ბავშვი დამიხატავს!

_ მართალი უთქვამს დიასახლის მაყვალას, მიცვალებული ბედნიერებას მოგიტანთო! _ შენიშნა ბუღალტერმა შალვამაც და იქვე მოაგონდა, რომ დეტექტივ ამირანს ის ორასლარიანი მიუგდო, რომელიც, დიასახლის მაყვალას ღრმა რწმენით, მეტად სარფიანი აღმოჩნდებოდა. _ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ცოლი ხარ მსოფლიოში. გინდა ბიჭი გვეყოლოს, გინდა გოგო, ამ ნახატს ჩარჩოში ჩავასმევინებ და…

ბუღალტერ შალვას ენა დაება, რადგან გაახსენდა, რომ მხატვარი დურმიშხანის ბინაში, მისაღებ ოთახში, მაგიდაზე ცარიელი ჩარჩო ეგდო. იქვე ისიც მოაგონდა, რომ ლოყანაიარევ მამაკაცს, რომელიც მხატვარ დურმიშხანის ბინაში იხილა, ხელში გრაგნილი ეჭირა.

_ ქურდი! _ ამოთქვა ბუღალტერმა შალვამ და წამიერი დაფიქრების შემდეგ დარწმუნებულად და უფრო ხმამაღლა დააყოლა: _ მხატვარ დურმიშხანის სახლში ნახატების ქურდი იყო!

ფეხზე წამოხტა.

_ მაპატიე საყვარელო, ახლავე მოვალ! _ მიმართა ცოლს და კარებისკენ გაქანდა.

სულმოუთქმელად ჩაირბინა კიბეები, მხატვარ დურმიშხანის ბინის კართან კი შიშმა დარია ხელი, ვაითუ, ქურდი ისევ ბინაში დამხვდეს და სამზარეულოს დიდი დანით (როგორც კინოებშია) ან სულაც ცეცხლსასროლი იარაღით იყოს შეიარაღებულიო.

_ რა ხდება, საყვარელო, არ მეტყვი? _ მოესმა ზურგსუკან ცოლის ხმა – უკან გამოყოლოდა.

_ აქ შეიძლება ქურდი იყოს! _ დიდის ამბით განაცხადა ბუღალტერმა შალვამ და მხატვარ დურმიშხანის ბინის კარს საჩვენებელი თითი ატაკა. _ მე ის ერთხელ უკვე გავამწარე, და… _ არ დაასრულა მან, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და კარს წიხლიც მიაყოლა.

კარი გაიღო. ბუღალტერი შალვა მიხვდა, რომ ბინაში შესასვლელად გამბედაობა უკვე აღარ ეყოფოდა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, რათა პოლიციაში დაერეკა.

სანამ საჭირო ნომერს აკრეფდა, თანამეცხედრეს გადახედა და ადგილზევე გახევდა, რადგან მოეჩვენა, რომ ცოლის მზერაში გაჩენილი შეშფოთების მიზეზი არა შექმნილი საშიში სიტუაცია, არამედ რაღაც სხვა გახლდათ – კერძოდ, თითქოს მენეჯერ ნათელას ძალიან ეხამუშებოდა ის, რომ მისი ქმარი მხატვარ დურმიშხანის ბინასთან ატუზულიყო.

_ თვალებში შემომხედე და ისე მითხარი!… _ კბილებიდან გამოსცრა ბუღალტერმა შალვამ.

_ რა უნდა გითხრა, საყვარელო? _ დაიბნა მენეჯერი ნათელა.

ეტყობოდა, რომ გულწრფელი იყო. ბუღალტერი შალვა დაუსრულებელი ეჭვიანობის გამო საკუთარ თავზე გაბრაზდა. გაბრაზებული კი იმდენად გამბედავი გახდა, რომ ბინაში შევარდა.

მზად იყო ქურდს შებმოდა, მაგრამ ის არსად ჩანდა. მისაღებ ოთახში მაგიდაზე მიგდებულ ჩარჩოს რომ დახედა, უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა იმაში, რომ იქიდან ქურდს ნახატი ამოეცალა.

 

პოლიციელებმა როგორც კი შეიტყვეს, რომ მხატვარი დურმიშხანის ბინაში ბუღალტერ შალვას მიერ ნანახ მამაკაცს ლოყაზე ნაიარევი ეტყობოდა (სავარაუდოდ უკვე წარბზეც გაუჩნდებოდა, მაშინვე მიხვდნენ ვისთანაც ჰქონდათ საქმე – ცნობილ ბინის ქურდთან. მათი ეჭვი მოწმის გამოკითხვისას შედგენილმა ფოტორობოტმა გაამყარა.

ბუღალტერმა შალვამ სიმართლე დამალა და პოლიციელებს უთხრა, რომ, როცა თავისი ბინისკენ მიემართებოდა, სანამ მხატვარ დურმიშხანის ბინის ერთი წამით გამოღებული კარი საეჭვო სისწრაფით მიიკეტებოდა, უცხო მამაკაცსაც გარკვევით მოჰკრა თვალი, რომელსაც გამომეტყველებაც ასევე საეჭვო ჰქონდა და ლამის შუბლზე ეწერა, რომ ქურდი ბრძანდებოდა.

დამნაშავე მეორე, ბუღალტერ შალვას დედის დაკრძალივს დღესვე დააკავეს. მან აღიარა, რომ ნახატი ერთ-ერთი კოლექციონერის შეკვეთით მოიპარა. კოლექციონერიც ცხელ კვალზე სამხილით გასქვანჩეს.

 

 

1 2 3 4 5