მხატვარი დურმიშხანი ბუღალტერ შალვას ქვედა მეზობელი იყო. ის ბუღალტერ შალვას თვალში არ მოსდიოდა, რადგან, მისი აზრით, მედროვე ადამიანი გახლდათ და თავის დროზე ყველა თაობის მთავრობის მეთაურთა პორტრეტები დაეხატა. მენეჯერი ნათელა კი ამბობდა, იშვიათი ნიჭითაა დაჯილდოვებული, როგორც ნამდვილი ხელოვანი ყოველდღიურ ყოფაში მიამიტია და ამიტომ ყველა პრეზიდენტის უპირობოდ სჯერაო.

მწარე ფიქრებში გართულმა ბუღალტერმა შალვამ მორიგ შუქნიშანთან წითელზე გაიარა. ბორტკომპიუტერზე მაშინვე შეტყობინება მოუვიდა, რომ ამ დარღვევისთვის ორასი ლარით დაჯარიმდა.

_ ესეც შენი ბედნიერი ორასი ლარი! _ მოაგონადა უცებ ბუღალტერ შალვას.

იმავ წამს მობილურით კიდევ ერთი შეტყობინება მიიღო – პარკში მოფსმისთვის კიდევ ორასი ლარით ჯარიმდებოდა. ვიღაცას მისთვის ზემოთ ხსენებულ პროცესში ფოტო გადაეღო და პოლიციაში გადაეგზავნა. მათ კი აღნიშნული ფოტო მტკიცებულების სახით ჯარიმის ელექტრონულ ქვითარს დაურთეს. არადა, ბუღალტერმა შალვამ ხომ პარკის ყველაზე შორი და მოფარებულ ადგილი შეარჩია, რომელსაც სასეირნოდ გამოყვანილი ძაღლები, მოთვინიერებული ენოტები და, ასე განსაჯეთ, შინაურ ციყვებიც კი არ წყალობდნენ. გაცოფებულ ბუღალტერ შალვას ლამის თვალთ დაბნელებოდა, როცა მოძრაობის წესების დარღვევისთვის დამატებით უკვე მესამე ჯარიმაც აიკიდა, მაგრამ, ამჯერად გაცილებით ნაკლები თანხის. კორპუსთან მას დეტექტივი ამირანი დახვდა.

_ თქვენი მეუღლე არც სახლიდან გამოსულა და არც არსად დაურეკავს! _ მოახსენა დეტექტივმა დამქირავებელს.

_ შეიგიძლიათ წახვიდეთ! _ მიუგდო მას გაღიზიანებულმა ბუღალტერმა შალვამ.

_ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მეუღლე სახლში მარტოა, _ ბრძანა დეტექტივმა ამირანმა (ეტყობა, კლიენტებისგან უკმეხ ტონს შეჩვეული გახლდათ და აინუნშიც არ აგდებდა). _ ნება მომეცით ერთი მეგობრული რჩევა მოგცეთ: თუ რამე საეჭვო შენიშნეთ, არაფერი აგრძნობინოთ და არ დააფრთხოთ და… კიდევ, თუ კი ვცდები და თქვენი მეორე ნახევარი სახლში მარტო არ არის, ღალატის ფაქტიც, ასე ვთქვათ, სახეზე აღმოჩნდა, მკვლელობაზე ნუ იფიქრებთ და ნურც, მით უმეტეს, თვითმკვლელობაზე და საერთოდ, ცხელ გულზე ნურაფერს გადაწყვეტთ, დამირეკეთ და მაშინვე კარგ ფსიქოლოგთან დაგაკავშირებთ პირდაპირ ვიდეოზარით!

_ შენ ვინ რას გკითხავს, ბრიყვო?! _ იღრიალა უცებ ბუღალტერმა შალვამ. _ დაახვიე აქედან!

უნებურად ჯიბიდან წინა დილით სავარძლისქვეშ ნაპოვნი ორასლარიანი ამოიღო და დეტექტივ ამირანს მიუგდო.

_ რას კადრულობთ?! _ აღშფოთდა დეტექტივი ამირანი, კუპიურა ჰაერშივე დაიჭირა გაწაფული მოძრაობით, დაკუჭა და ბუღალტერ შალვას მისივე მანერით დაუბრუნა. ორასლარიანი ასფალტზე დავარდა.

_ ფული აიღეთ და აორთქლდით! _ კვლავ შეუტია ბუღალტერმა შალვამ, შეტრიალდა და სადარბაზოში შევიდა.

 

ბუღალტერი შალვა მესამეზე ცხოვრობდა, ლიფტს არ დალოდებია, კიბეებს ფეხით აუყვა, უფრო სწორად, თითო საფეხურის გამოტოვებით კალიასავით მიხტოდა. როგორც კი მეორე სართულის ბაქანზე შედგა, მხატვარი დურმიშხანის ბინის რკინის მოჩუქურთმებული კარი შიგნიდან ვიღაცამ ოდნავ გამოაღო და მაშინვე მიკეტა.

„ჩემი ცოლია!“ – გაუელვა თავში ბუღალტერ შალვას.

საკუთარ თავს უკვე აღარც ეკუთვნოდა. ჰოპო, დაიძახა, კარისკენ ისკუპა, მთელი ძალით შეასკდა (თვალებიდან ნამდვილი ნაპერწკლებიც კი გასცვივდა) და მხატვარ დურმიშხანის ბინაში აღმოჩნდა – იატაკს მთელი ძალით დაენარცხა (ამ დროს თვალებიდან მეორეჯერაც წამოსცვივდა ნაპერწკლები). ფეხზე რომ წამოდგა, იქვე ატუზული, ქერა, ლოყანაიარევი მამაკაცი დაინახა, რომელსაც ხელთ რაღაც გრაგნილი ეპყრა, ცისფერი ნათელი თვალები ჰქონდა, მარჯვენა წარბი კი გასისხლიანებოდა – სავარაუდოდ რკინის კარმა გაუხეთქა, როცა საჭვრეტულში გახედვა მოინდომა, იმის დასადგენად, თუ როდის ჩაივლიდა უეცრად გამოჩენილი ადამიანი.

ბუღალტერი შალვა ცისფერთვალება უცნობს, რომელიც მეტად დაბნეული და შეშინებულიც ჩანდა, გაოცებული მიაჩერდა.

_ წარბი გაგხეთქვიათ! _ უთხრა მას და იქვე დაამატა: _ მენეჯერი ნათელა სად არის?!

_ ვინ?! _ ისე გაოცდა უცნობი, თითქოს მისთვის თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელის საიდუმლოს გათქმა მოეთხოვოთ.

ბუღალტერი შალვა თანდათან გონს მოდიოდა. ის ფაქტი, რომ უცნობი პროტესტს არ გამოთქვამდა წარბის გახეთქვის გამო, ის კი არადა, პირიქით, დამნაშავესავითაც აწურული იდგა, რა თქმა უნდა, უცნაურზე მეტი იყო.

„ნამდვილად აქ იმალება ჩემი ცოლი!“ _ გაიფიქრა ბუღალტერმა შალვამ და პირველივე კარში დურთა თავი. ყველა ოთახი შემოირბინა, კარადებშიც შეიხედა და საწოლის ქვეშაც, მაგრამ ვერავინ ნახა. ერთიანად გაიოფლა. ბოლოს ჭერამდე მაცივარს მიადგა და ისიც კი შეამოწმა.

შემოსასვლელში დაბრუნდა, იქაც არავინ დახვდა. ამჯერად ლოყანაირევი მამაკაცს ეძებდა და ისევ ყველა ოთახი მოიარა. ისევ შემოსასვლელს დაუბრუნდა. ასე ეგონა, საიდუმლოებით მოცული უცნობი რომ ვერ ვნახო, გავგიჟდებიო, კვლავ ოთახებისკენ დაიძრა, მაგრამ შუა გზიდან მიბრუნდა, მხატვარ დურმიშხანის ბინიდან გამოვიდა და კარი მიხურა.

თავისი ბინის კარი დაკეტილი დახვდა. ზარი არ დაურეკავს, კარი თავისი გასაღებით გააღო და პირდაპირ საძინებელს მიაშურა.

საძინებელში არავინ იყო. ყოველ შემთხვევაში კარადაში შეიხედა და საწოლის ქვეშაც – იქაც ვერავინ დალანდა.

_ ეს რა ჯანდაბა ხდება, რომ არსად არავინ არ არის?! _ აღშოთდა კიდეც ბუღალტერი შალვა.

თითქოს ამას ელოდაო, ჯიბეში ტელეფონი აუწკრიალდა – ცოლი ურეკავდა. თვითნაც არ იცოდა რატომ, მაგრამ გულზე მოეშვა.

_ საყვარელო, მალე მოხვალ? _ ჰკითხა მას თანამეცხედრემ.

_ სად უნდა მოვიდე? _ ბუღალტერ შალვას ხმა გაბზარვოდა.

_ სახლში! _ იყო პასუხი. _ მეც სახლში ვარ უკვე!

მენეჯერი ნათელა მოულოდნელად ატირდა.

_ რა მოგდის? _ ჰკითხა ბუღალტერმა შალვამ.

_ ბედნიერებისგან ვტირი! _ მიუგო ცოლმა. _ ორსულად ვარ!

_ რა თქვი?! _ ყურებს არ დაუჯერა ბუღალტერმა შალვამ.

 

 

1 2 3 4 5