სტუმრის წასვლის შემდეგ ბუღალტერმა შალვამ ცოლს, მენეჯერ ნათელას დაურეკა, ამცნო რომ გრაფიკის დარღვევით მიცვალებული მოუსვენეს და სთხოვა სამსახურიდან განთავისუფლებულიყო, რაზეც მან მიუგო, რომ უფროსი უხასიათოდ ბრძანდებოდა და ამიტომ მთელი დღით ვერ დაეთხოვებოდა.

ცოლთან საუბრის შემდეგ ბუღალტერმა შალვამ დედის კუბოსთან ისევ დაანთო სანთლები, ისევ ილოცა და რადგან სხვა საქმე არაფერი ჰქონდა, გადაწყვიტა კომპიუტერში ჭადრაკი ეთამაშა.

კომპიუტერი ჩართო და როცა მისი ეკრანი განათდა, თითქოს თვითონაც გაუნათდა გონება, უფრო სწორად მოაგონდა, რომ ამ ერთი წლის წინ მეუღლის მაგიდაზე იპოვა მეგობრულად მოსაკითხი დახურული ბარათი, შიგნით კი, ორივე გვერდზე ტექსტის ნაცვლად პროფესიონალურ დონეზე სურნელოვანი გაუხუნარი საღებავებით დახატული ვარდი იწონებდა თავს. ბუღალტერ შალვას  ამისთვის მაშინ ყურადღება არც მიუქცევია, არც უკითხავს ცოლისთვის ბარათის წარმომავლობა და მნიშვნელობა. ახლა კი ეჭვებმა შეიპყრო.

მენეჯერი ნათელა ენერგიული და კომუნიკაბელური ქალბატონი გახლდათ. ლამაზიც იყო და ისეთი უზადო კბილები ჰქონდა, რომ ერთხელ ადგილობრივი წარმოების კბილის პასტის სარეკლამო ვიდეორგოლში გადაიღეს, თან იმდენი გადაუხადეს, რომ ბინა სრულად გაარემონტა, ყველანაირი ელექტროტექნიკაც შეცვალა, გარდა ამისა, ქმრისათვისაც და თავისთვისაც ახალი მანქანები შეიძინა. ყველას, და უპირველეს ყოვლისა თავად მენეჯერ ნათელას ეგონა, რომ სხვა რეკლამებშიც გადაიღებდნენ და მის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, მაგრამ, ასე არ მოხდა. ძალზე პოპულარული რეკლამაც კარგა ხნის წინ მიივიწყეს, ხოლო მენეჯერ ნათელას ოცნება, გამხდარიყო ცნობილი უჭკნობი სახე, ოცნებადვე დარჩა.

აქამდე მენეჯერ ნათელას ქმრისთვის ეჭვიანობის სერიოზული საბაბი არასოდეს მიეცა, რისთვისაც ბუღალტერი შალვა მისი დიდად მადლიერი გახლდათ. მენეჯერი ნათელა ხშირად წუხდა იმის გამო, რომ შვილს ვერ აჩენდა, მაგრამ ბუღალტერი შალვა ამშვიდებდა, დარწმუნებული ვარ ღვთის შეწევნით ერთხელაც იქნება დაორსულდები და სუროგატი დედის გარეშეც ვეღირსებით მემკვიდრესო.

 

ეჭვებით შეპყრობილი ბუღალტერი შალვა საღამომდე ხან ერთ ოთახში სცემდა ბოლთას, ხან მეორეში, ხან ტერასაზე და გარდაცვლილ დედაზე უფრო ცოლზე ფიქრობდა.

სამსახურიდან დაბრუნებულმა მენეჯერმა ნათელამ ქმარს ლოყაზე აკოცა – „ჩემი ბუა ბუღალტერიც“ კი უწოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელი დღის განმავლობაში ძალიან მოენატრა და, რომ არა მიცვალებული, ბუღალტერი შალვა ცოლ-ქმრული მოვალეობის ხარისხიანად აღსასრულებლად უნდა მომზადებულიყო. ერთი წამით ბუღალტერ შალვას გული აუჩუყდა, თავისდამოულოდნელად ცრემლებიც კი წასკდა. მენეჯერმა ნათელამ იფიქრა დედას გლოვობსო და მისი დამშვიდება სცადა. ბუღალტერი შალვა კი უარესად აქვითინდა. მოულოდნელად თანამეცხედრეც აყვა.

„მოღალატე ცოლები ასე გულწრფელად არ იზიარებენ ქმრის უბედურებას!“ _ გაიფიქრა ბუღალტერმა შალვამ და გულზე მოეშვა. ცოლს მთელი დარჩენილი საღამო დედაზე უყვებოდა. მენეჯერ ნათელას დედამთილთან დაკავშირებული ისტორიების უმეტესი ნაწილი წინათაც, ცოლ-ქმრობის ადრეულ წლებში არაერთხელ მოესმინა, მაგრამ ახლაც მოთმინებით უგდებდა ყურს მეუღლეს.

ნაშუაღამევს, როცა დასაძინებლად დაწვნენ და ცოლმა ბანჯგვლიან მკერდზე დაადო თავი, ბუღალტერმა შალვამ თავი ბედნიერ მამაკაცად იგრძნო.

დილით ადრე გაიღვიძა, ცოლს ყავა ლოგინში მიართვა და ხელებიც დაუკოცნა.

_ ძალიან მომინდი! _ უთხრა კმაყოფილმა მენეჯერმა ნათელამ. _ მიცვალებული რომ არ გვყავდეს, ლიმონივით გამოგწურავდი!

_ ლიმონივით გამოწურვა ჩემგან უნდა გენახა! _ მიუგო ბუღალტერმა შალვამ.

კუბოსთან დილის სანთლები დაანთეს და ილოცეს, უფალს მიცვალებულის სულის, ხოლო თვითონ მიცვალებულის სულს კი ოჯახის მფარველობა სთხოვეს. ბოლოს მენეჯერმა ნათელამ ყიყლიყოები მოამზადა, ქმარი ასაუზმა (თვითონ დიეტაზე იყო და მხოლოდ ყავაზე გადადიოდა), სტუმარ მიცვალებულს თავის დაკვრით დაემშვიდობა და სამსახურში წავიდა.

ათზე მიცვალებულთა დამტარებლები მოვიდნენ.

 

მკერავი ციცინო მეტად კმაყოფილი ჩანდა იმით, რომ ერთ დღეში ბინის გარემონტება მოასწრო. მიცვალებულთა დამტარებლის გასტუმრების შემდეგ ძმას კონიაკი შესთავაზა. ბუღალტერ შალვას უარი არ უთქვამს. ცოტა მასპინძელმაც გადაკრა, რის შემდეგაც სახეზე ლამის დიასახლისი მაყვალასავით ერთიანად წამოჭარხალდა.

_ ამას წინათ სისულელე ჩავიდინე! _ გამოუტყდა ის ძმას. _ ქმრის პატიოსნებაში ეჭვი შევიტანე და კერძო დეტექტივი დავიქირავე. ორკვირიანი თვალთვალის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩემი მოუმთავრებელი მეუღლე შეუვალად ერთგულია!

დისგან წამოსულ ბუღალტერ შალვას ისევ ეჭვმა დარია ხელი – მკერავი ციცინოს ნათქვამი რაღაც მინიშნებად ჩათვალა. სულ რაღაც ნახევარ საათში თვითონაც დეტექტიურ სააგენტოს დაუკავშირდა. მათ კი დაუყოვნებლივ გამოუგზავნეს ერთ-ერთი მოწინავე, მოხერხებულობითა და საზრიანობით ცნობილი ვიპ თანამშრომელი, დეტექტივი ამირანი.

დეტექტივ ამირანს კოხტა ულვაშები ამშვენებდა და აუღლვებელი კაცი ჩანდა. ბუღალტერმა შალვამ სთხოვა საქმეს დაუყოვნებლივ შესდგომოდა და ცოლის სამსახურის მისამართი მისცა.

თვითონ თავის სამსახურში არ გამოცხადებულა. ბუნების თავგამოდებულ დამცველთა სახელობის პარკში დაბორიალებდა წითელი და თეთრი აგურებით მოკირწლული ბილიკებით, მღელვარებისაგან პირი უშრებოდა და ლამის ყოველ ათ წუთში პარკის ცენტრალურ ნაწილში, შადრევანთან, გაზიანი წყლების ავტომატს მიადგებოდა ხოლმე. ბილიკებზე სიარულისას კი თავისდაუნებურად სულ დეტალურად აგონდებოდა მენეჯერ ნათელას გაცნობისა და პირველი პაემნების, პირველი კოცნისა და პირველი სექსის სცენები.

ორ საათზე როგორც იქნა დეტექტივმა ამირანმა დაურეკა და მოახსენა, რომ მენეჯერმა ნათელამ შესვენებისას ორ თანამშრომელ ქალბატონთან ერთად სახინკლეში ისადილა. როგორც დეტექტივმა ამირანმა მათი საუბრიდან გამოარკვია, ხინკალი ქალბატონებიდან ერთ-ერთს წაეგო, ნაძლევი კი ჰოლივუდის მსახიობი ქალის შუათანა ვაჟის მამის ვინაობას შეეხებოდა. შესვენებამდე კი მენეჯერ ნათელას მხოლოდ ერთი ზარი განეხორციელებინა თავის დასთან, ვისთვისაც რაღაც აბსურდული სიზმარი მოეყოლა და მისი ახსნა ეთხოვა. დას კი ეთქვა, რომ სიზმარი არაფერს ნიშნავდა.

დეტექტივი ამირანი ბუღალტერ შალვას მეორედ დღის ოთხ სათზე დაუკავშირდა და ამცნო, რომ მენეჯერი ნათელა სამსახურიდან დროზე ადრე გამოვიდა, აღელვებული ჩანდა, ჩაჯდა თავის ნარინჯისფერ მანქანაში და სადღაც მიემართებოდა.

„საყვარელთან მიდის!“ _ გაიფიქრა ბუღალტერმა შალვამ და გულთან ჩხვლეტა იგრძნო, დეტექტივ ამირანს კი დაავალა, რომ „ობიექტისთვის“ თვალი არ მოეშორებინა.

ზუსტად ოცდასამი წუთის შემდეგ გაისმა დეტექტივი ამირანის მორიგი სატელეფონო ზარი. მან ბუღალტერ შალვას მოახსენა, რომ „ობიექტმა“ მანქანა კოსმოსში დაღუპულ კოსმონავტთა ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსთან დააყენა, თვითონ კი სადარბაზოში შევიდა.

_ ესე იგი, სახლში მივიდა. დარჩით ადგილზე და განაგრძეთ თვალთვალი ჩემს მოსვლამდე! _ უთხრა დეტექტივ ამირანს ბუღალტერმა შალვამ, რის შემდეგაც ერთ-ერთ ხეს მიადგა და გაზიანი წვენებით გაჭყეპილმა მიაფსა – სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ჰქონდა, რადგან ახლო-მახლო საპირფარეშო არსად იყო.

პარკი ჩქარი ნაბიჯებით დატოვა, მანქანაში ჩაჯდომისას კი კიდევ ერთხელ გაიფიქრა, ცოლი შეიძლება საყვარელს სახლში იღებდესო. იქვე სურნელოვანი საღებავებით დახატული ვარდი მოაგონდა.

_ მხატვარი დურმიშხანი! _ წამოიძახა მან შუქნიშანთან, როცა წითელზე გაჩერდა.

 

 

 

1 2 3 4 5